
,,ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე სტუდენტებთან ინტერაქციული შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მიზანი ძუძუს კიბოს პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და რეგულარული სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება იყო.
სტუდენტებს ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობასა და სკრინინგის პროგრამებზე ესაუბრნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და კომუნიკაციების სამმართველოს წარმომადგენლები - თეონა თოდუა და მარინა თოფურიძე.
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და გაეღრმავებინათ ცოდნა ძუძუს კიბოს დროული გამოვლენისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ.
ღონისძიების ფარგლებში, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე თემატური პერფორმანსიც გაიმართა.
ღონისძიება აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. მის განხორციელებაში ჩართულნი იყვნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ბათუმის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო და ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა.
| უკან |



















