17 ნოემბერი 2023 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებმა ქეთევან მგელაძემ და ჟანა ჩხიკვაძემ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაში „საქართველოს კურორტების მდგრადი განვითარების ტენდენციები და მიდგომები“ მიიღეს მონაწილეობა. ქეთევან მგელაძემ კონფერენციაზე წარადგინა მოხსენება „ხალხურ მედიცინაზე დაფუძნებული კურორტის პერსპექტივები საქართველოში“, ხოლო ჟანა ჩხიკვაძემ - ,,ეკო-მეგობრული სასტუმროების როლი საკურორტო ადგილების განვითარებაში (აჭარის მაგალითზე)“.
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის მიზანი იყო კურორტების განვითარების ხელშეწყობა, სააგენტოსა და საქართველოში აკრედიტირებულ უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოში ჯანმრთელობის ტურიზმისა და კურორტების განვითარებაში სტუდენტების ჩართულობა.
კონფერენციის თემატური მიმართულებები იყო ბალნეოლოგიური, კლიმატური, ველნეს და სპა კურორტები. სესია ასევე ითვალისწინებდა ჯანმრთელობის ტურიზმისა და კურორტების მიმართულებით ინოვაციური მიდგომების დანერგვას კურორტებისა და საკურორტო ადგილების განვითარების სფეროში.
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.