1 დეკემბერი 2025 წელი

ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა: ანა ჩიტაიშვილმა, ჟანა ჩხიკვაძემ და ქეთევან მგელაძემ, კურორტების განვითარების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ მესამე სამეცნიერო კონფერენციაში „საქართველოს კურორტების მდგრადი განვითარება“ მიიღეს მონაწილეობა.
კონფერენციის ფარგლებში წარდგენილ სტუდენტურ თეზისებში აქცენტი გაკეთდა საქართველოს კურორტების მოდერნიზაციაზე, მდგრად განვითარებასა და ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე.
კონფერენცია მიზნად ისახავდა საქართველოს კურორტების განვითარების ხელშეწყობას, სააგენტოსა და საქართველოში აკრედიტირებულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სტუდენტების ჩართულობას საქართველოში ჯანდაცვის ტურიზმისა და კურორტების სამომავლო განვითარებაში.
საქართველოს საკურორტო ინდუსტრიის მომავალი განვითარების შესახებ მოხსენებებით აუდიტორიის წინაშე, ჟიურის მიერ გამოვლენილი საუკეთესო თეზისის ავტორი 21 სტუდენტი წარსდგა.
ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ჩატარდა და მას პროფესორ-მასწავლებლები, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტებიდან 50-მდე სტუდენტი და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.