10 ოქტომბერი 2026 წელი

10-16 ოქტომბერს, Erasmus+ KA171 ICM Program for Academic Staff Mobility პროექტის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ნარგიზ ფალავანდიშვილი და ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ბახტაძე იმყოფებოდნენ პოლონეთის, პოზნანის ფიზიკური განათლების უნივეტსიტეტში (Poznan University of Physical Education - AWF).
ვიზიტის ფარგლებში ეკატერინე ბახტაძემ მასპინძლობის, გასტრონომიისა და სათავგადასავლო ტურიზმის სპეციალობების სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექცია თემაზე : „ტურისტული დანიშნულების ადგილის მარკეტინგი და ბრენდინგი“, რომლის ფარგლებში განხილული იყო პოლონეთის, საქართველოსა და აჭარის ტურისტული პოტენციალი, მათი კონკურენტული უპირატესობები და ტურისტული დანიშნულების ადგილების პოპულარიზაციის სტრატეგიები, ყურადღება ასევე დაეთმო საქართველოს ტურისტული ბრენდინგთან დაკავშირებულ საკითხებს, მარკეტინგული კვლევების მნიშვნელობას ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში, აგრეთვე მასპინძლობის სექტორში მომსახურების ხარისხისა და მომხმარებელთა კმაყოფილების შეფასების მეთოდებს.
შეხვედრების დასასრულს მხარეებმა განიხილეს ქართველი და პოლონელი სტუდენტების მონაწილეობით ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სტუდენტების თეორიული ცოდნის გაღრმავებასა და კვლევითი უნარების განვითარებას, ასევე საქართველოსა და პოლონეთს შორის აკადემიური თანამშრომლობისა და საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას.