ქართული ისტორიული მეცნიერების შესანიშნავი წარმომადგენელი, პროფესორი, უღალატო მეგობარი, კოლეგების თანამდგომი და ტკივილ მოზიარე ჯემალ კარალიძე იუბილარია. მას დაბადებიდან 60 წელი შეუსრულდა. ეს ასაკი სიჭაბუკის დიდი ჯილდოცაა. გილოცავთ ამ დიდ ჯილდოს ბატონო ჯემალ!
ქართული საისტორიო საზოგადოება კარგად იცნობს პროფესორ ჯემალ კარალიძეს. იგი არის 70-ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა და 5 მონოგრაფიის ავტორი, 30-ზე მეტი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის აკადემიური პრემიის ლაურეატი, არაერთი სამეცნიერო საგრანტო პროექტის ძირითადი შემსრულებელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი.
ბატონი ჯემალი საუკეთესო ადამიანური თვისებებითაა შემკული. მეცნიერებაში იგი გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობით. პროფესიით ისტორიკოსს კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ მკვლევარი, მეცნიერების გზაზე დიდი სირთულეების მიუხედავად, მუდმივად სიახლეების ძიებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ისტორია, სხვა მეცნიერებების მსგავსად, მოითხოვს ზუსტ კრიტერიუმებს, ანალიზს, შეფასებას, სადაც რჩება ადგილი საკუთარი მოსაზრებებისთვის. ჯემალი ამ მხრივაც გამორჩეულია. სწორედ ასეთი მიდგომით ხასიათდება მისი ნაშრომები, მათ შორის აფხაზებთან მიმართებაში შესრულებული და მიმდინარე საგრანტო პროექტის ფარგლებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები.
ბატონო ჯემალ! მთელი თქვენი შეგნებული ცხოვრება მომავალი თაობის აღზრდას შეალიეთ. განუზომელია თქვენი წვლილი ნიჭიერი ახალგაზრდების სწავლისა და გზის გაკვალვის თვალსაზრისით. არაერთხელ გვინახავს, როგორ მუშაობთ აბიტურიენტებთან, ბაკალავრებთან, მაგისტრებთან, დოქტორანტებთან, რა დროსა და ენერგიას ახარჯავთ მშობლიურ უნივერსიტეტს. დეპარტამენტსაც განსხვავებულად ხელმძღვანელობთ, ყოველგვარი ზედმეტი სხდომების და თათბირების გარეშე ახერხებთ თქვენს ირგვლივ სულიერი კომფორტის შექმნას. დიდი პასუხისმგებლობით, მონდომებითა და გულისხმიერებით თქვენი ხელმძღვანელობით დაცულია 40-ზე მეტი საბაკალავრო, 20-ზე მეტი სამაგისტრო და 3 სადოქტორო დისერტაცია.
ბატონო ჯემალ, თქვენ განსაკუთრებული იყავით სტუდენტობის დროიდან − ერთდროულად წიგნის მოყვარული, ცოდნის მოყვარული, სუფრის მოყვარული, დინჯი, აუჩქარებელი, მიზანდასახული და მიზანმიმართული. თქვენი ინტელექტით, ინტელიგენტურობით, პრინციპულობით, ტრადიციებისადმი ერთგულებით დეპარტამენტში შემოიტანეთ საოცარი ხიბლი. არაჩვეულებრივი მშობლების არაჩვეულებრივი შვილი განსაკუთრებული სინაზით ეპყრობით საკუთარ შვილებს, მეუღლეს, დედმამიშვილებს, მეგობრებსა თუ კოლეგებს. თქვენში ერთგვარად შერწყმულია ინტელექტი, სოლიდურობა და ფაქიზი იუმორი. თქვენ შეგიძლიათ დაძაბულობა ხუმრობად აქციოთ, გზასაცდენილი სწორ გზაზე დააყენოთ, უღირსი საქციელი ტაქტიანად გაანეიტრალოთ.
ბატონო ჯემალ, თქვენ ბევრი რამის გამო უყვარხართ კოლეგებს, მეგობრებს, სტუდენტებს. პირველ რიგში ობიექტურობისა და მართლის მხარეზე დგომის გამო. ჩვენ კი ყველაზე იღბლიანი ადამიანები ვართ, რომ მოგვეცა თქვენთან მეგობრობის შესაძლებლობა. ყველას არ გაუმართლა ჰყავდეს ისეთი გამგები, სანდო, ყურადღებიანი და მოსიყვარულე მეგობარი, როგორიც თქვენ ხარ.
დაბადების 60 წლის იუბილეს გილოცავთ ბატონო ჯემალ! მომავალი წარმატებებისათვის ყველა სივრცე ღია ყოფილიყოს თქვენთვის. დაე, უამრავი შესაძლებლობა მოგცემოდეთ თქვენი იდეების რეალიზებისათვის, გული მუდამ გქონოდეთ სავსე მზითა და სითბოთი, ეზო-კარში მუდამ ყოფილიყოს ბადიშებისა და ბადიშის ბადიშების ჟრიამული.
იცოდეთ, თქვენ ძალიან ბევრს უყვარხართ!
ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტი
უკან |