
38 წელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ამდენივე წელი უნივერსიტეტისთვის... გაზეთ „ბათუმის უნივერსიტეტის“ კითხვებს რუბრიკის ფარგლებში „უნივერსიტეტელი“, პროფესორი ემზარ მაკარაძე პასუხობს.
_ ბატონო ემზარ, თქვენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მრავალწლიანი თანამშრომლობა გაკავშირებთ. რას ნიშნავს თქვენთვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი?
- ჩემი შეგნებული ცხოვრება, 16 წლის ასაკიდან დღემდე, მთლიანად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს უკავშირდება. სტუდენტობიდან დაწყებული, შემდეგ ლაბორანტიის პოზიციიდან მოყოლებული, თითქმის ყველა საფეხური გავიარე. მიყვარს ყველა და ყველაფერი, რაც ჩემს უნივერსიტეტს უკავშირდება.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩემთვის იმაზე მეტია, ვიდრე მხოლოდ სამუშაო ადგილი - ეს არის ჩემი ცხოვრების მთავარი არსი, პიროვნული ზრდისა და პროფესიული განვითარების გზა. შესაძლებლობების სივრცე,
უნივერსიტეტი ჩემთვის მეორე ოჯახია იმ გაგებით, რომ აქ მყავს ჩემთვის ძვირფასი ადამიანები, კოლეგები; აქ ვგრძნობ თანადგომას, მხარდაჭერას, ურთიერთპატივისცემას; აქ იქმნება ახალი იდეები, იზრდებიან ახალი თაობები და ეს არის ადგილი, სადაც ყოველთვის მომიწევს გული, სადაც მუდამ მომეჩქარება და სანამ შემეძლება, მინდა ბოლომდე ვემსახურო. არასდროს გამჩენია სურვილი, სხვაგან გამომეცადა საკუთარი თავი, სხვაგან წავსულიყავი, მიუხედავდ ბევრი შემოთავაზებისა, მაინც აქ, ამ კედლებში, ვგრძნობ ყველაზე კომფორტულად თავს.
_ რას გვეტყვით თქვენი სამეცნიერო სფეროს შესახებ. რამ იქონია გავლენა, რომ კონკრეტული თემატიკა გამოგეკვეთათ ინტერესის სფეროდ?
- 1992 წელს დავამთავრე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი და მომენიჭა ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის მასწავლებლის კვალიფიკაცია.
1992 წელს მუშაობა დავიწყე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მსოფლიო ისტორიის კათედრაზე, ლაბორანტად.
1994 წელს ჩავირიცხე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში აზიისა და აფრიკის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორიის კათედრაზე. სწავლის პროცესში ჩამოვყალიბდი როგორც აზიისა და აფრიკის და თურქეთის ისტორიის მიმართულების სპეციალისტად.
სწორედ ასპირანტურაში სწავლამ განსაზღვრა ჩემი სამომავლო სამეცნიერო მიმართულებები: თანამედროვე თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა; ახლო აღმოსავლეთის პრობლემები; აზიისა და აფრიკის ქვეყნების ისტორიის საკითხები თანამედროვე ეტაპზე და სხვა.
1998 წლის 25 თებერვალს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „კვიპროსი და ნატო საბერძნეთ-თურქეთის ურთიერთობებში XX საუკუნის 60-80-იან წლებში“ და მომენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მსოფლიო ისტორიაში.
თანამედროვე თურქეთის კვლევა მეტად საინტერესო და მრავალშრიანი სამეცნიერო მიმართულებაა. ეს არის ერთ-ერთი იმ ქვეყნებს შორის, რომელიც გეოპოლიტიკური, ისტორიული, კულტურული და სოციალ-ეკონომიკური თვალსაზრისით განსაკუთრებით რთული და მრავალგანზომილებიანი სახელმწიფოა.
თურქეთის კვლევა მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს: 1. გეოპოლიტიკური მდებარეობა: თურქეთი წარმოადგენს ევროპისა და აზიის გადაკვეთაზე მდებარე სახელმწიფოს, რაც მას სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს. ის ერთგვარ ხიდს წარმოადგენს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის; 2. ისტორიული მემკვიდრეობა: ოსმალეთის იმპერიის მემკვიდრე სახელმწიფოდ ჩამოყალიბებული თურქეთი რთული ისტორიული გარდაქმნების შედეგად წარმოიშვა; 3. კულტურული მრავალფეროვნება: ეთნიკური, რელიგიური და სოციალური თვალსაზრისით მეტად რთული საზოგადოება; 4. პოლიტიკური ტრანსფორმაციები: სეკულარული სახელმწიფოდან დღევანდელ რეალობამდე გავლილი გზა; 5. რეგიონული გავლენა: რეგიონის ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ ჩამოყალიბება.
ამიტომაც დავიწყე ამ მიმართულებით სიღრმისეული კვლევა და უკვე 33 წელია ვეწევი სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
_ თქვენ მაღალრეიტინგულ ჟურნალ „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნეს“ რედაქტორი ხართ. ეს ჟურნალი მკვლევრებისთვის ძალიან კარგი საშუალებაა. რას გვეტყვით თემატიკის ნაირფეროვნების შესახებ?
_ ჟურნალი „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე“ დაარსდა 2018 წელს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ბაზაზე. ჟურნალის მიზანია, სამეცნიერო საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია თანამედროვე სამეცნიერო კვლევების შესახებ ისეთ დარგებში, როგორებიცაა: აღმოსავლეთის ისტორია, პოლიტიკა, დიპლომატია, რეგიონმცოდნეობა, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ეთნოგრაფია, კულტურული ანთროპოლოგია, წყაროთმცოდნეობა, ისტორიოგრაფია, ქრონოლოგია, ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა, აღმოსავლეთის ფილოსოფია, ისტორიული გეოგრაფია, რელიგიის ისტორია და სხვა.
ჟურნალში ასევე ქვეყნდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფორუმის, სიმპოზიუმისა და სხვათა მოხსენებები, სამეცნიერო ექსპედიციების ანგარიშები და რეცენზიები. ჟურნალს ჰყავს საერთაშორისო სარედაქციო კოლეგია.
2023 წლის ზაფხულში, ჟურნალმა „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნემ“, ERIH-PLUS-ის (European Reference Index of the Humanities) ბაზაში წვდომის უფლება მოიპოვა. აქვე აღვნიშნავთ, რომ თუ სტატია შესაბამის სტანდარტებს აკმაყოფილებს, მის გამოქვეყნებას უფასოდ შეძლებს მსურველი.
„აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე“ რვა წლის ისტორიას ითვლის. ამ ხნის განმავლობაში გამოიცა 10 ნომერი. 2023 წლის დეკემბრიდან ჟურნალი ორენოვანია, სტატიები იბეჭდება ქართულ და ინგლისურ ენებზე, რაც წინგადადგმული ნაბიჯია, რათა სამომავლოდ ჟურნალმა უფრო მაღალი ინდექსაციის რეიტინგში დაიკავოს ღირსეული ადგილი.
ჟურნალი „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე“ წარმოადგენს პლატფორმას, რაც იძლევა აღმოსავლეთის კვლევების სიღრმისეული და მრავალასპექტიანი გააზრების საშუალებას.
_ ბატონო ემზარ, თქვენ არაერთი სამეცნიერო საგრანტო პროექტის ავტორი ხართ. რას გვეტყვით ამ კუთხით?
- წლების განმავლობაში აქტიურად ვარ ჩართული ადგილობრივ თუ საერთაშორისო საგრანტო პროექტებში. აღსანიშნავია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰორიზონტ 2020-ის საგრანტო პროექტი - „ცოდნისა და აკადემიური კულტურის გაცვლა ჰუმანიტარულ სფეროში შავი ზღვის რეგიონში“. (XVIII ს. მეორე ნახევარი - XXI ს.). ვიყავი პროექტის ძირითადი შემსრულებელი.
2019 - 2020 წლებში, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ხელშეწყობით, განვახორციელეთ სამეცნიერო კვლევითი პროექტები: „ლაო ჯონჯაუს მოღვაწეობა საქართველოში“ და „ლაო ჯონჯაუს მოღვაწეობა საქართველოში (ინგლისურ-ჩინური თარგმანები), რომელთა ხელმძღვანელიც გახლდით.
ასევე, 2021 წელს საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ხელშეწყობით, განვახორციელეთ სამეცნიერო კვლევითი პროექტი - „ლიოუ ყანდარელ-კუანგვენის ღვაწლი ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობაში“ და აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელიც მე გახლდით.
_ პროფესორ ემზარ მაკარაძის ერთი ჩვეულებრივი დღე...
_ ჩემი ყოველი დღე ღმერთის ლოცვით და მისი მადლიერებით იწყება. ოჯახი და უნივერსიტეტი ჩემთვის ორი განუყოფელი ნაწილია, რაც დიდ ბედნიერებას მანიჭებს. ერთ ბრძენ კაცს ჰკითხეს - რა არის შენთვის ყოველი დღის ბედნიერებაო, - მან საინტერესო პასუხი გასცა. - ბედნიერებაა ის, რომ დილით იღვიძებ ოჯახში და გეჩქარება სამსახურში წასვლა, სამსახურის დასრულების შემდეგ, გეჩქარება ოჯახში დაბრუნებაო.
ჩემი ცხოვრების დიდ ნაწილს ვუთმობ უნივერსიტეტს, სადაც ჩემთვის მნიშვნელოვან და საინტერესო დროს ვატარებ. არ არსებოს დასვენება, შაბათი და კვირა, რომ არ მოვიდე უნივერსიტეტში და არ შევასრულო ჩემზე დაკისრებული მოვალეობა. სტუდენტობიდან მოყოლებული უნივერსიტეტში გატარებული უკვე 38 წელი ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. ოჯახი მაქსიმალურად ცდილობს ყოველი დღე გამიხადოს სახალისო და სასიამოვნო. რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მათ. მადლობა უფალს და ჩემს ოჯახს ამ ყოველდღიური სიხარულისა და ბედნიერებისათვის.
_ როგორც ვიცით, თქვენი ცხოვრების უმთავრესი სიყვარულის ისტორია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს უკავშირდება. რას გვეტყვით ამ კუთხით?
- ჩემი მშობლიური უნივერსიტეტის სიყვარული, რაზედაც ზემოთ ვისაუბრე, გარკვეულწილად იმანაც განაპირობა, რომ სწორედ აქ ვიპოვე ჩემი სიყვარული, რომელსაც დავუკავშირე მთელი ჩემი ცხოვრება და სიყვარულით მოვდივართ დღემდე.
ჩვენი სიყვარულის ისტორია დაიწყო სტუდენტობიდან, 33 წლის წინ, დამამთავრებელ კურსზე ვიყავი, როცა შევნიშნე დერეფანში ერთი ძალიან კარგი გოგო, თუმცა იმ დროს ოჯახის შექმნაზე არ ვფიქრობდი, უბრალოდ მომეწონა და ვაკვირდებოდი. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მუშაობა დავიწყე მსოფლიო ისტორიის კათედრაზე, ლაბორანტად. სწორედ აქედან იწყება ჩვენი სიყვარულის დიდი ისტორია. ყველა წვრილმან დეტალზე არ შევჩერდები (ამ ისტორიას ჩემი მეუღლე უფრო საინტერესოდ ყვება J), მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ, როცა გამოვუტყდი სიყვარულში, პასუხი რამდენიმე კვირის შემდეგ მივიღე. ის მესამე კურსზე იყო, თავს არიდებდა დერეფანში შეხვედრებს, სხვებისთვის თვალში საცემი რომ არ ყოფილიყო, ამიტომ გვქონდა ერთი სქელტანიანი ბლოკნოტი, რომელშიც ვწერდით ყველაფერს, რის თქმაც გვინდოდა. დილით გადავცემდი ბლოკნოტს, მეორე დღეს, დილით, დამიბრუნებდა. ასე გრძელდებოდა თითქმის ერთი წელი. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს ტაქტიკა აირჩია, რადგან ეს ბლოკნოტი დღეს ჩვენთვის ძალიან ძვირფასია, საგულდაგულოდ ვინახავთ, ჯერ არ წაგვიკითხავს ერთად თავიდან ბოლომდე. პირობა გვაქვს დათქმული, შვილიშვილებთან ერთად უნდა წავიკითხოთ. 31 წელი ერთად ვართ, გვყავს ერთი შვილი, რომელმაც სამივე საფეხური ჩვენს უნივერსიტეტში გაიარა. ალბათ, ყველაფერია ნათქვამი, თუ რას ნიშნავს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
_ ბატონო ემზარ, რას ურჩევთ, ეტყვით - ჩვენს სტუდენტობას?
- ჩემმა სტუდენტებმა იციან, რომ ჩემი რჩევა მათდამი არის სიყვარულით, პატივისცემითა და გულწრფელობით სავსე. პირველ რიგში მინდა, რომ იყვნენ კარგი ადამიანები, ჰქონდეთ პატივისცემა სხვა აზრისა და შეხედულებისადმი; ნუ ისწავლიან იმისთვის, რომ მხოლოდ ქულა მიიღონ; სწავლა არის პიროვნული ზრდისა და აღმოჩენების გზა; ჰქონდეთ სიყვარული იმ სფეროსადმი, რომელსაც სწავლობენ; იყვნენ შეუჩერებელი თვითგანვითარებაში; ნუ შეეშინდებათ შეცდომების; ისწავლონ პრიორიტეტების მართვა და ეძიებდნენ ახალ შესაძლებლობებს, რადგან სტუდენტობა სიცოცხლის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი პერიოდია, ამიტომ ისარგებლონ მაქსიმალურად!
_ გთხოვთ, ჩვენი გაზეთის მკითხველს გაუმხილოთ თქვენი სამომავლო გეგმები...
_ ცხოვრებამ ის გამოცდილება მომცა და იმ დასკვნამდე მიმიყვანა, რომ უკვე ბოლო რამდენიმე წელი საერთოდ არ ვფიქრობ ამაზე, არ ვგეგმავ მომავალს, არ ვსახავ გეგმებს, რადგან მახსენდება ერთი ბრძნული გამონათქვამი, „თუ გინდა ღმერთი გააცინო, შენი გეგმები გააცანი“, ჰოდა, რადგან ცხოვრება მოულოდნელობებით სავსეა, ჩვენი გეგმებიც ყოველთვის არ სრულდება და ზოგჯერ ისეც წარმართულა, რომ ჩემ მიერ დაგეგმილს აჯობა იმან, რაც რეალურად მომხდარა, ამიტომ წინასწარ აღარაფერს ვგეგმავ, თუმცა მიზანდასახული ვარ, რადიკალურ ცვლილებებზეც არ ვფიქრობ, რაც გამიკეთებია და რასაც ამჟამად ვაკეთებ, ვაკეთებ გულით, მიყვარს ჩემი საქმე და რაც ჩემზეა დამოკიდებული, არაფერს მივაკლებ, ბოლომდე მინდა დავიხარჯო. რამდენად გამოდის, არ ვიცი.
უკან |