გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

„კაცი, რომელსაც უკან მიხედვის არ ეშინია“ რაჟდენ ფუტკარაძე - 80

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის გამგეობის წევრი და შუახევის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ფაზისის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ,,სამშობლოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი, საპატიო შუახეველი, საპატიო მარეთელი და რაც მთავარია - კარგი ქართველი, ბატონი რაჟდენ ფუტკარაძე 80 წლისაა.

ამბობს, რომ ყოველდღიურ საქმიანობაში, რწმენა ყველაზე მეტად ეხმარება. მტკივნეულად განიცდის, როცა ატყუებენ. გაბრაზებას არასოდეს გამოხატავს ყვირილით. ადამიანს შეცდომას აპატიებს, თუმცა ღალატს - ვერა. „კაცმა ისე უნდა იცხოვროს, დარწმუნებული იყოს, რომ მისი შთამომავლობა ღირსეულად და სამართლიანად ივლის მის ნაკვალევზე. კი ამბობენ ცხოვრება წამიაო, მაგრამ 80 წელიწადი, ჩემი გაგებით, ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი დროა“, - აღნიშნავს გაზეთ „ბათუმის უნივერსიტეტთან“ საუბრის დროს სიტყვაუხვი რესპონდენტი. მიმდინარე წლის 10 ივნისს, იუბილარი ბატონი რაჟდენი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის კაბინეტში, მომავალ იურისტებს ლექციას უკითხავდა. ჭარმაგი პროფესორისთვის საიუბილეო თარიღი მიზეზი არ არის... ბატონო რაჟდენ, გილოცავთ იუბილეს. კიდევ ბევრი თაობა აღგეზარდოთ.

_ დავიბადე 1945 წლის 10 ივნისს, ხულოს რაიონის სოფელ ლომანაურში (შუახევის რაიონი ხულოს რაიონს გამოეყო 1952 წელს).

 80 წლის გადასახედიდან, ჩემ მიერ ცხოვრებაში გადადგმული ნაბიჯები და ოფიციალური ბიოგრაფია ასეთია:

1962: შუახევის რაიონის დღვანის საშუალო სკოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ, ჩავირიცხე ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საღამო განყოფილების პირველი კურსზე და პარალელურად ვმუშაობდი ბათუმის მე-5 სამშენებლო ტრესტის მუშად;

1964: აჭარის განათლების სამინისტროს რეკომენდაციით, როგორც ფრიადოსანი სტუდენტი, დავინიშნე ლომანაურის 8-წლიანი სკოლის მასწავლებლად. პარალელურად სწავლას ვაგრძელებდი დასახელებული უნივერსიტეტის დაუსწრებელ განყოფილებაზე;

1964: ნოემბრის თვეში გამიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში. ვმსახურობდი ბელორუსიაში ჯერ მინსკის ოლქის ქ. ბორისოვში სატანკო სასწავლებელში კურსანტაად, ხოლო 1965 წლიდან ქ. გროდნოში საშუალო ტანკის მძღოლ-მექანიკოსად;

 1966: ამირჩიეს ათასეულის (პოლკის) ე.წ. განთავისუფლებულ კომკავშირის კომიტეტის მდივნად და ბელორუსიის სსრ კომკავშირის ყრილობის დელეგატად;

 1967: აგვისტო-სექტემბრის თვეში მონაწილეობას ვღებულობდი დიდ სამხედრო მანევრებში, რომელშიც მონაწილეობდა ოთხი სამხედრო ოლქი (ბელორუსიის, უკრაინის, რსფსრ-ს და მოლდავეთის). სწავლება თითქმის უთანაბრდებოდა ნამდვილ საომარ ვითარებას. მე, როგორც ტანკის მძღოლ მექანიკოსმა, ტანკით გავიარე 1500 კმ-მდე მარში. ბოლოს სამხედრო პარადი ჩატარდა კიევის სამხედრო აეროდრომზე;

 1967: ნოემბრის თვეში მონაწილეობა მივიღე კინოფილმის ,,Pereklichka” (,,გამოძახება“- სიის ამოკითხვა) გადაღებაში, რომელშიც მთავარ როლს ასრულებდა სსრკ-ის სახალხო არტისტი სერგეი მიხალკოვი. მე სამ ეპიზოდში ვღებულობდი მონაწილეობას: ორ ეპიზოდში მიხალკოვის ნაცვლად ვმართავ ტანკს და ბუნებრივია არ ვჩანვარ, ხოლო ერთ ეპიზოდში ვჩანვარ, როგორც დაჭრილი მეომარი. მე მხოლოდ ერთხელ მაქვს ნანახი ეს ფილმი.

 1967: დეკემბრის თვეში დემობილიზირებული ვიქენი საბჭოთა არმიის რიგებიდან და ერთ კვირაში დავინიშნე შუახევის რაიონის სოფ. სხეფის რვაწლიანი სკოლის ფიზიკა-მაათემატიკის მასწავლებლად;

 1968: ნოემბრის თვეში გადამიყვანეს ჩემს სოფელში - ლომანაურის რვაწლიანი სკოლის ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად;

 1973-1975: აგვისტოს თვეში, როგორც თადარიგის ოფიცერი, კვლავ ორი წლით გამიწვიეს სამხედრო სამსახურში. ვმსახურობდი ქ.ახალციხეში მოტომსროლელი პოლკის ასეულის უფროსის მოაადგილედ პოლიტიკურ დარგში;

 1976: გოგინაურის 8-წლიანი სკოლის ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი. აპრილის თვეში ამირჩიეს დღვანის გაერთიანებული კოლმეურნეობის პარტიული კომიტეტის მდივნად, პარალელურად ვეწეოდი პედაგოგიურ საქმიანობას;

 1977-1984: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საოლქო კომიტეტის რეკომენდაციით, გადამიყვანეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შუახევის რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილედ;

 1984: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით მიმავლინეს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პირველ ფაკულტეტზე ქ.მოსკოვში, სადაც მისაღები გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, გავაგრძელე სწავლა და წარმატებით დავასრულე 1986 წელს; პარალელურად დავიცავი საკანდიდაგტო მინიმუმი;

 1986: შინაგან საქმეთა სამინიტროს რეკომენდციით, აგვისტოს თვიდან საქმიანობა გავაგრძლე შუახევის რაიონული განყოფილების უფროსად.

 1994-1998: პარალელურად ვსწავლობდი და წარმატებით დავამთავრე ბათუმის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი;

 2004: იანვრის თვიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით, გადამიყვანეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ბათუმის ფილიალში ზოგად იურიდიული დისციპლინების ციკლის უფროსად..

 2005-2006: პარალელურად ვმუშაობდი შპს ,,აკადემოკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის იურიდიული აკადემიის იურიდიული მომსახურების ცენტრის - ,, იურვერსის“ დირექტორად, ამასთანავე ვკითხულობდი ლექციებს სისხლის სამართალსა და ადმინისტრაციულ სამართალში;

 2004-2006: იმავდროულად, როგორც მიწვეული ლექტორი, სხვადასხვა სასწავლო დისციპლინაში ვკითხულობდი ლექციებს შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში: ბსუ-ში, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალში(მწვანე კონცხი, დოცენტი), საქართველოს უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალში.

 2006: სექტემბერში ამირჩიეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად;

 2009: სექტემბერში ამირჩიეს ამავე უნივერსიტეტის სრულ პროფესორად;

 2010: ოქტომბერში მომენიჭა ბსუ-ს ემერიტუსის პროფესორის საპატიო წოდება;

 2007-2011: პარალელურად ვმუშაობდი ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის იურიდიულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელად.

 2011 - დღემდე: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ლექტორი.

 გახლავართ ავტორი წიგნებისა:

2001: ტესტები სახელმწიფოსა და სამართლის საფუძვლებში;

2002: საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის საფუძვლები (დამხმარე სახელმძღვანელო);

2004: ადგილობრივი თვითმმართველობა, მისი ინსტუტიციონალური განვითარების თავისებურებები და პერსპექტივები საქართველოში;

20008: ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი, მოკლე კურსი

 (სასწრაფო დახმარება სტუდენტს);

2008: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაცია და ადგილობრივი ადმინისტრაციული წარმოება.

ასევე მომზადებული მაქვს გამოსაქვეყნებლად სალექციო კურსები შემდეგ სასწავლო დისციპლინებში:

  1. შესავალი სამართალმცოდნეობაში;
  2. ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი;
  3. ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი;
  4. მუნიციპალური სამართალი;
  5. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

ჯერჯერობით, გამოქვეყნებას ფინანსური პრობლემების გამო ვერ ვახერხებ.

_ ბატონო რაჟდენ, როგორ შეაფასებდით საკუთარ თავს 80-წლიანი ცხოვრების გადასახედიდან?

 _ უპირველ ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში სევდა ყოველთვის იცვლებოდა ბედნიერებით, სისუსტე - ძლიერით, სიძულვილი - სიყვარულით, ეჭვები კი თავდაჯერებულობად იქცეოდა ხოლმე. ეს ყველაფერი იმ ადამიანების დამსახურებაა, ვისთან ერთადაც მიწევდა ურთიერთობა და საქმიანობა.

 ჩემი განვლილი ცხოვრების გადასახედიდან, გულწრფელად შემიძლია განვაცხადო, რომ უკან მიხედვის ნამდვილად არ მეშინია (ეს სიტყვები ეკუთვნის ჩემი ოჯახის უახლოეს მეგობარს ქალბატონ გულნარა ბასილაძეს, რომელმაც ჩემს 60 წლისთავთან დაკავშირებით ერთ-ერთ რეგიონულ გაზეთში გამოაქვეყნა სტატია სათაურით ,,კაცი რომელსაც უკან მიხედვის არ ეშინია“). არასოდეს გავიფიქრებ, რომ ცხოვრება ფუჭად გამივლია მეთქი. კაცმა არ იცის, ვისთვის რა ვიყავი, ვისთვის რომელი კარი გამიღია, ვისთვის რა შვება მიმიცია, რა უნებლიე სიკეთე დამითესავს, იქნებ და, ჩემს ერთ მცირე გაღიმებასაც კი შვება მიუიცია სხვისთვის, გულში იმედის სხივი ჩამითესავს. ყოველთვის მახსოვდა, რომ ერთ სიტყვასა თუ ღიმილსაც კი შეუძლია ცხოვრების ძირფესვიანად შეცვლა. ჩემი პრაქტიკული ცხოვრებიდან მივედი იმ დასკვნამდე, რომ ,,სიკეთე უკვალოდ არ იკარგება." მიმაჩნია, რომ კაცმა ყოველ ნაბიჯზე უნდა გამოავლინოს ადამიანობა. მე ადამიანობა კი ის მგონია, გასაჭირში მყოფს რომ დაინახავ და დახმარების ხელს გაუწვდი ისე, რომ არც კი დაფიქრდები ვინ არის, სამაგიეროს როგორ გადაგიხდის, ან ემახსოვრები თუ არა... ადამიანობა ის მგონია, გახარებულს რომ დაინახავ ვინმეს და თვალებში შენც სიხარულის სხივი გაგიჩნდება, გული კი არ დაგწყდება, ის რატომ იცინის, როცა მე დარდით მაქვს გული სავსეო... დიახ, მე ადამიანობა ის მგონია, როდესაც ზრუნავ სხვაზე, უფრთხილდები ყველაფერს, რაც შენს ირგვლივაა და ცდილობ უკეთესი გახადო სამყარო. გარკვეულ მკრეხელობად მიმაჩნია, როცა საკუთარ თავზე საუბრობ, მაგრამ ისიც რეალობად მიმაჩნია, რომ თუ გინდა მთლიანად შეიცნო პიროვნება, მას უნდა შეაფასებინო საკუთარი თავი და შენი უფლებაა დაუჯერებ თუ არა. ვინც კარგად მიცნობს, დამერწმუნება, რომ ტყუილის თქმა არ მჩვევია და ამიტომ დაგეთანხმეთ, თვითონ შემეფასებინა გვერდიდან დანახული რაჟდენ ფუტკარაძე. აქვე მინდა შევნიშნო, რომ ჩემი 62-წლიანი უწყვეტი შრომის სტაჟის მანძილზე, სამუშაოს დაწყების თაობაზე შესაბამისი დაწესებულებისთვის განცხადებით არასოდეს მიმიმართავს. ყოველთვის რეკომენდაციის საფუძველზე ვინიშნებოდი ამა თუ იმ პოზიციაზე. მხარს ვუჭერ გამოთქმას: ,,სკამს ნუ ეძებ, თორემ ის დარჩები, რითაც სკამზე ზიხარ“.

ცხოვრებაში არასოდეს მიზრუნია იმისათვის, რომ ვინმეს ვყვარებოდი, იმაზე კი ნამდვილად ვზრუნავდი, რომ არავის არ ვძულებოდი. ალბათ ღმერთმა დამანათლა თვისება მიყვარდეს ის, ვისაც ვუყვარვარ და არ ვმტრობდე იმას, ვისაც არ ვუყვარვარ. ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს მის ყოველ ქმედებაში, ხოლო ქმედებაში ჩადებულია ბევრი ისეთი რამ, რაც შეგნებაში არ არის. ჩემთვის თავისუფლება და პასუხისმგებლობა თანაბრად მნიშვნელოვანია.

 ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში ძალიან მეხმარება რწმენა, რომ არ გაუკეთო სხვას ის, რაც არ გინდა რომ გაგიკეთონ შენ და ,,მოთმინებითა შენითა...“ ძალიან მტკივნეულად განვიცდი პიროვნული ღირსების შელახვას. მტკივნეულად განვიცდი, როცა ვხვდები, რომ მატყუებენ. მტკივნეულად განვიცდი არაკაცურ ურთიერთდამოკიდებულბას და უსინდისობას. თავის მხრივ, ვფიქრობ, გრძნობების ამყოლი კაცი არ უნდა მერქვას. გაბრაზებას არასოდეს გამოვხატავ ყვირილით. ექსტრემალურ სიტუაციაში შესაძლოა ავფეთქდე კიდეც, თუმცა ომშიც (ცხინვალში) და ომთან გათანაბრებულ სამხედრო სწავლებებშიც (1967 წლის აგვისტო-სექტემერი), სიმშვიდე არ დამიკარგავს. მოკლედ, თავს ადვილად ვთოკავ, თუმცა მქონია სიტუაციები, როცა ნერვები ვეღარ მიძლებდა. ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა ვყოფილიყავი უშუალო მეგობრებსა და ახლობლებში. მაგრამ ცუდ გუნებაზე თუ ვიყავი ჩემთან შეხვედრას ერიდებოდნენ შინაურულ წრეში, უცხო პიროვნება კი ჩემს ცუდ გუნებას ვერც კი გაიგებდა. შეცდომას ვაპატიებ ადამიანს, მაგრამ ღალატს ვერა. პირველ რიგში ქვეყნის ღალატს, შემდეგ ოჯახის ღალატს, კაცობის ღალატს და ა.შ. ყოველგვარი ურთიერთობისას ადამიანებთან ვცდილობდი ე.წ. ცხოვრების მაღალზნეობრივი კოდექსით მეხელმძღვანელა.

 ჩემი განვლილი ცხოვრების პერიოდში ყოველთვის ისე ვიქცეოდი, როგორც ინტუიცია მკარნახობდა და სამართლიანად მიმაჩნდა. აქვე აღვნიშნავ, რომ უფლის წყალობით, ინტუიციას ჩემთვის არასოდეს არ უღალატია. ზოგჯერ ისეთ დავალებებს მაძლევდნენ, რომელთა შესრულება კანონსაწინააღმდეგოც იყო და საზოგადოებისათვის საზიანოც, რასაც მე დუმილით ვპასუხობდი და ვმოქმედებდი ისე, როგორც მიმაჩნდა სწორად. მიმაჩნია, რომ საქმე ყოველთვის თავის გამკეთებელს ჰგავს: ან კეთილია, ან ბოროტი, ან გულწრფელი, ან ეშმაკური...

 ჩემი შრომითი საქმიანობისას სასწაულები ნამდვილად არ მომიხდენია, მაგრამ გაბედულად ვიტყვი იმას, რომ ყოველთვის პირნათლად ვასრულებდი ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას. ამ მიმართებით განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს ხელმძღვანელ თანამდებობაზე სამსახური პოლიციაში. უდავოა, რომ აქ თავზე ხელს არავინ გადაგისვამს და არც შენ გაქვს ამის ვალდებულება. დამნაშავეთა სამყაროსთან ლოლიავი დაუშვებელია, მას კანონის ენით უნდა ელაპარაკო. ასევე მოზომილი უნდა იყოს მოსახლეობასთან ურთიერთობა, მით უმეტეს ახლა, როცა ეკონომიურად და სულიერად ბევრს უჭირს. სამუშაოზე რომ ვღებულობდი ახალგაზრდას, ყოველთვის ვეუბნებოდი: შენ კაცი იყავი და პროფესიონალს მე გაგხდი-მეთქი. თუ ჩემს თანამშრომელთაგან ვინმე პროფესიონალი ვერ გახდა, ალბათ, საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, თუმცა ამ მიმართებითაც, ვთვლი, რომ მიზანს მივაღწიე. სამწუხაროდ, დღეს ფასობს პრესტიჟული სამსახური, კარგი მანქანა და არა საქმის ცოდნა და მორალური სიწმინდე, არადა წარმატების საწინდარი ეს ორი ფაქტორია, რომელსაც შრომისმოყვარეობა უნდა მივუმატოთ. სამწუხაროდ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან ოთხივე ხელისუფლებას (ნაკლებად ეხება ეს პირველ და დღევანდელ ხელისუფლებას), ისეთი უინიციატივო, ხელჩაქნეული საზოგადოება ურჩევნია, რომელსაც არასოდეს გაუჩნდება პროტესტის გრძნობა.

მიმაჩნია, რომ ჩემს საქმიანობაში წამატებების მიღწევაში დიდი როლი შეასრულა იმან, რომ ყოველთვის ვიყავი საკუთარ თავში დარწმუნებული და დამოუკიდებელი ადამიანი(თუმცა ეს ,,ბევრს“ არ მოსწონდა). ჩემი პრინციპია ,,მოისმინე ყველას აზრი, მაგრამ გადაწყვეტილება მიიღე ისე, რომლის სისწორეში ეჭვი არ გეპარება“. ვიცი როგორ შეიძლება დავრჩე ძლიერი, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე იმ ადამიანებისათვისაც ვინც მიყვარს და იმ საზოგადოებისათვის, ვისი დაცვაც მევალება. ვიცი რა მსურს ცხოვრებისგან და არ მეშინია მიზნისაკენ სვლა. ერთადერთი რასაც ადამიანისგან ვითხოვ ის არის, რომ გულწრფელები იყვნენ ჩემთან. მე ყველანაირი სიმართლისთვის ვარ მზად. ვცდილობ საინტერესო ადამიანი ვიყო სხვებისთვის. ძალიან მიყვარს სხვებზე ზრუნვა. მხოლოდ კეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოსი მჯერა და მარტივად ვიღებ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. ადამიანებში ადვილად ვიწვევ ნდობასა და სიმპათიებს. ვცდილობ ვიყო გონებამახვილი. ინტუიციური და ცოტაოდენი ,,უცნაურიც“ ვარ, ამიტომ ხშირად არასწორად ესმით ჩემი, რასაც მტკივნეულად განვიცდი.

აქვე მინდა შევნიშნო, რომ ყოველთვის ვცდილობდი მქონოდა საკუთარი სივრცე ჩემი ნიჭის განვითარებისათვის. ზომიერად ვარჩევ ცხოვრების მუქ და ნათელ ფერებს. ვარ ზომიერად კეთილი და მგრძნობიარე, რაც მეხმარება ადამიანებთან ურთიერთობის დამყარებაში. მყავს იმდენი მეგობარი, რამდენთანაც შევძლებ მეგობრული მისიის შესრულებას. მიყვარს მათი ცხოვრების გალამაზება. ვფიქრობ, რომ ადამიანები ჩემს გვერდით მშვიდად და დაცულად გრძნობენ. ყოველდღიურად ვფიქრობდი და ვფიქრობ როგორ გავხდე კიდევ უფრო უკეთესი. მსურს ვიყო საუკეთესო, გამჭრიახი და უნიკალური. ვცდილობ ისინიც კი შევიყვარო, ვისაც არ ვუყვარვარ. სიძულვილით, გულწრფელად ვაღიარებ, რომ არავინ მძულს. ვთვლი, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი ცხოვრება და შენ არ უნდა გახდე დაბრკოლება მის ცხოვრებაში. მარტივად ვიღებ ცხოვრებაში როგორც მოვლენებს, ასევე ადამიანებს. ვარ სტრესგამძლე და იშვიათად ვშფოთავ. ნებისმიერ სიტუაციაში ვარ გაწონასწორებული და მშვიდი. ყოველთვის ვიყავი მოტრფიალე, თუმცა გზიდან არასოდეს არ გადამიხვევია...

ახლა მე იმ ასაკში ვარ, რომ ჭეშმარიტი ცხოვრებისეული დასკვნები უნდა გავაკეთო. კაცმა ისე უნდა იცხოვროს, დარწმუნებული იყოს, რომ მისი შთამომავლობა ღირსეულად და სამართლიანად ივლიან მის ნაკვალევზე. კი ამბობენ ცხოვრება წამიაო, მაგრამ 80 წელიწადი, ჩემი გაგებით, ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი დროა!

_ წინაპრები, მშობლები, ოჯახი...

 _ ძნელია, თავი მოუყარო აზრებს და ისაუბრო მარადიულ სასუფეველში გარდასულ წინაპრებსა და მშობლებზე , რომლებიც შენთვის: რწმენა, სიამაყე, სიმდიდრე და ამაგდარი ადამიანები არიან, რომელთა გახსენება და მოგონებები უსასრულობაში, საუკეთესო გახსენებების და ურთიერთობების მორევში გადაგისვრის, მარადიულად და უდიდესი მონატრებით. სტრიქონებში ძნელია ჩაატიო ის ზღვა ემოცია, რაც ამ გრძნობას აკავშირებს.

 ბაბუა - იუსუფ ფუტკარაძე (1879 – 1958წწ.) ხეობაში ერთ-ერთი წარმოჩენილი პიროვნება გახლდათ. ბებია ადრე გარდაიცვალა(1936 წ.). ჩემი და ჩემი და-ძმების აღზრდაში უდიდესი წვლილი ეკუთვნის ბაბუას. სწორედ მან ჩაგვინერგა ჩვენ შრომისმოყვარეობა, კაცთმოყვარეობა, ღირსებისა და პატიოსნების, სიკეთისა და სამართლიანობის, ბოროტებისადმი შეურიგებლობის, ოჯახისადმი ზრუნვის მაღალი გრძნობები. ბაბუა რომ გარდაიცვალა, 13 წლის ვიყავი. მიზანშეწონილად მიმაჩნია გავიხსენო მისი ორი რჩევა, რომელთა გაუთვალიწინებლობა პრაქტიკულად დადასტურებული მაქვს, რომ ზიანის მომტანი იქნებოდა ჩემთვის. პირველი - მაშინ ვიქნებოდი ალბათ 5 ან 6 წლის (სკოლაში ჯერ მისული არ ვიყავი). ბაბუას ვახლდი კოლმეურნეობის სიმინდის ყანის სათოხნში. როცა ვბრუნდებოდით სახლში და შემოვიარეთ ჩვენს საკარმიდამო ნაკვეთთან, დავინახეთ, რომ ვიღაცას ორჯერ გათოხნილი სიმინდის ორი რიგი ყანის ბოლოდან თავამდე დაეგლიჯა და დაეყარა. ბუნებრივია, ბაბუა გაბრაზდა და ეწყინა, ბოლოს დამშვიდდა და მისთვის ჩაილაპარაკა, ამას ბავშვების გარდა არავინ არ გააკეთებდაო. ეს რომ მოვისმინე, გადავწყვიტე დამედგინა ამ ,,ბოროტების“ ჩამდენი რომელი ბავშვი იყო. დიდი დრო არ დამჭირდა და დავადგინე რომ ეს ჩაედინა ჩემს თანატოლ მეზობლის ბავშვს ვახტანგს. გადავწყვიტე ანგარიშსწორება, მაგრამ ის ჩემზე ძლიერი იყო და ფიზიკურად ვერ მოვერეოდი, ამიტომ შევედი ჩვენი ყანის ახლოს მყოფ მათ ბოსტანში და პირწმინდად გავასუფთავე. დავბრუნდი სახლში და ბაბუას მივახარე, რომ დავადგინე ,,ბოროტმომქმედი“ და თან მოვახსენე ჩემი ,,გმირობის“ ამბავიც. საუბარი დასრულებული არ მქონდა, რომ ბაბუამ ისე მაგრად მცემა, დღემდე არ მავიწყდება. რა თქმა უნდა, მაშინ ბევრი ვიტირე და როცა მოვსულიერდი, ბაბუა მომიჯდა გვერდით, მომეფერა და მკითხა, თუ რატომ ჩავიდინე ეს... ბუნებრივია, მე ვუპასუხე, რომ ვახტანგს ჩვენი სიმინდები რომ არ გაენადგურებინა, მეც ბოსტანში მწვანილებს არ დავგლეჯდი მეთქი. ამის შემდეგ ბაბუამ ჩამისვა კალთაში, მომეფერა და მითხრა: დაიმახსოვრე ბაბუ, კაცმა რამდენი ბოროტებაც არ უნდა ჩაიდინოს შენ მიმართ, ბოროტებით არასოდეს არ უნდა უპასუხოო. მას თუ ბოროტების კეთება არ მობეზრდება, შენ სიკეთის კეთება ნუ მოგწყინდებაო. ამის შემდეგ ბაბუამ წამიყვანა მეზობელთან, რომლებმაც მომხდარი ფაქტების შესახებ არაფერი იცდნენ, ტკბილად ისაუბრეს, მე და ვახტანგი ,,შეგვარიგეს“, ჩაგვახუტეს და მეზობლებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო კარგი გახდა. ამ ამბის შემდეგ, ბაბუამ თავი კიდევ უფრო შემაყვარა და დღემდე ვითვალისწინებ ბაბუას რჩევებს. აქვე მინდა მოგითხროთ ბაბუას კიდევ ერთი რჩევის შესახებ.

გარდაცვალებამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე, ბაბუამ დამსვა მის გვერდით და მესაუბრა სხვადასხვა თემებზე, მომცა რჩევა-დარიგებები. მკაცრად გამაფრთხილა: ბაბუ ჩვენს ჯიშს ,,არამი“ არ მოუდის და მომავალ ცხოვრებაში არამზე ხელი არ წაგცდესო, თან დამემუქრა: თორემ ჩემს დატოვებულ ქონებასაც არამს გიზამო. გულწრფელად მოგახსენებთ, რომ მართლაც ხუთი ლარიც რომ ვიპოვო, ათ ლარს დავკარგავ. ჩემი ბავშვობიდან ყველაზე მკაფიოდ მახსოვს ბაბუას დანაბარები და შეძლებისამებრ ვასრულებ მის ყველა რჩევას. ვარ ამაყი, რომ წილად მხვდა ბედნიერება, ვყოფილივიყავი იუსუფ ფუტკარსაძის შვილიშვილი. მინდა ჩემი წილი მადლობა განსაკუთრებული სითბოთი გავუგზავნო მას იმიერში.

 მამა - ბინალ ფუტკარაძე, დედა - აიშე აბუსელიძე ფუტკარაძისა

ასევე ძნელია ისაუბრო უკვე საუკუნეს გადაცილებულ მშობლებზე (მამა გარდაიცვალა 96 წლის ასაკში, რომელიც 6 წელზე მეტია აღრ გვყავს, დედა კი - 93 წლის ასაკში, რომელც მიებარა სამუდამო სასუფეველს 9 წელზე მეტია) და როცა ანალიზს ვაკეთებ, ვწმუნდები, ბაბუასთან და მშობლებთან ერთად, რა დიდი როლი აქვთ შვილების აღზრდა - ჩამოყალიბებაში და კარიერულ წინსვლაში. წინაპრებისადმი და მშობლებისადამი პატივისცემა, მათი სიყვარული არასდროს განელებულა და პირიქით, რაც ხანში შევდივარ მონატრების, პატივისვემის, სინანულის გრძნობა უფრო მიმძაფრდება. როცა ვიხსენებ მათთან ერთად გატარებულ წლებს, ზოგჯერ გულდაწყვეტილიც ვრჩები,იმის გამო, რომ სიცოცხლეში ალბათ ვერ შევძელი ისეთი პატივი მიმეგო მათთვის, როგორსაც იმსახურებდნენ, ისეთი, როგორიც მათ ეკუთვნოდათ. დღევანდელი ჩემი ასაკის გადასახედიდან ყოველივე ეს უფრო ნათლად ჩანს, ის კი ნამდვილად ვიცი, რომ მათთან მოკრძალებული დამოკიდებულების გამო, ვერ ვიყავი თამამი და ბევრჯერ ვერ ვეფერებოდი, ვერ ვცემდი ისეთ პატივს, როგორის ღირსნიც იყვნენ ჩემი ღვთისნიერი მშობლები.

ისინი მუხლჩაუხრელად შრომობდნენ, მეზობლებსა და საზოგადოებაში უდიდესი პატივისცემით, დამსახურებით და ავტორიტეტით სარგებლობდნენ. იყვნენ პრინციპული და ზოგჯერ შეუვალიც კი. მათი ოჯახში შემოსვლა ჩვენთვის ნიშანი იყო, ფეხზე ამდგარი შევხვედროდით. ჩვენს ოჯახში როგორც ბაბუა, ისე მამა კულტად გვევლინებოდნენ და შვილები, შვილიშვილები, ყოველთვის მოკრძალებული ვიყავით მათ მიმართ.

 როგორც ბაბუას, ასევე ჩემი მშობლების სიტყვას ოჯახში შვილებისთვის კანონის ძალა ჰქონდა - უსიტყვოდ ვიღებდით მათ ნებისმიერ აზრს, რადგან ვიცოდით, რომ ასე იყო სწორი და სასარგებლო ოჯახისათავის. მამა არასდროს მიიღებდა ისეთ გადაწყვეტილებას, ვინმე რომ დაზარებულიყო, მისი რჩევა კი ყოველთვის იყო მისაღები და გასათვალისწინებელი, ამას აკეთებდნენ ჩემი უფროსი და - რუსუდანი, ჩემზე უმცროსი ძმები - ამირანი და ბიჭიკო(ამირანი ტრაგიკულად დაიღუპა 1991 წლის 24 მარტს, ხოლო ბიჭიკო გარდაიცვალა 2018 წლის 7 დეკემბერს, მამის გარდაცვალებიდან 3 თვის შემდეგ).

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩვენს ოჯახში მშობლების ძირითად საზრუნავს ბავშვების აღზრდა - განათლება წარმოადგენდა. მათ თავის დროზე არ მიეცათ სათანადო განათლების მიღების საშუალება, არადა ორივე იყვნენ უნიჭიერესი ადამიანები. მამა ყოველმხრივ ცდილობდა დედასთან ერთად, ეს დანაკლისი ჩვენი სწავლებით შეევსოთ. დედაჩემი გარდა ოჯახური საქმეებისა კოლმეურნეობაში შრომით იყო დაკავებული, ,,სტახანოველის“ წოდება ჰქონდა მიღებული. მამა უფრო მეტად იყო დაკავებული კოლმეურნეობაში - იყო მერგოლური, ბრიგადირი, ფერმის გამგე, ენერგოგასაღების კონტროლიორი. სახელმწიფო ობიექტების დაცვის მუშაკი და ა.შ. ასე რომ ორივე მშობელი გათენნებიდან დაღამებამდე კოლმეურნეობაში შრომით იყვნენ დაკავებულნი და ამოტომაც შვილების აღზრდის მთელი ტვირთი ბაბუას ჰქონდა აღებული. მიუხედავად ამისა შვილებს განსაკუთრებული სითბოთი გვანებივრებდნენ. მათი პირველი რიგის ამოცანა იყო შვილებს გვესწავლა და ცხოვრების გზაზე დავეყენებინეთ, რისთვისაც ყველაფერს აკეთებდნენ და შესძლეს კიდეც. მიუხედავად დუხჭირი ცხოვრებისა ოთხივე შვილს მიაღებინეს უმაღლესი განათლება. შეიძლება ითქვას, რომ კარიერულ წინსვლაშიც მაქსიმუმს მიაღწიეს: და რუსუდანი გახდა რაიკომის მდივანი, რაჟდენი პოლიციის პოლკოვნიკი და პროფესორი, ამირანი - განათლების დამსახურებული სპეციალისტი და ბიჭიკო შორეული ნაოსნობის გემის კაპიტანი.

 მამა საკმაოდ ჭარმაგი და ჯანმრთელი კაცი იყო. კარგად მახსოვს, მხოლოდ ორჯერ იყო ავად. პირველად, როცა ჩემი უმცროსი შვილი ელგუჯა ტრაგიკულად დაიღუპა (2002 წ.) სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს და როცა დედაჩემი გარდაიცვალა (2015 წლის 14 დეკემბერი). მათ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, დედაჩემის გარდაცვალება ძალიან განიცადა, რის გამოც, რამოდენიმე დღე ავადმყოფობდა, მაგრამ საბედნიეროდ მდგომარეობიდან მალე გამოვიდა. დედის გარდაცვალებიდან დაახლოებით სამი წლის შემდეგ - 2018 წლის 7 აგვისტოს უფალმა 96 წლის ასაკში ჩაიბარა მისი კეთილი და ალალმართალი სული. მწამს, რომ მშობლები იმქვეყნიური ცხოვრებიდანაც ზრუნავენ და გვფარველობენ ამიერში.

 უფალ ღმერთს ვთხოვ, მოგვცეს გონება და შესაძლებლობა, ჩვენ: შვილებს, შვილიშვილებს, შვილთაშვილებს, შთამომავლობას, ღირსეულად ვიაროთ წინაპრების, მშობლების გაკვალულ სწორ და ჭეშმარიტ გზაზე.

 დიდი მადლობა მამას და დედას შესანიშნავი ოჯახის შექმნისთვის, შვილების სწორად აღზრდა - ჩამოყალიბებისათვის, მიზანმიმართულ და ჭეშმარიტ გზაზე სიარულისთვის.

პირადად მე, შევეცდები, ჩემს შვილებს, შვილიშვილებს გადავცე წინაპრების, მშობლების ცხოვრების ნათელი გზის და ტრადიციების, კაცურკაცობის შესახებ, რათა მათ იცხოვრონ ჭეშმარიტი ქართული სულიერებით და ადათ წესებით, ისე როგორც იცხოვრეს მათ.

დედმამიშვილები:

და რუსუდანი დაიბადა 1942 წლის 7 მაისს. 1958 წელს წარჩინებით დაამთავრა შუახევის საშუალო სკოლა. ასვე 1965 წელს წარჩინებით დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფია - ბიოლოგიის ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო ჭვანის საშუალო სკოლის ქიმია ბიოლოგიის მასწავლებლად და სასწავლო ნაწილის გამგედ. იქვე ჭვანაში შექმნა ოჯახი, გათხოვდა სოფელ ჭვანაში მცხვრებ ვაჟა ჭაღალიძეზე. მუშაობდა ჭვანის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ, საქაართველოს კომპარტიის შუახევის რაიკომის მდივნად, რაისაბჭოს აღმასკომის მდივნად, შუახევის რაიონის საკრებულოს მდივნად, საიდანაც გავიდა დამსახურებულ პენსიაზე.

ჰყავთ ერთი შვილი გელა და ორი შვლიშვილი

 ძმა ამირანი

 ამირანი დაიბადა 1948 წლის 15 ივლისს სოფელ ლომანაურში. ლომანაურის 8 -წლიანი

სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა დღვანის საშუალო სკოლაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ბათუმის სახელმწიგფო პედაგოგიური ინსტიტუტის მათემატიკის ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ 1970 წლიდან მუშაობდა გოგინაურისა და კვიახიძეების 8 - წლიანი სკოლების მასწავლებლად, დირექტორად, ხოლო13 წელიწადს შუახევის რაიონის განათლების განყოფილების სასკოლო ინსპექტორად. მან მთელი შეგნებული ცხოვრება მომავალი თაობის აღზრდასა და ხალხის სამსახურს მოანდომა, რასაც ახლდა თავაზიანობა, კაცურკაცობა, სიკეთე, სიყვარული, პედაგოგიური ტაქტი და მაღალი ადამიანური გრძნობა. ის იყო უაღრესად მეგობრული, თბილი და უღალატო პიროვნება. იუმორით დაჯილდოებულს ვერასოდეს ნახავდით მოწყენილს. მასთან საუბარი, კამათი, მსჯელობა სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე, თითქოს გვივსებდა სულიერ სამყაროს.

 მოლხენაც არაჩვეულებრივი იცოდა და ქეიფიც. თავისი განუმეორებელი იუმორით გვალამაზებდა და გვახალისებდა. იყო უაღრესად სტუმართმოყვარე. თავის ოჯახშიც მასპინძელი იყო და ოჯახის გარეთაც. ხელგაშლილობაში ვერავინ ვერ ჯობნიდა. საოცარი ბუნებისა და სიკეთით აღსავსე, ოჯახსა და მეგობრებზე უზომოდ შეყვარებული იყო. ვისთანაც სტუმრად შევიდოდა, ყველგან სითბოსა და სიკეთეს ტოვებდა. მისი გამოჩენა ხომ უდიდესი სიხარულის მომგვრელი იყო. მასთან მცირე ხნით შეხვედრაც საკმარისი იყო იმისთვის, რომ მომავალში დიდ მეგობრობაში გადაზრდილიყო. ღმერთის მიერ ბოძებული უდიდესი სითბო და სიყვარული დაყვებოდა თან. მისი ბრძნული დარიგება, ხომ ფასდაუდებელი იყო.

 ამირანი 42 წლის ასაკში უბედური შემთხვევის შედეგად ტრაგიკულად გარდაიცვალა. ამირანის ამ ქვეყნიდან წასვლა მეხივით გავარდა და უდიდესი მწუხარებით მოიცვა დიდი და პატარა, ნაცნობი თუ უცნობი, მტერი თუ მოყვარე. დასაფლავებაზე იმდენი ხალხი მოვიდა, რომ სოფელში ტევა არ იყო. კაცი იყო თუ ქალი, ნაცნობი თუ უცნობი ყველა ტიროდა. ტიროდნენ ისინიც, ვინც მას ერთხელაც არ შეხვედრიან. მაგრამ მისი სახელი მათთვის ღვიძლი ნათესავივით ნაცნობი იყო. სულ რაღაც 42 წელი იყო ამ ქვეყანაზე, მაგრამ ისეთი სიყვარული დაიმსახურა, კაცს ხუთი ცხოვრებაც კი არ ეყოფა ამდენს მიაღწიოს. მან ბრწყინვალე მაგალითი დაგვიტოვა იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვროს კაცმა. სანამ ერთი კაცი იქნება ამ ქვეყანაზე ვისაც მისი სახელი და მისი კარგი კაცობა ახსოვს, ამირანიც იცოცხლებს. ვერც განვლილმა წლებმა და ვერც ცხოვრების ბედის ტრიალმა ვერ გაანელა ის დიდი ტკივილი, რაც ამირანის გარდაცვალებას მოჰყვა.

ძმა ბიჭიკო:

ბიჭიკო ფუტკარაძე დაიბადა 1953 წლის 2 ივლისს სოფელ ლომანაურში. ლომანაურის 8 - წლიანი სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ იმავე წელს სწავლა გააგრძელა ბათუმის საზღვაო სასწავლებელში. ასევე წარჩინებით დაამთავრა ბათუმის საზღვაო სასწავლებელი და მუშაობა დაიწყო საქართველოს საზღვაო სანაოსნოში შორეული ნაოსნობის მატროსად.

 1976 – 1980 წწ. სწავლობდა ნოვოროსიისკის უმაღლეს საზღვაო - საინჟინერო სასწავლებლში.

როგორც გამრჯე და საზღვაო საქმის პროფესიონალს ვადაზე ადრე აწინაურებენ და მალე შორეული ნაოსნობის კაპიტნის თანამდებობაზე დაამტკიცეს. იმ პერიოდში აჭარელთა შორის გემის კაპიტანი იშვიათი მოვლენა იყო. სულ რამდენიმე გემის კაპიტანთა შორის ერთ - ერთი ლომანაურელი ბიჭიკო ფუტკარაძე სერავდა მსოფლიოს ზღვებსა და ოკეანეებს, რაც ჩვენი სოფლისა და საერთოდ ჩვენი მხარისათვის საამაყოა.

 ბიჭიკო, სადაც არ მოღვაწეობდა სწავლაშიც და საქმეშიც, ყველგან პირველი იყო. იყო უაღრესად კეთილი და ერთგული. გააჩნდა მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. თავს გადადებდა და საქმეში ხინჯს არ შეიტანდა.

 ბიჭიკოს ბრწყინვალე მეუღლე - ნუნუ მურვანიძე, ორი შვილი - ბესიკი და ბექა, და ორი შვლიშვილი - იოანე და ნიკოლოზი ჰყავს. ბესიკი დაქორწინებულია ირმა კახიძეზე და ამჟამად

დედასთან, ძმასთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს.

 ბიჭიკო 2018 წლის 5 დეკემბერს მოულოდნელად გარდაიცვალა. ყველლაფერი წარმავალია, ხსოვნაა მარადიული. ძნელია წარსულში მოიხსენიო ადამიანები, ვისგანაც განშორება წარმოუდგენლად მიგაჩნია. თუმცა სამწუხაროდ, ვერაფერს ვცვლით. წავიდა ჩვენგან ბიჭიკო და დაგვიტოვა მოგონებები. დრო ულმობელია, ყველაფერს უკან იტოვებს, მოგონებებს ვერ ერევა მხოლოდ. ბიჭიკო ოთხ და - ძმას შორის ყ ველაზე უმცროსი იყო, მაგრამ ნაადრევმა ულმობელმა სიკვდილმა არ დაინდო. ვერა და ვერ ვიშორებთ ბიჭიკოს ამ წუთისოფლიდან ნაადრევად წასვლით გამოწვეულ სევდას, ისღა გვმატებს ძალას, რომ მისი შვილები და შვილიშვილები ღირსეულად გააგრძელებენ მის მიერ დამკვიდრებულ ტრადიციებს. ვაგლახ, რომ ვერ მოესწრო ტყუპი შვილიშვილების - იოანესა და ნიკოლოზის დაბადებას. უფალმა გაანათლოს მისი სპეტაკი სული.

მედუღლე მარო წულულიძე:

მარო წულუკიძე დაიბადა 1946 წლის 15 ნოემბერს შუახევის რასიონოს სოფელ ტბეთში. პროფესიით პედაგოგია. დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის მათემატიკის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ლომანაურის 8-წლიანი სკოლის მათემატიკის მასწავლებლად, შუახევის რაიონის განათლების განყოფილების ფილმოთეკის გამგედ, დაბა შუახევის ბაგა-ბაღის აღმზრდელად. ამჟამად დამსახურებულ პენსიაზეა.

 შვილები ბადრი, ქეთინო და ელგუჯა:

 ბადრი დაიბადა 1971 წლის 30 მარტს შუახევის რაიონის სოფელ ლომანაურში. მე-9 კლასამდე სწავლობდა შუახევის საშუალო სკოლაში, შემდეგ სალიბაურის სკოლა - ინტერნატში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მსახურობდა სსრკ - ის სასაზღვრო ჯარებში ჯერ იხდიდა სამხედრო ვალდებულებას, შემდეგ გააგრელა სამსახური კონტრაქტით. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გააგრძელა სამსახური საქართველოს სასაზღვრო

სამსახურში, სადაც ამჟამადაც მუშაობს, აქვს მაიორის წოდება. დამთავრებული აქვს ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი და თბილისის სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. ყავს მეუღლე - გუგული ზოიძე და ორი შვილი - თამთა და გიორგი.

 შვილი ქეთინო დაიბადა 1973 წლის 25 იანვარს შუახევის რაიონის სოფელ ლომანაურში. არასრული საშუალო განათლება მიიღო დაბა შუახევის საშუალო სკოლაში. შემდეგ სწავლა გააგრძელა ნოვოსიბირსკის ოლქის ქ. ბერდსკის სამედიცინო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ბათუმის სამედიცინო ეკოლოგიური უნივერსიტეტში, სამკურნალო საქმის სპეციალობით. 2009 წელს დაამთავრა ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტი.

 სამუშაო გამოცდილება: 1991 - შუახევის რაისაავადმყოფოს გინეკოლოგიური განყოფილების უფროსი მედდა; 2001 - შუახევის რაი-საავადმყოფოს ზოგადი პროფილის ექიმი გინეკოლოგიურ კაბინეტში; 2009 -შპს ჰეკატეში ფარმაცევტი. ამჟამად მუშაობს ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციის განყოფილების მედდად და სტომატოლოგიური კლინიკა „ინდიგოს“ ექიმის თანაშემწედ.

 ქეთინოს ყავს მეუღლე გოგი აბულაძე და შვილები: თეა და თორნიკე.

 შვილი ელგუჯა:

ელგუჯა დაიბადა 1977 წლის 12 მაისს დაბა შუახევში. 1996 წელს დაამთავრა შუახევის საშუალო სკოლა და იმავე წელს ეროვნული გამოცდები ჩააბარა საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში გეოლოგიის ფაკულტეტზე. 1997 წელს ეროვნული გამოცდები ჩააბარა პოლიციის აკადემიაში, მიატოვა პოლიტექნიკური უნივერსიტეტი და სწავლა გააგრძელა პოლიციის აკადემიაში. აკადემიის დამთავრების შემდეგ 2001 წლიდან მუშაობა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს შუახევის რაიგანყოფილებაში სისხლის სამართლის სამძებროს ოპერრწმუნებულად. სამსახურის დროს თავი წარმოაჩინა როგორც წარმატებულმა ოპერრწმუნებულმა.

 ამ წუთისოფელმა შვილის დაღუპვის ტრაგედია გვარგუნა ბედად... უდავოდ ძალიან ძნელია იმედგაცრუება, ყოველთვის მეუღლესთან ერთად, ვცდილობთ ჩვენი განვლილი რთული ცხოვრების მიუხედავად სასოწარკვეთილებას არ მივეცეთ, სულ მხნედ და შემართებით ვიყოთ, არავის არ ვაგრძნობინო ჩვენი დარდი და ტკივილი, როგორ გამოგვდის ეს მეორე საკითხია, მაგრამ ვერავინ იტყვის ვინმესთვის გვიღალატია და გვერდში არ დავდგომივართ. რა თქმა უნდა, შესაძლებლობის ფარგლებში..

 შვილიშვილები: თამთა და გიორგი ფუტკარაძეები; თეა და თორნიკე აბულაძეები.

 შვილიშვილი თამთა დაიბადა 1994 წლის 4 აპრილს შუახევის რაიონის დაბა შუახევში. საშუალო განათლება მიიღო ქ.ბათუმის მე - 8 საჯარო სკოლაში. შემდეგ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. ამჟამად სწავლობს რეზიდენტურაში და პარალელურად მუშაობს თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ კლინიკაში ექიმად.

შვილიშვილი გიორგი დაიბადა 2000 წლის 12 თებერვალს შუახევის რაიონის დაბა შუახევში. საშუალო განათლება მიიღო ქ. ბათუმის მე-15 საჯარო სკოლაში. შემდეგ დაამთავრა საქართველოს უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტი, მოიხადა სამხედრო-სავალდებულო ბეგარა და ამჟამად სპეციალობის მიხედვით მუშაობს არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკის ქ. დუბაიში.

შვილიშვილი თეა აბულაძე დაიბადა 1996 წლის 13 ივლისს ქ. ბათუმში, ჯავახიშვილის ქ.#78. საშუალო განათლება მიიღო ბათუმის მე-15 საჯარეო სკოლაში. შემდეგ დაამთავრა შ.რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

შვილიშვილი თორნიკე აბულაძე დაიბადა 2004 წლის 31 ოქტომბერს ქ. ბათუმში, ჯავახიშვილის ქ.#78. საშუალო განათლება მიიღო ბათუმის მე-15 საჯარეო სკოლაში. ამჟამად სწავლობს ბსუ-ს მე-3 კურსზე, ღებულობს ეკონომიურ განათლებას.

_ რჩევები მომავალ თაობას

_ კარგად გაეცნონ ერთი ჩვეულებრივი ქართველი კაცის განვლილ გზას 80 წლის მანძილზე, დადებითს რასაც დაინახავენ მიბაძონ, რაც არ მოეწონებათ გაატარონ, ოღონდ ისე იარონ ცხოვრების ლაბირინთებში, რომ როცა გადახედავენ მათ განვლილ გზებს უკან მიხედვის არ შეეშინდეთ.

_ რაჟდენ ფუტკარაძის ერთი ჩვეულებრივი დღე

_ ჩემი ყოველი დღე იწყება დილის 6:00 საათზე. გაღვიძებისთანავე ვსვამ 400-500 მილიგრამ თბილ წყალს. შემდეგ 15-20 წუთს ვანდომებ დილის გამამხნევებელ ვარჯიშს. საუზმე - 6:30 – 7:00 საათამდე; სუფთა ჰაერზე ფეხით სიარული - 7:00 – 7:30 საათამდე; ახალი ინფორმაციების მოძიება სოციალური ქსელებიდან 7:30 – 8:30საათამდე; მოცემულ დღეს გასაკეთებელი საქმეების ანალიზი - 8:30 – 9:10 საათი; პირველი წახემსება - 9:20 – 9:40 დროის შუალედში; ლექციები მეწყება - 10:00 საათიდან (ლექციები მაქვს კვირაში სამ დღეს); სადილი - 13:00 სთ. მეორე წახემსება - 17:00 სთ; ვახშამი - 19:00 – 19:30 სთ; ფეხით სიარული სუფთა ჰაერზე - 19:30 – 20:00 სთ. ინფორმაციების გაცნობა მასმედიის მეშვეობით - 20:00 – 22:00 სთ. ძილი - 22:00 – 06:00. დეტალები და ზუსტი დრო იმიტომ გაგიმხილეთ, რომ ვინც კარგად მიცნობს დამერწმუნება, ამ განრიგს ძირითადად ვიცავ. წლებია, მივყვები ჯანსაღი ცხოვრების წესს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა