
გაზეთ „ბათუმის უნივერსიტეტის“ რესპონდენტი, ცნობილი მეცნიერი, პროფესორი, საერთაშორისო აღიარების მათემატიკოსი ვლადიმერ ბალაძე გახლავთ. თბილისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების ერთგული მსახურის ბავშვობის წლები, მშობლიურ კუთხეს _ აჭარას უკავშირდება. ნიჭიერი ახალგაზრდა სწავლას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრძელებს. ღვაწლმოსილი მეცნიერი ამბობს, რომ თავისი ქვეყანა მისთვის ყველაზე დიდი საფიცარია. დღეს, ერთ დროს სოფელ გეგელიძეების სკოლის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე, უნივერსიტეტის წარმატებული და თავდადებული მოღვაწეა.
პროფესორ ვლადიმერ ბალაძის მთავარ სამეცნიერო მიღწევად ითვლება ბათუმში ტოპოლოგიის სხვადასხვა მიმართულებების განვითარება და ამ მიმართულებათა კვლევის სკოლის შექმნა. ის ხელმძღვანელობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარს ,,ტოპოლოგიურ სივრცეთა და უწყვეტ ასახვათა კლასიფიკაციები და მათი ალგებრული და გეომეტრიული ინვარიანტები“.
პროფესორი ვლადიმერ ბალაძე ტოპოლოგიაში 100-მდე სამეცნიერო შრომის ავტორი და 50-მდე საერთაშორისო მათემატიკური ფორუმის მონაწილეა. განსაკუთრებულია მისი როლი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებაში. მისი ხელმძღვანელობით მომზადებული და დაცულია მრავალი დისერტაცია. იგი გახლავთ ბათუმის უნივერსიტეტში არაერთი მათემატიკური კონფერენციის ორგანიზატორი.
პროფესორი ვლადიმერ ბალაძე 2005-2006 წლებში მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო- აკადემიურ დარგში რექტორის მოადგილედ, ხოლო 2006-2007 წლებში რექტორად.
პროფესორი ვლადიმერ ბალაძე 2008 წლიდან 2022 წლამდე მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ბატონი ვლადიმერისა და მისი კოლეგების აქტიური მონაწილეობითა და ძალისხმევით მათემატიკის დეპარტამენტი გადაიქცა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მათემატიკურ ცენტრად.
ვლადიმერ ბალაძემ წარჩინებით დაამთავრა სოფელ გეგელიძეების 8-წლიანი სკოლა და ცხმორისის საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ გახდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი.
ღვაწლმოსილი მეცნიერი გაზეთ „ბათუმის უნივერსიტეტს“ სხვადასხვა საინტერესო საკითხზე ესაუბრება.
_ ბატონო ვლადიმერ, გთხოვთ, ჩვენი გაზეთის მკითხველს უამბოთ თქვენი სტუდენტობის წლების შესახებ...
-1969 წელს გავხდი ქვეყნის უპირველესი ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტი. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო პირველი დღე, როცა გაიმართა პირველკურსელებთან საზეიმო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ილია ვეკუა. მე და ჩემს თანაკურსელებს, გვიხაროდა, რომ მოვხვდით იმ ქართულ მათემატიკურ სკოლაში, სადაც ა. რაზმაძის, ნ. მუსხელიშვილის, გ. ნიკოლაძის, ა. ხარაძის, ი ვეკუას, გ. ჭოღოშვილის, ვ. კუპრაძის, ვ. ჭელიძის და სხვათა მიერ განვითარდა მათემატიკის კლასიკური და აბსტრაქტული დარგები. ქართველ მათემატიკოსთა შემდგომმა თაობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული მათემატიკური სკოლის განვითარებაში. ისინი მოღვაწეობდნენ ცნობილ ქართულ მათემატიკურ ცენტრებში: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში, ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში და ლექციებს უკითხავდნენ მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტებს. მე წილად მხვდა პატივი, ვყოფილიყავი მათი სტუდენტი.
ალგებრა-გეომეტრიის კათედრის გამგემ, აკადემიკოსმა გიორგი ჭოღოშვილმა განსაკუთრებული როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. უნივერსიტეტმა ალგებრის, გეომეტრიის და ტოპოლოგიის მიმართულებებში კარგი ცოდნა მომცა. მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ლექციებს მიკითხავდნენ ცნობილი მათემატიკოსები: ა. ხარაძე, გ. ჭოღოშვილი, ვლ. ჭელიძე, ლ. ჟიჟიაშვილი, ი. კიღურაძე, მ. ბაშალეიშვილი, ე. წითლანაძე, ბ. ქარცივაძე, გ. კვინიკაძე, გ. ლომაძე, ა. ჩახტაური, დ. კვესელავა, ნ. ბერიკაშვილი, ხ. ინასარიძე, დ. ბალაძე, ლ. მძინარიშვილი, ლ. ზამბახიძე, ე. ნადარაია და სხვები. აქ ჩამოვყალიბდი მათემატიკოსად. შემდეგ გავხდი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტი. შევასრულე საკანდიდატო დისერტაცია ,,სივრცეთა და კომპლექსთა გამოყოფილ კლასებზე დაფუძნებული განზომილების ინვარიანტები“. ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელები გახლდნენ აკადემიკოსი გიორგი ჭოღოშვილი და პროფესორი ლაზარე ზამბახიძე. სამუშაოდ დავბრუნდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალგებრა-გეომეტრიის კათედრაზე, ვიყავი ასისტენტი, მომენიჭა დოცენტის წოდება, გავხდი პროფესორი. მანამდე კი შევასრულე სადოქტორო დისერტაცია ,,ტოპოლოგიურ სივრცეთა და უწყვეტ ასახვათა რეზოლვენტები და მათი გამოყენებანი სპექტრალურ ჰომოტოპიის თეორიაში’’. დაცვაზე ოპონენტებად მოწვეული იყვნენ საქვეყნოდ ცნობილი მათემატიკოსები: იური სმირნოვი (მოსკოვის უნივერსიტეტი), ვიტალი ფედორჩუკი (მოსკოვის უნივერსიტეტი) და ლეონარდ მძინარიშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი).
_ ბატონო ვლადიმერ, თქვენ ყოველთვის დიდი სითბოთი და სიყვარულით იხსენებთ პროფესორ გიორგი ჭოღოშვილს. გთხოვთ, გაიხსენოთ რამდენიმე საინტერესო მოგონება.
_ ბატონ გიორგისთან ჩემი ურთიერთობა იწყება მეორე კურსიდან, როცა ის გვიკითხავდა ლექციების კურსს ტოპოლოგიაში. მას ძალიან მოეწონა ჩემი მომზადების დონე და საგამოცდო ბილეთის ჩანაწერი, რომელიც ყველა სტუდენტს აჩვენა და დასძინა: აი ასე უნდა წერდეთ და გადმოცემდეთ ტოპოლოგიის მასალას. კიდევ დამატებითი კითხვები დამისვა. პასუხით კმაყოფილმა უმაღლესი შეფასება დამიწერა და მირჩია დამემუშავებინა დამატებითი ლიტერატურა და მევლო დაბალ კურსელთა პრო-სემინარზე, რომელსაც ალგებრა-გეომეტრიის კათედრაზე ატარებდნენ ცნობილი ტოპოლოგი და ალგებრაისტი მათემატიკოსები. აი ასე, გავხდი ალგებრა-გეომეტრიის კათედრის მსმენელი სტუდენტი და მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტი.
მე ყოველთვის ვიყავი ბატონ გიორგის ოჯახის სასურველი სტუმარი. ჩემი გულთბილი მასპინძლები იყვნენ მისი მეუღლე, აღიარებული აღმოსავლეთმცოდნე, აკადემიკოსი მზია ანდრონიკაშვილი, შვილები არჩილი და ლევანი, ცნობილი ბიოფიზიკოსი და მხატვარი. ოჯახში მუდმივად იმართებოდა საუბრები ქვეყნის წარსულზე, მომავალზე და იმჟამად გააქტიურებულ ეროვნულ მოძრაობაზე. ბატონ გიორგის ყოველთვის აინტერესებდა ჩემი აზრი და შეხედულება ისტორიულ საქართველოზე. აღტაცება ვერ დამალა, როცა გაიგო, რომ უზენაესი საბჭოს თავჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ მიმიწვია პრეზიდიუმის სხდომაზე ჩემი შეხედულების სათქმელად.
_ ვიცით, რომ არაერთ სალექციო კურსს უძღვებოდით როგორც თბილისის, ისე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. რომელი კურსები მიგყავდათ?
_ ვკითხულობდი სალექციო კურსებს ტოპოლოგიაში, ალგებრაში, ანალიზურ გეომეტრიასა და გეომეტრიულ-ტოპოლოგიაში. ასევე მიმყავდა სპეციალური კურსები განზომილების თეორიაში, ჰომოლოგიის თეორიაში, რეტრაქტების თეორიაში, შეიპების თეორიაში და ექვივარიანტულ ტოპოლოგიაში იმ სტუდენტებისათვის, ვინც ირჩევდნენ გეომეტრია-ტოპოლოგიის მიმართულებას. ვფიქრობ, ჩემს ყველაზე დიდ მიღწევად ითვლება წლების განმავლობაში ტოპოლოგიის კურსის წაყვანა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის სპეციალობის სტუდენტებისათვის. აღნიშნული კურსი თავდაპირველად მიჰყავდა საქართველოში ტოპოლოგიური სკოლის ფუძემდებელს, აკადემიკოს გიორგი ჭოღოშვილს. შემდგომში მისი თხოვნით და ალგებრა-გეომეტრიის კათედრის გადაწყვეტილებით, მომეცა საშუალება ეს კურსი გამეგრძელებინა.
- თქვენ მოგიხსენიებენ, როგორც ერთ-ერთ წარმატებულ პროფესორს იმათ შორის, ვინც მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ჩვენთან ჩამოდიოდით პედაგოგიური საქმიანობისთვის. როგორ ახერხებდით, არ გიჭირდათ?
_ თბილისის უნივერსიტეტის პარალელურად, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდში, 15 წლის განმავლობაში, 1990-2005 წლებში, პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას აგრეთვე ვეწეოდი ბათუმის უნივერსიტეტში. დიდი სურვილი მქონდა, ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე ბათუმშიც მეკეთებინა. ჩემი ხელდასმით აქ აღიზარდა კარგი ახალგაზრდა მათემატიკოსები. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბათუმის უნივერსიტეტის ცხოვრებაში, დიდი წვლილი შეაქვთ ბათუმში მათემატიკის განვითარებაში. მადლობა ორივე უნივერსიტეტის რექტორებს მხარდაჭერისათვის.
_ როგორ ფიქრობთ, გრძელდება თქვენს მიერ შექმნილი ტოპოლოგიური სკოლის განვითარება ბათუმში?
_ რა თქმა უნდა, გრძელდება. აქ მრავალი ნიჭიერი და დიდი მომავლის მქონე ახალგაზრდა მათემატიკოსები გვყავს და ისინი წარმატებით აგრძელებენ ჩემს მიერ დაწყებულ საქმეს. ჩემი მეცნიერული მოღვაწეობაც ამის დასტურია. შევეცადე ბათუმში შემექმნა სამეცნიერო სკოლა, რომელიც უზრუნველყოფდა ტოპოლოგიის განვითარებას.
_ როგორც ვიცით, თქვენ ხართ პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელოს ავტორი ტოპოლოგიაში. როგორ იქმნებოდა ეს წიგნი?
_ სახელმძღვანელო ,, ტოპოლოგია’’ დაეფუძნა იმ ტოპოლოგიურ სალექციო კურსებს, რომლებსაც მე წლების განმავლობაში ვკითხულობდი თბილისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. მიხარია, რომ ჩემი დიდი მასწავლებლის თხოვნა -შემექმნა სახელმძღვანელო ტოპოლოგიაში, შევასრულე. ეს წიგნი მიეძღვნა ბატონ გიორგი ჭოღოშვილს, მის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
_ რას ურჩევთ ახალბედა კოლეგებს?
_ ჩემს მოსწავლეებს ვურჩევ აქტიურ სამეცნიერო მუშაობას. დიდი შრომის შედეგად იქმნება საინტერესო სამეცნიერო შედეგები და ვითარდება მათემატიკური თეორიები. ასე ვიყავი მეც, აქტიურმა სამეცნიერო საქმიანობამ და დოქტორანტებთან მუშაობამ, მომიტანა წარმატებები.
_ ბატონო ვლადიმერ, თქვენ ახსენეთ დიდი მეცნიერი ილია ვეკუა. გთხოვთ, გაიხსენოთ მასთან დაკავშირებული მოგონებები.
-ბატონი ილია ვეკუა მსოფლიოში აღიარებული მათემატიკოსი გახლდათ. მისი რექტორობის პერიოდში უნივერსიტეტი გადაიქცა ცნობილ, საერთაშორისო აღიარების სამეცნიერო კერად. სტუდენტებს გვიხაროდა მისი გამოჩენა ჩვენს ფაკულტეტზე. მახსოვს, მათემატიკის მისაღებ გამოცდაზე მოვიდა, გვერდზე ჩაიარა, ჩემს ნამუშევარს შეხედა და გამიღიმა. მომეცა ძალიან დიდი ძალა და რთული ამოცანაც ამოვხსენი.
_ რას ნიშნავს თქვენთვის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი?
-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უდიდესი სამეცნიერო ტაძარია. უნივერსიტეტმა მომცა ყოველივე საუკეთესო, რაც ჩემშია, ცოდნაც და ეროვნული სულიც, გამზარდა ქვეყნის პატრიოტ და ეროვნული მრწამსის მქონე მოქალაქედ.
_ თქვენ, რამდენიმე ათეული წელია, უმაღლეს სასწავლებლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობას უძღვებით. გთხოვთ, შეადაროთ მაშინდელი და ახლანდელი სტუდენტობა...
_ ჩვენს ქვეყანას ყველა დროში ჰყავდა ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა. განათლების სისტემის დაგეგმილმა ადრინდელმა რეფორმამ ახლანდელ თაობას შეუქმნა გარკვეული პრობლემები. ბათუმის უნივერსიტეტს არ მოსწონდა რეფორმების ეს კურსი და ვცდილობდით მოგვეძებნა ის მიდგომა, რაც ხელს შეუწყობდა რეფორმის წარმატებით, უმტკივნეულოდ განხორციელებას. ასეთი ცვლილებების გატარების აუცილებლობაში ჩვენ გვარწმუნებდა თბილისის უნივერსიტეტის ცნობილ რექტორთა მოღვაწეობის ისტორია. ახლა კი მდგომარეობა იცვლება. მჯერა ყველაფერი გამოსწორდება.
_ როგორია პროფესორ ვლადიმერ ბალაძის ერთი სამუშაო დღე?
_ ვეცნობი ახალ სამეცნიერო მიღწევებს. საინტერესო ამოცანებს ვაცნობ ჩემს სტუდენტებს და დოქტორანტებს, ვკითხულობ ლექციებს და ვატარებ სპეციალურ სემინარებს.
_ დღეს, ამდენი წარმატებისა და აღიარების შემდეგ, რას ნიშნავს თქვენთვის მშობლიური გარემო - გეგელიძეები და ბალაძეები ?
_ მშობლიური გეგელიძეები და ბალაძეები ჩემთვის ყველაზე საყვარელი გარემოა. ძალიან ბევრი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს ამ სოფლებთან. ჩემი და ჩვენი წინაპრების მშობლიურ სოფლებთან. მეამაყება, რომ ჩემი წინაპრები ბალაძეებთან მიმდებარე თამარის ხიდის მშენებლები იყვნენ, მონაწილეობდნენ ზარზმის ეკლესიის აგებაში, გალობდნენ ამ ეკლესიაში. ბალაძეთა ერთ შტოს, რომელიც გურიაში გადავიდა მგალობლებად, მგალობლიშვილებად არიან ცნობილი. მგალობლიშვილების ერთი ნაწილი გურიიდან ქართლში გადასახლდა და იქ ეწეოდნენ სასულიერო მოღვაწეობას. სწორედ მათი შთამომავალია ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე სოფრომ მგალობლიშვილი. მე საამაყო წინაპრები მყავდა. ამიტომაც ვცდილობ ღირსეულად ვიარო მათ მიერ გაკვალულ გზაზე.
ბევრი სასიამოვნო მოგონება უკავშირდება სკოლას. ერთხელ, კვირა დღეს, სკოლის ეზოში ფეხბურთს ვთამაშობდით, თამაშის შემდეგ დაღლილი ბიჭები ავედით სკოლის შენობის სხვენში. იქ ინახებოდა სასკოლო ჟურნალები. მესამე კლასის ჟურნალში წავიკითხე ქართული ენისა და ლიტერატურის შესანიშნავი პედაგოგის მ. კეკელიძის შეფასება ჩემი წლიური მუშაობის შესახებ: ,, სკოლის პედაგოგიური კოლექტივი თვლის, რომ ვლადიმერ ბალაძე უეჭველად გახდება ქვეყნის ცნობილი და წარმატებული მოღვაწე’’.
მახსოვს, თბილისის სკოლების მუშაობის გამოცდილების გასაცნობად მივლენილმა ისტორიის ცნობილმა პედაგოგმა მ. სირაბიძემ ჩვენს კლასს აუწყა: ,,მრავალი სკოლის კლასების მუშაობას გავეცანი, მაგრამ ვერ ვნახე ვლადიმერის დონის მოსწავლე’’.
ერთხელ ჩვენმა სკოლამ გამართა კონცერტი თანასოფლელთათვის. კონცერტზე ერთ-ერთი წარმოდგენა იყო ილია ჭავჭავაძის ,, კაკო ყაჩაღი’’. კონცერტის შემდეგ სიტყვით გამოვიდა ცნობილი პედაგოგი და ჩვენი სკოლის თვალსაჩინო დირექტორი ი. ნიჟარაძე, რომელმაც თქვა: ,,მოხუცის როლის შემსრულებელი ვლადიმერი, დარწმუნებული ვარ, გახდება ცნობილი და აღიარებული პროფესორი’’.
ისიც მინდა ვთქვა, რომ ი. ნიჟარაძემ დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემს უნივერსიტეტელ მასწავლებლებზე. საკანდიდატო დისერტაციის დაცვისას მისმა წარმოთქმულმა სიტყვამ ყველა აღაფრთოვანა. აკადემიკოსმა გიორგი ჭოღოშვილმა კი, მას და ჩვენს სკოლას საჩუქრად გამოუგზავნა საინტერესო წიგნები სასკოლო ბიბლიოთეკისთვის.
ჩემი სოფელი ცნობილია მთელ საქართველოში. იგი დიდი ქართველი პოეტის, სამშობლოს ერთგული და თავდადებული მსახურის, ფრიდონ ხალვაშის სოფელია. სოფელს ყოველთვის ამშვენებდნენ ღირსეული ოჯახები, სადაც იზრდებოდა ნიჭიერი თაობები, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ქვეყნის ცხოვრებაში. სოფელს ჰყავს ღირსეული მეცნიერები, პედაგოგები, ინჟინრები, ეკონომისტები, ექიმები, კინორეჟისორი და მხატვარი.
ჩემი ცხოვრების გზები და ბილიკები გეგელიძეებიდან დაიწყო. ყველგან, სადაც მივდიოდი, მივდიოდი, როგორც ბალაძეების, გეგელიძეების და საქართველოს შვილი. ჩემი დიდი მასწავლებელი ყოველთვის მთხოვდა, რომ ყველა საერთაშორისო მათემატიკურ შეხვედრაზე ვყოფილიყავ ჩემი ქვეყნის ღირსეული დესპანი, სანიმუშო მეცნიერი, ქართველი კაცის საამაყო განსახიერება. ეს შენ შეგიძლია, ამით უფალმა დაგაჯილდოვა. ყოველთვის დაინტერესდი შენს ქვეყანასთან დაკავშირებული უცხოური ისტორიული წყაროებით და მასალით.
კარგად მახსოვს, ერზრუმის უნივერსიტეტში სტუმრობისას, ლექცია წავიკითხე პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის ტოპოლოგიაში. ლექცია წარმატებული გამოდგა. ბედნიერად ვიგრძენი თავი, როცა ჩემთან მოვიდნენ ტაო-კლარჯეთელი სტუდენტები და მითხრეს, ჩვენ ვართ ქართველები, გვიყვარს საქართველო, აქ მოდიოდა ულამაზესი ქართველი ქალი თამარი (ალბათ, მეფე თამარი!). მე გავიხარე და გამახსენდა ბატონ გიორგის დანაბარები სამახსოვრო სიტყვები.
ასე იყო 1992 წელს, პარიზის ევროპის მათემატიკოსთა პირველ კონგრესზე, სადაც კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მივიღეთ სამმა ბალაძემ- დურსუნ და ემზარ ბალაძეებმა და მე. დასამახსოვრებელი იყო ლევილის ქართველთა დასახლებისა და სასაფლაოს ნახვა, შეხვედრა პარიზელ ქართველებთან ეკლესიაში წირვაზე, პარიზის ქართველთა სახლში ცნობილ ანსამბლთან ,,ქართული ხმები’’, ტაო-კლარჯეთიდან ემიგრირებულ ქართველებთან და კონგრესის მონაწილე მათემატიკოსებთან. გაოცებული ვიყავით მოწვეული ფრანგი სტუმრების საქართველოსადმი დიდი ინტერესით. ცნობილმა სოლისტმა გურამ თამაზაშვილმა სიხარული ვერ დამალა, როცა გაიგო მისი მშობლიური კუთხიდან სამი მათემატიკოსი მონაწილეობდა კონგრესის მუშაობაში.
სამშობლოსადმი, საქმისადმი და ერთმანეთისადმი დიდი სიყვარული გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას. ეს ნათლად გამოჩნდა იმს საღამოს და ასეა დღესაც.
განსაკუთრებით დამამახსოვრდა ჩვენს უპირველეს ეროვნულ უნივერსიტეტში, მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ტოპოლოგიაში ძირითადი კურსის წაკითხვა. პირველ ლექციაზე შესვლის წინ მღელვარება დამეუფლა. ლექციაზე შევდიოდი 202 აუდიტორიაში, რომლის კარები, პირველად შევაღე 1969 წლის სექტემბერში, როგორც უნივერსიტეტის სტუდენტმა, ახლა კი შევდიოდი, როგორც უნივერსიტეტის პროფესორი. ჩემს თავს შევუძახე, იყავი მშვიდად. შენს უკან გეგელიძეებიდან მომავალი წარმატებული გზაა. ის ლექცია იყო ჩემი ყველაზე სამახსოვრო და სასიამოვნო ლექცია იმ ფაკულტეტზე, სადაც მოღვაწეობდნენ აღიარებული ქართველი მათემატიკოსები.
ვცდილობ, დასვენების დრო სოფელში გავატარო. ბედნიერი ვარ, რომ მშობლიური გარემოს სკოლები და პედაგოგები ყოველთვის მთვლიდნენ ერთ-ერთ საუკეთესო მოსწავლედ. შემდგომში კი - ჩემს ქვეყანას ვემსახურე, როგორც თბილისის უნივერსიტეტიდან, ისე ბათუმის უნივერსიტეტიდან. ბედის საძიებლად უცხოეთში არ წავსულვარ, პირიქით, დავბრუნდი მშობლიურ კუთხეში. უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს ის ფაქტი, რომ ჩემს ქვეყანას ვემსახურები უძველესი ქართული მხარიდან, აჭარიდან. როგორც იტყვიან, აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს.
_ პროფესორ ვლადიმერ ბალაძის სამომავლო გეგმები და მიზნები...
-მე ჩემს არჩეულ გზას ვერ ვუღალატებ. ყოველთვის იქ ვიქნები, სადაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ახალგაზრდა თაობას სჭირდება. ასე ვიარე და ასე ვივლი ჩემი ცხოვრების გზაზე.
უკან |