
საქართველო მრავალი კულტურული თუ ველური მცენარის კერას წარმოადგენს. ერთ-ერთი მათგანია კენკროვანი კულტურები. კოლრეტულ კვლევაზე, პრობლემებსა და საინტერესო შედეგებზე, გაზეთ “ბათუმის უნივერსიტეტს” ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის გამძლეობის გენეტიკის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი, ქალბატონი ქეთევან მემარნე ესაუბრება.
_ ქალბატონო ქეთი, როგორ შეირჩა პროექტის კვლევის თემა და რატომ არის იგი მნიშვნელოვანი აჭარის რეგიონისთვის?
_ საქართველოს უმდიდრესი და უნიკალური ფიტოგენოფონდი ბუნებრივი ისტორიული სიმდიდრეა. იგი მრავალი კულტურული მცენარისა და მათი ველური წინაპრების წარმოშობის კერას წარმოადგენს. მათ შორის მნიშვნელოვანია კენკროვანი კულტურები, რომელთა გენეტიკური რესურსების შესწავლა-გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ ქვეყნის ეს უნიკალური და მრავალფეროვანი სიმდიდრე არასაკმარისად არის კატალოგირებული და გამოყენებული. განსაკუთრებით ეს ეხება მოცხარის - Ribes L. გვარის წარმომადგენლებს. ეს უნიკალური მცენარე მეტად ძვირფასი ნედლეულია ფარმაცევტული და კვების მრეწველობისთვის. პროექტის თემა მნიშვნელოვანი სიახლის შემცველია, რადგან მოცხარის დაავადებების დიაგნოსტირების მიზნით მსგავსი კვლევა დღემდე საქართველოს მასშტაბით არ შესრულებულა. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი პროექტის სამეცნიერო სიახლე იქნება აჭარაში არსებულ მოცხარის ნარგაობებზე (როგორც ველურ, ისე კულტურული მცენარეებზე) დაავადებების გამოვლენა და დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმების სპექტრის დადგენა.
_ რა საფრთხეს უქმნიან მოცხარზე გავრცელებული დაავადებები როგორც ველურ, ისე კულტურულ ჯიშებს?
_ მოცხარის წარმოების პროცესში მისი პროდუქტიულობის შემზღუდავ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მასზე დასახლებული მავნე ორგანიზმები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ინფორმაცია მათ შესახებ. ლიტერატურული მონაცემებით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ფართობების ზრდასთან ერთად, რასაც თან ერთვის გლობალური კლიმატური ცვლილებები, იმატა დაავადებების ზრდის რისკმა. დაავადებები კი, როგორც აღვნიშნეთ, უარყოფითად მოქმედებენ როგორც ველური, ისე კულტურული მცენარეების ნორმალურ ზრდა-განვითარებაზე, ამცირებენ მოსავალს და აუარესებენ ნაყოფის ხარისხს. იმისათვის, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი დაავადებების მიერ გამოწვეული დანაკარგები, აუცილებელია დროულად მოხდეს მოცხარის ნარგაობების ფიტოსანიტარული მონიტორინგი, დაავადებათა გამოვლენა, გამომწვევთა იდენტიფიცირება და შემდგომში უფრო ღრმა შესწავლა (პათოგენთა სხვადასხვა ბიოლოგიური მახასიათებლები, მავნეობის ხარისხი). ასევე, უნდა შემუშავდეს და შეირჩეს დაავადების კონტროლის ეფექტური საშუალებები.
_ რა მეთოდებით გამოვლინდა დაავადებები მოცხარის ველურ სახეობებზე?
_ პროექტის მიზნების მისაღწევად დაგეგმილი იყო კონკრეტული ამოცანები და შესაბამისი აქტივობები. გამოყენებული იქნა მეთოდოლოგია, რომელიც გულისხმობდა: მოცხარის დაავადებების გავრცელების არეალის და ინტენსივობის დადგენას აჭარის დაბლობ და მაღალმთიან რაიონებში საველე ექსპედიციების საშუალებით მცენარის ვეგეტაციის პერიოდში; დაავადებული ნიმუშების შეგროვება და რეგისტრაცია, მოცხარის დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმების იდენტიფიცირება კლასიკური და მიკრობიოლოგიური მეთოდებით; მოცხარის დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმების გამოყოფა მოხდა სუფთა კულტურაში. შევისწავლეთ გამოყოფილი მიკროორგანიზმების მორფოლოგიური და კულტურალური თვისებები პათოლოგიური ტესტის გამოყენებით. გამოყოფილი მიკროორგანიზმების იდენტიფიცირება მოხდება აგრეთვე მოლეკულური ბიოლოგიის სპეციფიკური პოლიმერაზა ჯაჭვური რეაქციის მეთოდით; იდენტიფიცირებული შტამებით შეივსება პათოგენთა კოლექცია.
_ როგორ მიმდინარეობდა კვლევა — სად ჩატარდა მინდვრის სამუშაოები და როგორ ხდებოდა ნიმუშების შეგროვება?
_ დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან და დაბლობ ზონაში გავრცელებული მოცხარის დაავადებული კერების გამოვლენის მიზნით ველური და კულტურული მცენარეების ნარგაობების გამოკვლევა ჩატარდა საველე ექსპედიციების საშუალებით წინასწარ შედგენილი გეგმისა და მარშრუტის შესაბამისად. დაავადების გავრცელების და განვითარების ინტენსივობის აღრიცხვას ვახდენდით შესაბამისი საერთაშორისო სკალებით. დაავადების ნიმუშები შეგროვდა საერთაშორისო სტანდარტული მეთოდების თანახმად.
_ როგორ ხდება დაავადების გამავრცელებელი აგენტების (სოკოები, ბაქტერიები და ვირუსები) იდენტიფიცირება ლაბორატორიულ პირობებში?
_ დაავადების გამომწვევის სუფთა კულტურაში გამოყოფა და იდენტიფიცირება კლასიკური მეთოდით: დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების გამოსავლენად თავდაპირველად გამოიყენება ე.წ. „ნოტიო კამერის“ მეთოდი. მცენარეულ სეგმენტებზე გაზრდილი მიცელიუმის მიკროსკოპირების შემდგომ იგი გადაითესება შესაბამის საკვებ არეზე და თავსდება თერმოსტატში 250 C ტემპერატურაზე. 7 – 14 დღის შემდეგ ხდება პეტრის ჯამებში გაზრდილი სოკოვანი მიკროორგანიზმის მორფოლოგიური მახასიათებლების შესწავლა. ბოლოს, ჩატარდება პათოგენურობის ტესტი კოხის პოსტულატების თანახმად. პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (პჯრ) მეთოდით განხორციელდება სხვადასხვა გვარის პათოგენების ზუსტი იდენტიფიცირება, რისთვისაც თავდაპირველად საკვლევი მიკროორგანიზმებიდან სხვადასხვა ნაკრებით გამოიყოფა დნმ, შემდეგ პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (პჯრ) მეთოდით მოხდება გამოვლენილი პათოგენების გვარის და სახეობების იდენტიფიცირება სხვადასხვა სპეციფიკური პრაიმერის გამოყენებით.
_ ხომ არ აღმოჩნდა რაიმე ისეთი იშვიათი ან ახალი დაავადება, რომელიც მანამდე არ იყო აღწერილი საქართველოს ფლორაში?
-აჭარის რეგიონში მსგავსი კვლევა მოცხარის კულტურაზე არ არის ჩატარებული, აქედან გამომდინარე მიღებული შედეგები სიახლის შემცველია.
_ როგორც ახალგაზრდა მკვლევარი, რა გამოცდილება და გამოწვევები გქონდათ ამ პროექტში ჩართვისას?
_ პროექტში ჩართვა ჩემთვის დიდი გამოწვევა და შესაძლებლობაა. ველური მცენარეების კვლევა მოითხოვს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებასაც - საველე მუშაობას, მონაცემთა შეგროვებასა და მცენარეების ამოცნობას ბუნებრივ გარემოში. ამ გამოცდილებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩემი პროფესიული განვითარებისთვის. მივხვდი, რომ მეცნიერება არა მხოლოდ ცოდნის დაგროვებაა, არამედ პასუხისმგებლობაა ბუნების წინაშე და პრაქტიკული გზაა მისი დაცვისკენ.
_ როგორ შეუწყო ხელი ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტმა თქვენი პროფესიული განვითარებას?
_ ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში 10-წლიანმა მუშაობის გამოცდილებამ შემძინა მკვლევრისათვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევები. აღნიშნული პროექტის განხორციელება კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ჩემს პროფესიულ განვითარებას.
_ როგორ შეიძლება ეს კვლევა დაეხმაროს ფერმერებს, მეღვინეებს ან აგრარულ სექტორს ზოგადად?
_ მოცხარის დაავადებების კვლევა საქართველოში აქამდე არ განხორციელებულა. კვლევა საშუალებას მოგვცემს მივაწოდოთ მეტად მნიშვნელოვანი ცოდნა და ინფორმაცია მოცხარის წარმოებით დაინტერესებულ პირების, რათა შესაძლებლობა მიეცეთ, დაიცვან პლანტაციები და გააუმჯობესონ მოსავალი.
_ იგეგმება თუ არა კვლევის შედეგების გაზიარება ადგილობრივ საზოგადოებასთან ან სოფლის მეურნეობის სტრუქტურებთან?
_ პროექტის განხორციელების პერიოდში საქართველოში დაურეგისტრირებელი საკარანტინო დაავადების დიაგნოსტირების შემთხვევაში, მიღებული ინფორმაცია მიეწოდება სურსათის ეროვნულ სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.
_ რა არის შემდეგი ეტაპი ამ კვლევის დასრულების შემდეგ?
_ მოცემული პროექტის განხორცილების შემდეგ სამომავლო კვლევების მიზანი იქნება მოცხარის დაავადებების გამოვლენა, პათოგენთა ბიოლოგიური და ეპიდემიოლოგიური თვისებების უფრო ღრმა შესწავლა და ამ დაავადებათა კონტროლის გზების ძიება საქართველოს სხვა რეგიონებში.
_ როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება მეცნიერება მეტად დაინტერესდეს ველური მცენარეების დაცვითა და შესწავლით?
_ მეცნიერებმა და ეკოლოგებმა უნდა გააგრძელონ იმის დემონსტრირება, რომ ველური მცენარეები აუცილებელია ეკოსისტემების სტაბილურობისთვის. ბევრ ველურ მცენარეს აქვს სამკურნალო თვისებები.
უკან |