გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

DeSIRe პროექტი ბსუ-ში: ტრენინგები და ეროვნული ცნობიერების დღე 2 (NAD2)

სურათი

ინსტიტუციური ტრენინგები, ახალი ლაბორატორია და ეროვნული ცნობიერების დღე 2 მეცნიერების ფესტივალზე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბსუ) Erasmus+ CBHE საგრანტო პროექტის — DeSIRe (Development of Soft Skills at Higher Education Institutions of Armenia and Georgia in Compliance with the 21st Century Labour Market Requirements) ერთ-ერთ მთავარ ჰაბად ჩამოყალიბდა საქართველოში. პროექტი 36-თვიანია (01.12.2023–30.11.2026), სრული ბიუჯეტით 795,598 ევრო და BSU-ს მაქსიმალური თანამონაწილეობით 54,604 ევრო. პროექტის კოორდინატორია ვანაძორის ჰ. თუმანიანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი; კონსორციუმში ჩართულია სომხეთისა და საქართველოს უნივერსიტეტები, ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული ცენტრები (ANQA, NCEQE) და ევროპელი პარტნიორები (TUD, LUT, UGR, IADT).

პროექტის მიზანია სომხეთისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში რბილი უნარების (Soft Skills) სისტემური განვითარება. იმ კომპეტენციების განვითარება, რომლებიც აძლიერებს სტუდენტთა დასაქმებას და აკადემიურ-ადმინისტრაციული პერსონალის კარიერულ წინსვლას (მედია და ციფრული წიგნიერება, კომუნიკაცია და მოლაპარაკება, თანასწორობა, მრავალფეროვნება და ინკლუზია, გადაწყვეტილების მიღება, კრეატიულობა, ემოციური-სოციალური ინტელექტი და სხვ.). ინიციატივა სრულად ეთანხმება გაეროს მდგრადი განვითარების მე-4 მიზანს (ხარისხიანი, ინკლუზიური და უწყვეტი განათლება).

ბსუ-ში შეიქმნა რბილი უნარების ლაბორატორია - მრავალფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე, სადაც ტარდება როგორც პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგები, ისე სასწავლო პროცესთან დაკავშირებული აქტივობები. შეძენილია 10,000 ევროს ღირებულების ტექნიკური აღჭურვილობა, ხოლო ბიბლიოთეკაში მიწოდებულია 100-ზე მეტი ქართული და უცხოენოვანი ლიტერატურა.

საგრანტო პროექტი “DeSIRe” მოიცავს 10 მოდულს (5 SS + 5 MOOC), რომელთა სწავლება ეტაპობრივად მიმდინარეობს პარტნიორული ტრენინგებით:

  • Module 1 — მედია და ციფრული წიგნიერება;
  • Module 2 — თანასწორობა, მრავალფეროვნება და ინკლუზია (EDI);
  • Module 3 — ძირითადი სამეწარმეო უნარები;
  • Module 4 — პრიორიტეტების განსაზღვრა და გადაწყვეტილებების მიღება;
  • Module 5 — კრეატიულობა და პრობლემის გადაჭრა;
  • MOOC 1 — ეფექტური ბიზნეს კომუნიკაცია და მოლაპარაკება;
  • MOOC 2 — ორგანიზაციული კულტურა;
  • MOOC 3 — რეფლექსიური აზროვნება და შეფასება;
  • MOOC 4 — კონფლიქტის მოგვარება;
  • MOOC 5 — ემოციური და სოციალური ინტელექტი.

ბსუ-ში განხორციელდა ტრენინგების მრავალკვირიანი ციკლი, სადაც მონაწილეობდნენ როგორც აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, ასევე სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები. სასწავლო პროცესში ინტენსიურად გამოიყენებოდა ევროპის წამყვანი უნივერისტეტების მიერ გაზიარებული ინტერაქტიული სწავლების მეთოდები, რომელმაც გაზარდა ჩართულობა და უნარების „გადატანა“ რეალურ სამუშაო/სასწავლო გარემოებში. ადგილობრივ ტრენინგებში ჩართულნი იყვნენ ბსუ-ს გამოცდილ ტრენერები და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები.

ეროვნული ცნობიერების დღე 2 (NAD2)

მეცნიერების ფესტივალის „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“ ფარგლებში ბსუ-მ გამართა ეროვნული ცნობიერების დღე 2 (NAD2). უნივერსიტეტის ფოიეში წარმოდგენილ DeSIRe-სტენდთან დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმი - პროექტის კოორდინატორი და მონაწილე პირები ადგილზე პასუხობდნენ სტუმართა შეკითხვებს, აცნობდნენ პროექტის მიზნებს, მიღწეულ შედეგებს, მომავალი ნაბიჯებსა და მდგრადობის სტრატეგიას. ინფორმაცია გავრცელდა დაახლოებით 500-მდე მონაწილეს შორის.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

  • სტუდენტებისთვის: დასაქმების ზრდა, გუნდური მუშაობა, კომუნიკაცია და მოლაპარაკება, თვითრეფლექსია და ემოციურ-სოციალური უნარები.
  • პერსონალისთვის: სწავლების დიზაინში რბილი უნარების ინტეგრაცია, სამართლიანი და ინკლუზიური გარემოს შექმნა, პროგრამების ხარისხის გაუმჯობესება.
  • ინსტიტუციისთვის: სტრატეგიულ პრიორიტეტებთან და გაეროს მდგრადი განვითარების მე-4 მიზანის „ხარისხიანი განათლება“ თანხვედრაში განხორციელებული გარდაქმნები; თანამშრომლობა ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან და ევროპულ პარტნიორ უნივერსიტეტებთან.

DeSIRe ბსუ-ში - ეს არის მიზანმიმართული მოძრაობა უნივერსიტეტიდან საზოგადოებამდე: ინოვაციური სწავლება, ინკლუზიური პრაქტიკები და 21-ე საუკუნის უნარებით აღჭურვილი კადრები რეგიონისა და ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის.

გაზეთ ბათუმის უნივერსიტეტის კითხვებს ბსუ-ში პროექტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, ქალბატონი თამარ ღოღობერიძე პასუხობს.

_  ქალბატონო თამარ, რას გვეტყვით აღნიშნული პროექტის შესახებ?
_ DeSIRe არის Erasmus+ CBHE-ს საგრანტო პროექტი, რომლის მიზანია სომხეთისა და საქართველოს უნივერსიტეტებში რბილი უნარების (კომუნიკაცია, გადაწყვეტილების მიღება, კრეატიულობა, ემოციურ-სოციალური ინტელექტი და სხვ.) სისტემური ინტეგრაცია სასწავლო პროცესში. პროექტი ითვალისწინებს 5 მოდულისა და  და 5 მასიური ღია ონლაინ კურსის დანერგვას, რბილი უნარების ლაბორატორიის შექმნასა და ეროვნული/რეგიონული ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს.

_ რამდენად მნიშვნელოვანია იგი ჩვენი უნივერსიტეტისთვის?

_ პროექტი შეესაბამება გაეროს მდგრადი განვითარების მე-4 მიზანს (ხარისხიანი განათლება), რომელიც ითვალისწინებს ინკლუზიური და თანაბარი ხარისხის განათლების უზრუნველყოფასა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობების ყველასთვის ხელმისაწვდომობას. პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები ხელს უწყობს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ინტერნაციონალიზაციას, აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებას და სასწავლო პროგრამების მოდერნიზაციას თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.

_ პროექტი წარდგენილი იყო მეცნიერების პიკნიკზე. რას გვეტყვით აუდიტორიის აქტივობასა და გადადგმულ ნაბიჯებზე?
_ ფესტივალის ფარგლებში გავმართეთ ეროვნული ცნობიერების დღე (NAD2) და მოვაწყვეთ DeSIRe-ის საინფორმაციო სტენდი. სტენდთან აქტიურად მიმდინარეობდა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში, ვიზიტორებს გავუზიარეთ მიზნები/შედეგები და მოვისმინეთ უკუკავშირი; პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება განხორციელდა  დაახლოებით 500-მდე მონაწილეს შორის. მიღებული რეკომენდაციები უკვე ერთიანდება ჩვენს სასწავლო პაკეტებსა და მომდევნო ტრენინგ-ციკლებში.

_ ამჟამად პროექტის განხორციელების რა ეტაპზე ხართ?
_ ბსუ-ში უკვე ჩატარებულია რამდენიმე შიდა ტრენინგი. მოქმედებს რბილი უნარების ლაბორატორია, სადაც აქტიურად ხორციელდება როგორც საუნივერსიტეტო, ასევა პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები, ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით (ჭკვიანი დაფა, ნოუთბუქი, კომპიუტერები). შეძენილია დაახლოებით 100-მდე დასახელების ლიტერატურა ქართულ და უცხოურ ენებზე, რომელიც განთავსებულია უნივერისტეტის ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკაში. ევროპულ უნივერსიტეტებში განხორციელებული არაერთი მივლინების შედეგად მიღებული ცოდნა პროექტის მონაწილეებმა ბსუ-ს აკადემიურ, ადმინისტრაციულ და სტუდენტურ საზოგადოებას გაუზიარეს.

_ ქალბატონო თამარ, რას იტყვით დასკვნის სახით პროექტის შესახებ?
_ DeSIRe პროექტი პრაქტიკული შედეგებით აერთიანებს უნივერსიტეტს, სტუდენტებსა და დამსაქმებლებს: ჩვენ ვქმნით ინკლუზიურ, ინტერნაციონალურად თავსებადი უნარების ეკოსისტემას, სადაც ცოდნა პირდაპირ გადაიქცევა კონკურენტულ უპირატესობად. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის ინოვაციური სწავლება, ინკლუზიური კულტურა და 21-ე საუკუნის უნარები - სტუდენტებისთვის, პერსონალისთვის და მთლიანად რეგიონისთვის.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა