
უნივერსიტეტში საზეიმო განწყობილებაა. წელს მისი დაარსებიდან 90 წელი შესრულდა, რაც დიდი მოვლენაა ქალაქ ბათუმისა და მთელი აჭარის ცხოვრებაში.
რამდენადაც უნივერსიტეტის 90 წლისთავის ისტორია 1935 წელს დაარსებული ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტიდან იწყება, მინდა საუბარი ამ ინსტიტუტის მნიშვნელობის შესახებ დავიწყო.
ინსტიტუტმა თავის დაარსების დღიდან ფასდაუდებელი როლი შეასრულა ბათუმისა და მთელი აჭარის, მისი მომიჯნავე რეგიონების (გურია, სამეგრელო, იმერეთი) პედაგოგთა კადრებით უზრუნველყოფაში. აჭარის სასკოლო საგანმანათლებლო სისტემაში 1940-იან წლებამდე თითქმის არცერთი ადგლობრივი კადრი არ მუშაობდა. სკოლებში უმთავრესად გურია-სამეგრელოდან, ძირითადად გურიიდან, მოწვეული პედაგოგები მუშაობდნენ, რომლებიც ერთგულად ემსახურებოდნენ სწავლა-განათლების საქმეს აჭარაში.
ასე იყო 1935 წლამდე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის გახსნამდე. სულ მალე ქალაქ ბათუმისა და აჭარის სოფლის სკოლებში მუშაობა დაიწყეს და რამდენიმე წლის შემდეგ ამ სკოლებში თითქმის მთლიანად ადგილობრივ პედაგოგთა კადრები წარმართავდნენ სასკოლო სწავლა-განათლების საქმეს.
ამაში მდგომარეობს ამ ინსტიტუტის დაარსებისა და ფუნქციონირების დიდი მნიშვნელობა, რომლის მომსწრეც თავად გახლავართ.
მეც ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ვარ. როგორც აჭარისწყლის პედაგოგიური სასწავლებლის წარჩინებული მოსწავლე, ინსტიტუტში უგამოცდოდ ჩავირიცხე. მანამდე ბევრი ვიფიქრე სპეციალობის არჩევაზე. საბოლოოდ არჩევანი ისტორიის ფაკულტეტზე შევაჩერე. როგორც დრომ მიჩვენა, არც შევმცდარვარ სპეციალობის არჩევაში.
დიდი მადლიერებით ვიხსენებ ჩემს მაშინდელ ლექტორ-მასწავლებლებს, ისტორიკოსებს, დოცენტებს ნიკო ჭეიშვილსა და პარმენ ცქვიტარიას, რომლებიც ისტორიის კათედრის გამგეები იყვნენ და საბჭოთა კავშირის ისტორიაში მიკითხავდნენ ლექციებს. ასევე, მადლიერებით ვიხსენებ დოცენტებს სევერიანე ყალიჩავას, მამია დუმბაძეს, კუკური ლილუაშვილს, დავით ჩხარტიშვილს, უფროს მასწავლებელ ვუკოლ იაშვილს, თბილისიდან მოწვეულ პროფესორებს, ცნობილ ფილოსოფოს კოტე ბაქრაძეს და ფსიქოლოგ ვლადიმერ ნორაკიძეს, დოცენტ ვარლამ დონაძეს.
კურსზე 25-მდე სტუდენტი ვსწავლობდით. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, თითქმის ყველა აჭარის სკოლებში გაგვანაწილეს. კარგად მახსოვს, რომ 1954 წელს ინსტიტუტის კურსდამთავრებულთა თითქმის ნახევარზე მეტი ხულოსა და ქედის რაიონების რვაწლიან და საშუალო სკოლებში გაანაწილეს, სადაც პედაგოგთა კადრების ნაკლებობა იყო.
პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლის დროს მივიღე პირველი ნათლობა მეცნიერებაში. 1953-1954 წლებში მონაწილეობა მივიღე საქართველოს პედინსტიტუტების სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებში, რომლებიც ჩატარდა გორისა და ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. მოხსენებები წავიკითხე მთიელთა მოძრაობისა და აჭარაში ისლამის გავრცელების საკითხებზე, რომლებმაც მოწონება და მაღალი შეფასებები დაიმსახურა.
ვამაყობ, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი დავამთავრე ისტორიის სპეციალობით. ისტორიკოსობა მაშინ პრესტიჟულად ითვლებოდა ქართული ფილოლოგიისა და მათემატიკის სპეციალობებთან ერთად. ერთ მისაღებ აბიტურიენტზე მაშინ თითქმის ყველა საგანში, მათ შორის ისტორიის სპეციალობაზე, ათამდე აბიტურიენტი მოდიოდა.
ვამაყობ იმითაც, რომ 1970 წლიდან საათობრივი ანაზღაურების წესით შუა საუკუნეებისა და ძველი მსოფლიოს ისტორიაში ინსტიტუტში ლექციების წაკითხვა მე დამევალა. მაშინ ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ეთნოგრაფიის განყოფილებაში ვმუშაობდი უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. ამ საგნებში ჩემამდე ლექციებს კითხულობდნენ დოცენტები - კუკური ლილუაშვილი და ვუკოლ იაშვილი. მართლაც საამაყოა, რომ აღნიშნულ საგნებში ლექციების წასაკითხავად ჩემი ყოფილი ლექტორები ჩავანაცვლე.
1990-იანი წლებიდან, როდესაც პედინსტიტუტის ბაზაზე უნივერსიტეტი დაფუძნდა, ლექციების წაკითხვა დამევალა, ამჯერად ქართულ და ზოგად ეთნოგრაფიაში, ისტორიულ მხარეთმცოდნეობაში. ლექციების კურსს ვკითხულობდი, აგრეთვე, აჭარის მატერიალური და სულიერი კულტურის საკითხებში. ასე, რომ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩემი, როგორც ამ უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულის, მოკრძალებული წვლილიც არის. ჩემი ხელმძღვანელობით 50-მდე სტუდენტმა მოამზადა საკურსო ნაშრომი. ვმონაწილეობდი მისაღებ გამოცდებზე ისტორიაში. 2004 წელს კი ისტორიაში საგამოცდო კომისიის ხელმძღვანელი ვიყავი. ამავე წელს მომენიჭა პროფესორის წოდება.
მე, როგორც 96 წელს მიღწეულმა, ცხოვრების ნახევარზე მეტი ინსტიტუტისა და უნივერსიტეტის კედლებში გავატარე და ჩემი მოკრძალებული წვლილიც შევიტანე მის საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში. ამიტომაც, უნივერსიტეტი მშობლიურად მიმაჩნია.
ვსარგებლობ შემთხვევით და უნივერსიტეტის სახელოვანი 90 წლის იუბილეს ვულოცავ რექტორატს, პროფესორ-მასწავლებლებს, მთელ პერსონალს, სტუდენტობას. ვუსურვებ მათ დღეგრძელობას, წარმატებებს საუნივერსიტეტო საქმიანობაში.
ნოდარ კახიძე
ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტის 1954 წლის კურსდამთავრებული, ყოფილი ლექტორი, ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
| უკან |

