ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 90 წლისაა
ხუსეინ ნაკაიძე - პირველი რექტორი
დაიბადა 1905 წელს ქობულეთის რაიონის სოფელ ხუცუბანში. ადრე დაობლდა და იზრდებოდა დედის ბაბუას _ დიდი მამულიშვილის, ილია ჭავჭავაძის თანამოაზრის, გულო კაიკაციშვილის, ოჯახში. ხუსეინი 1913 წელს მიაბარეს ქობულეთის ორკლასიან სასწავლებელში. 1914 წელს,`ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ინიციატივით, ცნობილი მეცენატი ძმების, ზუბალაშვილების სტიპენდიით, ხუსეინ ნაკაიძე ჩაირიცხა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. 1918 წელს ის გადმოიყვანეს ბათუმის ქართულ გიმნაზიაში. 1924 წელს, ბათუმის ჰუმანიტარული ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტი 1929 წელს დაამთავრა. მუშაობდა პედაგოგიური სასწავლებლის დირექტორად, აჭარის სახალხო განათლების კომისრად, კომისართა საბჭოსთან არსებული ხელოვნების კომიტეტის თავმჯდომარედ. 1935 წელს დაინიშნა ახლად გახსნილი სამასწავლებლო ინსტიტუტის დირექტორად.
ჯემალ ნოღაიდელი (1906-1966) – 1935 წლიდანვე მოიწვიეს ქართული ენის კათედრაზე ასისტენტად. თბილისის უნივერსიტეტში გაიარა ასპირანტურის კურსი და 1940 წელს, ადგილობრივ პედაგოგთაგან პირველმა, დაიცვა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 1941 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება. 1944-1947 წლებში მუშაობდა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ დაუსწრებელი სწავლების დარგში, 1958 წელს კი სამუშაოდ გადავიდა ახლად დაარსებულ ბათუმის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სადაც გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ფოლკლორის განყოფილებას. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის აჭარის დიალექტური, ეთნოგრაფიული და ფოლკლორული მასალების შეგროვებისა და შესწავლის საქმეში.
ალ. ჩავლეიშვილი
1937 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კითხულობდა ლექციებს მ-ე19 საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიასა და ლიტერატურის თეორიაში. 1937 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1971 წელს – სადოქტორო დისერტაცია. 1955-1962 წლებში სათავეში ედგა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრას. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა მწერალთა წრეს.
ნადეჟდა (ნადია) საბაშვილი
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე 1962–1967 წლებში. 1954-1995 წლებში კითხულობდა ლექციების კურსს თანამედროვე ქართულ ენასა (მორფოლოგია) და ძველ ქართულ ენაში. ნ.საბაშვილი 1939 წელს ჩაირიცხა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტის იბერიულ-კავკასიური ენების სპეციალობაზე. პარალელურად, კვლევით საქმიანობას ეწეოდა ნიკო მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში (პროფ. ს. ყაუხჩიშვილის ხელმძღვანელობით), ხოლო 1945 წლიდან – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში (აკად. არნ. ჩიქობავას ხელმძღვანელობით). მონაწილეობდა „ქართლის ცხოვრებისა“ და „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ ფუნდამენტური გამოცემების მომზადებაში. საკანდიდატო დისერტაცია 1954 წელს დაიცვა. მის სამეცნიერო ინტერესებში შედიოდა ქართული ლექსიკოლოგიის, დიალექტოლოგიის, ტექსტოლოგიისა და მწერლის ენის პრობლემები.
ნელი დუმბაძე
ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის პირველი ქალი პროფესორი - 1949 წელს მოიწვიეს კათედრაზე და ნახევარი საუკუნის მანძილზე ერთგულად ემსახურა ახალგაზრდა ლიტერატორთა აღზრდის საქმეს. რამდენიმე მნიშვნელოვანი მონოგრაფიის ავტორია. აღსანიშნავია მისი მონოგრაფია ,,ქართული სიმბოლიზმი“
(1973). ნ. დუმბაძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა კათედრასთან არსებულ ახალგაზრდა მწერალთა წრესა და ხელნაწერ ჟურნალ „მაჭახელას“.
აბელ სურგულაძე
უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიის კათედრის დამაარსებელი და პირველი გამგე. კათედრის გახსნამ შესაძლებელი გახადა საქართველოს ისტორიის კვალიფიციურ დონეზე სწავლება, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გააქტიურება, ახალი პერსპექტიული კადრების მოზიდვა. ამ თვალსაზრისით, განუსაზღვრელია კათედრის პირველი გამგის წვლილი. მისმა მოწადინებამ და აქტიურმა სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობამ განაპირობა კათედრის წევრთა პროფესიული ზრდა. პროფ. აბელ სურგულაძე იყო არაერთი მონოგრაფიისა და სტატიის ავტორი. სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ოთხი ათეული წლის მანძილზე მან გამოაქვეყნა 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი (მათ შორის _ 30-მდე წიგნი), 400-ზე მეტი საგაზეთო პუბლიკაცია და რეცენზია. აღსანიშნავია პროფ. აბელ სურგულაძის ინიციატივით დაარსებული კრებული „საისტორიო მაცნე~, სადაც იბეჭდებოდა ახალგაზრდა მეცნიერთა ნაშრომები.
ხუსეინ ხალვაში
1949 წელს ფიზიკის კათედრას სათავეში ჩაუდგა და 1972 წლამდე უცვლელად ხელმძღვანელობდა. მან 1939 წელს დაამთავრა თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტი. იმავე წელს მუშაობა დაიწყო ბათუმის სამასწავლებლო ინსტიტუტში ფიზიკის კათედრის ასისტენტად. 1945-1949 წლებში იყო ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი. 1950 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. ხ. ხალვაშის კათედრის გამგედ მუშაობის პროცესში, ფიზიკის კათედრამ განვლო საკმაოდ საინტერესო გზა. მისი ორგანიზებით ტარდებოდა სამეცნიერო კონფერენციები ფიზიკის სწავლების აქტუალურ საკითხებზე, სამეცნიერო- მეთოდური კონფერენციები, იქმნებოდა მეთოდური სახელმძღვანელოები. ფიზიკის კათედრის სასწავლო კაბინეტი აღიჭურვა უნივერსალური აპარატებით. ხ. ხალვაში იყო 80 მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მისი შრომები ეხებოდა თეორიულ ფიზიკას, ფიზიკის სწავლების მეთოდიკას და სხვ. იგი დაჯილდოებული იყო მედლებითა და საპატიო სიგელებით.
არიფ ბერაძე
1944 წელს დაამთავრა ბათუმის პედინსტიტუტი და აქვე დაიწყო მუშაობა. 1949 წლიდან მოსკოვში გაიარა ასპირანტურის კურსი. 1953 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია გეომეტრიაში. მის მიერ აქსიომატურად აგებული იქნა ისეთი ბრტყელი გეომეტრია, რომლის აბსოლუტია მეორე რიგის გადაუგვარებელი წირი. შედგენილია ამ გეომეტრიის კუთვნილების, რიგის, მოძრაობის და უწყვეტობის აქსიომათა ჯგუფები და აგებულია მისი რამდენიმე ინტერპრეტაცია. ბპი-ში დაბრუნების შემდეგ, აქტიურ პედაგოგიურ მუშაობას უთავსებდა ადმინისტრაციულ და საზოგადოებრივ საქმიანობას. იყო კათედრის გამგე, დეკანი, პრორექტორი. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და საპატიო სიგელი. სტუდენტებისა და კოლეგების დიდი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა.
ჯემალ მესხიძემ
ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში მუშაობა დაიწყო 1945 წელს, ზოოლოგიის კათედრაზე. იყო ბიოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი. 1952 წლიდან ჯერ ზოოლოგიის კათედრის, 1955 წლიდან 1974 წლამდე კი ერთიანი ბიოლოგიის კათედრის გამგე იყო. უძღვებოდა ხერხემლიანთა ზოოლოგიის კურსს. დოც.ჯ. მესხიძის კვლევის ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლისა და აჭარის შიდა წყალსატევების იქთიოფაუნის შესწავლა. მას შესწავლილი აქვს, აგრეთვე, აჭარის ფაუნა, დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლისა და აჭარის შიდა წყალსატევების იქთიოფაუნის, აგრეთვე, ძუძუმწოვრების შესწავლაში. კვლევის შედეგები ასახულია 40-ზე მეტ სამეცნიერო ნაშრომში. იყო განათლებული, ერუდირებული, დახვეწილი ინტელიგენტი, ამასთან, ფართო პროფილის მკვლევარი.
ვლადიმერ ჭანტურია
1939–1962 წლებში ედგა სათავეში პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის კათედრას. მისი ინიციატივით თანმიმდევრული ხასიათი მიეცა ქართული პედაგოგიკის ისტორიის საკვანძო საკითხების კვლევას. დოც. ვლ. ჭანტურიამ მონოგრაფიულად შეისწავლა XI–XII საუკუნეების ქართული ჰუმანიზმის პედაგოგიკა და 1954 წელს იგი წიგნად გამოსცა. მანვე, ერთ-ერთმა პირველმა, მიუძღვნა აჭარის სახალხო განათლების ისტორიას ნაშრომი „განათლება აჭარაში“ (ბათუმი, 1956).
ის იყო ერუდირებული სპეციალისტი; როგორც ლექტორი და პიროვნება, წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენდა სტუდენტებზე.
სილოვან დადუნაშვილი
ხუთი წლის მანძილზე (1973-1978) ედგა კათედრას სათავეში და უნიკალური პედაგოგიური ალღოთი და დაუღალავი ორგანიზატორული მოღვაწეობით დიდი ამაგი დასდო დაწყებითი განათლების სპეციალობის მასწავლებელთა მომზადების საქმეს.
დავით ხახუტაიშვილი
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დაიბადა 1924 წელს, ქობულეთის რაიონის სოფელ ალამბარში. ალამბრის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ქობულეთის პედაგოგიურ სასწავლებელში, საიდანაც 1941 წელს, 16 წლის ახალგაზრდა, მოხალისედ წავიდა არმიაში და მეტყვიამფრქვევედ ჩაიწერა. კავკასიის ფრონტზე დაიჭრა და დემობილიზებული იქნა.
1948 წელს წარჩინებით დაამთავრა ქობულეთის პედაგოგიური სასწავლებელი, ხოლო 1951 წელს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში იყო სიმონ ჯანაშიას სახელობის სტიპენდიანტი. სწორედ ამ პერიოდში მიიქცია დავით ხახუტაიშვილმა ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის ყურადღება, რომლის ხელმძღვანელობით ნიჭიერი ახალგაზრდა აქტიურად ჩაერთო სამეცნიერო საქმიანობაში.
1951–1954 წლებში ის სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის ძველი ისტორიის განყოფილებაში, რომელსაც გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, აკადემიკოსი გიორგი მელიქიშვილი ხელმძღვანელობდა.
1955 წელს დავით ხახუტაიშვილმა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია – „შავიზღვისპირეთის ქარტველი ტომები ბერძენ-ლათინი მწერლების ცნობებით“, ხოლო 1967 წელს – სადოქტორო დისერტაცია „უფლისციხე და იბერიის ქალაქთა ისტორიის საკითხები“.
1977 წელს ის დაინიშნა ახლად შექმნილი არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილედ და არქეოლოგიაში საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებათა მეთოდების გამოყენების განყოფილების გამგედ. 1978 წლიდან გარდაცვალებამდე, 20 წლის განმავლობაში, ბატონი დავითი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი იყო.
ნახევარ საუკუნეზე მეტხანს მუშაობდა ბატონი დავითი საქართველოს ისტორიისა და არქეოლოგიის პრობლემებზე. ამ ხნის მანძილზე მკვლევარმა საქართველოს, ამიერკავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე გამოაქვეყნა 120-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის – 10-ზე მეტი მონოგრაფია. ეს ნაშრომები ფართოდაა აღიარებული და მოწონებული სამეცნიერო წრეებში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
პროფესორ დავით ხახუტაიშვილის სამეცნიერო კვლევა-ძიებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქართველოში ქალაქებისა და ქალაქური ცივილიზაციის გენეზისის საკითხებს. მკვლევარმა ახლებურად დასვა და გადაწყვიტა ქალაქებისა და საქალაქოგამოღვწეობის წარმოშობისა და განვითარების მრავალი მნიშვნელოვანი პრობლემა. მან საფუძველი ჩაუყარა „ქვეყნების“ კომპლექსურ ისტორიულ-არქეოლოგიურ შესწავლასაც.
დიდია მისი წვლილი საქართველო–კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში რკინის მეტალურგიის ჩასახვა-განვითარების პრობლემების კვლევაში. მათ შესწავლას მას სამ ათეულ წელზე მეტი მოანდომა და საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოჩენებით გაამდიდრა.
დავით ხახუტაიშვილმა მნიშვნელოვანი მუშაობა გასწია „აჭარის ისტორიის ნარკვევების“ ოთხტომეულის მომზადებასა და გამოცემაში, როგორც მთავარმა რედაქტორმა და წამყვანმა ავტორმა. მეცნიერი ნაყოფიერ სამეცნიერო-პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც ეწეოდა: ხელმძღვანელობდა ასპირანტთა სამეცნიერო კადრების მომზადებას, კითხულობდა ლექციებს ძველი ისტორიის საკითხებზე. მისი უშუალო ხელმძღვანელობით მომზადდა და დაცულ იქნა არაერთი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია.
ის იყო საქართველოს სახელმწიფო პრემიების (მეცნიერებასა და ტექნიკაში) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიების კომიტეტების, აგრეთვე ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქციის წევრი.
დავით ხახუტაიშვილის სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა სათანადოდ დაფასდა: დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, საქართველოს უმაღლესი და აჭარის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელებით; არჩეულია ბათუმის საპატიო მოქალაქედ.
ვახტანგ შამილაძე
ქართული ეთნოლოგიის თვალსაჩინო მკვლევარი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.
დაიბადა 1935 წელს ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში. 1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1961 წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში, რომლის დასრულების შემდეგ დაიცვა საკანდიდატო (1964) და მოგვიანებით სადოქტორო (1979) დისერტაცია.
1969-1979 წლებში იყო ბათუმის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სწავლული მდივანი;
1980-1984 წლებში — დირექტორის მოადგილე;
1984-2006 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოლოგიის კათედრის გამგე;
2004-2006 წლებში — ბათუმის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი;
2006 წლიდან — ამავე ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, აჭარის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991), საქართველოს პარლამენტის წევრი (1996-2003), ღირსების ორდენის კავალერი. პროფესორი ვახტანგ შამილაძე იყო ეთნოლოგიის წამყვანი სპეციალისტი.
ის იკვლევდა ქართველი ხალხის მეურნეობის, მატერიალური და სულიერი კულტურის, საზოგადოებრივი ურთიერთობების პრობლემებს, ეთნოსისა და ეროვნული პოლიტიკის ზოგადთეორიულ საკითხებს, ისტორიული ეთნოლოგიის, ეთნოლოგიის მეთოდიკისა და მეთოდოლოგიის პრობლემებს. აღნიშნულ საკითხებს მკვლევარმა მიუძღვნა 180 სამეცნიერო ნაშრომი, წერილი და სტატია ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, რომელთა შორის 10 მონოგრაფიაა.
განუზომელია ვახტანგ შამილაძის დამსახურება სამეცნიერო კადრების მომზადების საქმეში. მისი ხელმძღვანელობითა და კონსულტაციებით დაცულია 20 საკანდიდატო და დაახლოებით 10 სადოქტორო დისერტაცია, აგრეთვე არაერთი სამაგისტრო ნაშრომი.
დიდია პროფესორ ვახტანგ შამილაძის ღვაწლი სამეცნიერო-ორგანიზაციული საქმიანობის თვალსაზრისითაც. წლების განმავლობაში იგი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ეთნოლოგიური კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული ატლასის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი, კავკასიის ქვეყნებთან სამეცნიერო თანამშრომლობის კომისიის თავმჯდომარე, აშშ-ის ბიოგრაფიული ინსტიტუტის მრჩეველი და სამეცნიერო საბჭოს წევრი, აშშ-ის კავკასიის კულტურათა შემსწავლელი საზოგადოების წევრი, ნიუორლეანის საპატიო მოქალაქე, საქართველოს სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულების სამეცნიერო საბჭოების წევრი.
2002 წელს გახდა აშშ-ის ბიოგრაფიული ინსტიტუტის მიერ გამოცხადებულ „მსოფლიოს 1000 ცნობილი მეცნიერი“-ს ნომინაციის გამარჯვებული. სამეცნიერო-პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში მიღწეული წარმატებებისათვის პროფესორი ვახტანგ შამილაძე 1988 წელს არჩეული იქნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. იგი მრავალჯერაა დაჯილდოებული მთავრობის ორდენებითა და მედლებით, საქართველოს საპატრიარქოს საპატიო სიგელით.
შოთა (შუქრი) ნიჟარაძე
ნოდარ დუმბაძე წერდა: „კეთილი საქმის კეთება კაცისათვის სულიერი მოთხოვნილებაა, აქ იგი გამორჩენას არ მოელის...“ ეს სიტყვები სრულად ასახავს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ შოთა (შუქრი) ნიჟარაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. მას წილად ხვდა ქართული მეცნიერული სკოლის კორიფეების არნ. ჩიქობავას, ა. შანიძის, ნ. ბერძენიშვილის, კ. კეკელიძის და სხვათა მოწაფე ყოფილიყო. ასეთმა გარემომ კეთილისმყოფელი გავლენა მოახდინა მომავალი მეცნიერის მსოფლმხედველობისა და სულიერი მისწრაფებების ჩამოყალიბებაზე.
1972 წლის 18 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენათმეცნიერების საბჭოს სხდომაზე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგემ, დოცენტმა შოთა იზეთის ძე ნიჟარაძემ მოიპოვა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. ქართველი მეცნიერის სადოქტორო დისერტაციას გამოეხმაურა მრავალი უცხოელი ქართველოლოგი. საინტერესოა, რომ შოთა ნიჟარაძის შრომების მიმართ დიდ ინტერესს იჩენდა ჟურნალი „რევიუ დე ქართველოლოგის“ რედაქტორი კალისტრატე სალიაც.
უნივერსიტეტის დამთავრებასთანავე შოთა ნიჟარაძე აქტიურად ჩაერთო პედაგოგიურ საქმიანობაში და უნივერსიტეტის (მაშინდელი პედაგოგიური ინსტიტუტის) კედლებში არაერთი ღირსეული თაობა აღზარდა.
შოთა ნიჟარაძის მიერ შედგენილ წიგნს „აჭარული დიალექტი“ შესანიშნავი ლექსი მიუძღვნა პოეტმა ზურაბ გორგილაძემ. ჰიმნად ქცეულ ლექსს „ჰოიდა ნანა“ ეპითეტად ამშვენებს მინაწერი: „ვუძღვნი შუქრი ნიჟარაძეს“. პოეტმა თავისი სულის ამონარიდი, ტკივილი და სევდა, სიყვარულის გმირობისა თუ გამარჯვების ამბავი, პატრიოტული სულისკვეთება მიუძღვნა ადამიანს, რომლის ლექციებიდან არა მხოლოდ ქართული ენა შეითვისა, არამედ ყოველივე ღირებული, რაც შეიძლება გააჩნდეს ჭეშმარიტ მამულიშვილს.
მართალია, შოთა ნიჟარაძე ვერ მოესწრო უნივერსიტეტის დაფუძნებას, მაგრამ მის მიერ განვლილმა გზამ ხელი შეუწყო ამ დიდი საქმის აღსრულებას.
ნადიმ ნიჟარაძე
ნ. ნიჟარაძე დაიბადა 1911 წელს, ქედის რაიონის სოფელ ვაიოში. 1930 წელს დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური სასწავლებელი. 1931 წლიდან 1936 წლამდე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე. 1936 წელს დაინიშნა აჭარის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორად, ხოლო 1937 წელს, 26 წლის ნ. ნიჟარაძე დანიშნეს აჭარის ასსრ განათლების სახალხო კომისრად.
ნ. ნიჟარაძე ათწლეულების მანძილზე იღვწოდა აჭარაში განათლების სისტემის ჩამოყალიბებისა და სრულყოფისათვის. მისი უშუალო ინიციატივითა და მონაწილეობით შეიქმნა განათლების არაერთი ახალი კერა. განსაკუთრებულად ნაყოფიერი იყო ნ. ნიჟარაძის მოღვაწეობა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, სადაც იგი 1936 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა. 1949-1954 წლებში იყო ინსტიტუტის რექტორი, ხოლო 1964 წლიდან გეოგრაფიის კათედრის გამგე. იგი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მოჰკიდა ხელები აჭარის ეკონომიკურ-გეოგრაფიული პრობლემების შესწავლას, რასაც მიუძღვნა 12 მონოგრაფია და ათეულობით სამეცნიერო სტატია.
ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში მოღვაწეობის პარალელურად, ნ. ნიჟარაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გორის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში და ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. 1946-1949 წლებში იყო აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ კულტურულ-საგანმანათლებლო და წესების სამმართველოს უფროსი.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორად მუშაობის პერიოდში, თბილისიდან მოიწვია ცნობილი პროფესორები და მნიშვნელოვნად გაზარდა სწავლისა და სწავლების ხარისხი. ინსტიტუტის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა როგორც კარგმა ორგანიზატორმა, განათლებულმა და განმანათლებელმა პედაგოგმა, მრავალი თაობის აღმზრდელმა. სწამდა, რომ ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი მნიშნელოვანი საგანმანათლებლო კერა გახდებოდა არა მხოლოდ აჭარაში, არამედ ზოგადად რეგიონში.
მან რთული და საინტერესო ცხოვრების გზა განვლო, გზა, აღსავსე წარმატებით, წინააღმდეგობებით, აღიარებებით, ნოვატორული წამოწყებებით, უკომპრომისობით, უსამართლო ცილისწამებათა მოთმენით, უმადურობით და მადლიერებით. ცხოვრების მანძილზე მან ბევრი რამ შეძლო, მაგრამ უმნიშვნელოვნესს—უნივერსიტეტის გახსნას—ვეღარ მოესწრო.
ნური ნიჟარაძე
არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი ცხოვრებითა და მოღვაწეობით ღირსეულ კვალს ტოვებენ, კვალს, რომელსაც შთამომავლობა არასოდეს დაივიწყებს. ჩვენმა კუთხემ, სხვათა შორის, ასეთი პიროვნება გამოზარდა, რომლის რიცხვშიც შედის ღვაწლმოსილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ნური ნიჟარაძე. იგი დაიბადა ქობულეთის რაიონის სოფელ ალამბარში. 1929 წელს, 22 წლის ასაკში, წარჩინებით დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური ტექნიკუმი და ქობულეთის საბაზო საშუალო სკოლის დირექტორად დაინიშნა. ერთი წლის შემდეგ, იგი ქობულეთის რაიონის განათლების განყოფილების გამგედ გადაიყვანეს.
მისი თავდადება, აქტიური საქმიანობა და ნიჭიერება შეუმჩნეველი არ დარჩენილა მაშინდელ ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც მას უმაღლესი განათლების მისაღებად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიავლინეს. 1937 წელს ნური ნიჟარაძემ წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტი, ბიოლოგიის სპეციალობით, და დამთავრებისთანავე ბათუმის პედაგოგიური ტექნიკუმის დირექტორად დანიშნეს. მალევე, 30 წლის ასაკში, იგი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორად გადაიყვანეს. ხუთი წლის განმავლობაში ის ხელმძღვანელობდა ამ უმაღლეს სასწავლებელს.
რექტორის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს, რომ 1941 წელს ინსტიტუტმა გამოსცა სამეცნიერო შრომების კრებული. მოეწყო პირველი სამეცნიერო სესია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტურ ცხოვრებას. ხელმძღვანელის მზრუნველი ხელი ეტყობოდა სასწავლო ბაზას, რომ ჩამოყალიბებულიყო ფიზიკის, ქიმიის, გეოგრაფიის, ბიოლოგიისა და სხვა საგნების კაბინეტ-ლაბორატორიები. ინსტიტუტი პედაგოგიური კადრების სამჭედლოდ იქცა.
სამამულო ომის დაწყებიდან მეორე წელს, როდესაც ქვეყანას ძალზე უჭირდა, ლექტორ-მასწავლებლები და სტუდენტები ბრძოლის ველზე იბრძოდნენ, ნური ნიჟარაძემ რექტორობას ფრონტის წინა ხაზზე ბრძოლა არჩია და მოხალისედ წავიდა ომში.
ომიდან დაბრუნების შემდეგ ნური ნიჟარაძე მუშაობდა სხვადასხვა პარტიულ თანამდებობებზე, მაგრამ ბოლოს კვლავ დაუბრუნდა პედაგოგიურ საქმიანობას და მწვანე კონცხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის დირექტორად დაინიშნა, სადაც 23 წელი დაჰყო. მისი პედაგოგიური საქმიანობა არაერთი სახელმწიფო ჯილდოთი აღინიშნა. მინიჭებული ჰქონდა საქართველოსა და აჭარის დამსახურებული მასწავლებლის წოდებები, დაჯილდოებული იყო ორდენებითა და მედლებით.
| უკან |
