გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

კიდევ ერთი წარმატებული სტუდენტი ბსუ-დან

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო-სამაგისტრო ინტეგრირებული პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი მარიამ ობოლაძე, საკუთარ გამოცდილებაზე გვიყვება: თუ როგორ შეიძლება უნივერსიტეტში სწავლა გადაიქცეს მრავალფეროვან და შთამაგონებელ პროცესად. ფილოსოფიისადმი ინტერესით დაწყებული გზა სტუდენტური კლუბის დაფუძნებამდე, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობამდე და ინტელექტუალური გუნდების ლიდერობამდე მივიდა. ინტერვიუში ის საუბრობს აქტიური სტუდენტური ცხოვრების მნიშვნელობაზე, გამოწვევებსა და იმ შესაძლებლობებზე, რაც ახალგაზრდებს საკუთარი თავის აღმოჩენაში ეხმარება.

_ მარიამ, როგორ დაიწყეთ აქტიური სტუდენტური ცხოვრება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში?

_ ჩემი აქტიური სტუდენტური ცხოვრება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო პირველივე კურსიდან. მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში მქონდა გარკვეული შიში და გაურკვევლობა, მალევე მივხვდი, რომ უნივერსიტეტი მხოლოდ აკადემიური სივრცე არ არის — ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია საკუთარი თავი აღმოაჩინო. ინტერესმა განათლებისა და შემდგომ, ფილოსოფიის მიმართ მიბიძგა, უფრო აქტიურად ჩავრთულიყავი სხვადასხვა ინიციატივაში — დავიწყე ღონისძიებებზე დასწრება, დისკუსიებში მონაწილეობა და ნელ-ნელა თავადაც დავიწყე იდეების გენერირება. სწორედ ამ პროცესში გავაცნობიერე, რომ ჩემთვის მხოლოდ მონაწილის ამპლუაში ყოფნა არ იყო საკმარისი — მინდოდა შემექმნა სივრცე, სადაც სტუდენტები შეძლებდნენ აზროვნებას, მსჯელობას და თავისუფალი აზრის გამოხატვას. ასე გადაიქცა ჩემი სტუდენტური აქტიურობა უბრალოდ ჩართულობიდან ინიციატივად.

_ რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის ინიციატორი?

_ თითოეული პროექტი ჩემთვის ახალი თავგადასავალია, სადაც მეძლევა საშუალება კიდევ ერთხელ აღმოვაჩინო „საკუთარი მე“. ყოველი მათგანი თითქოს მიმითითებს ჩემს ძლიერ თუ სუსტ მხარეებზე და მაძლევს სტიმულს, ერთი მხრივ, ვიმუშაო საკუთარ უნარებზე, გავიღრმავო ცოდნა და გავხდე მეტად კომპეტენტური, მეორე მხრივ კი ინსპირაციაა,  საფუძველი ჩავუყარო რაიმე ახალს, განსაკუთრებულსა და უნიკალურს, რაც გააერთიანებს მსგავსი სირთულეებისა თუ ინტერესების მქონე მრავალ სტუდენტს.

_ როგორ ახერხებთ დროის მართვას  დატვირთულ გრაფიკში?

_ ვფიქრობ, როცა ისეთი საქმით ხარ დაკავებული, რომელიც გსიამოვნებს და გიყვარს, დროის პოვნა ძალიან მარტივია. მართალია, გადატვირთული გრაფიკი  და დაღლილობა სტუდენტური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ როდესაც აღმოვჩნდები ხოლმე იმ გარემოში (მათ შორის ფილოსოფიის კლუბში), სადაც ჩემი მრავალი თანამოაზრეა, ენერგიით ვივსები და მზად ვარ გვიანობამდე ვისწავლო, ვიმსჯელო და შევქმნა.

_ რამ გიბიძგათ, რომ დაგეფუძნებინათ ბსუ-ს ფილოსოფიის კლუბი?

_ ფილოსოფიასთან პირველი შეხება პირველი კურსის პირველ სემესტრში მქონდა. უნდა ითქვას, რომ თავიდან, როცა გავიგე რომ ეს საგანი უნდა გამევლო, ცრურწმენების წყალობით შიში დამეუფლა და წინასწარ ცოტა ნეგატიურად განვეწყვე. თუმცა რეალობამ ჩემი წარმოდგენები თავდაყირა დააყენა. ეს იყო სწორედ ის ლექცია-სემინარები, რომლის დასრულება ყველაზე ნაკლებად მსურდა. ფაქტობრივად, ეს იყო ცალკე სამყარო, რომელიც მაძლევდა საშუალებას არა მარტო მემოგზაურა ძველ საბერძნეთში, პირადად გამეცნო ყველა დროის სახელგანთქმული ფილოსოფოსები, არამედ თამამად მესაუბრა ნებისმიერ თემაზე და დამეფიქსირებინა საკუთარი აზრი ისე, რომ არავინ გამაკრიტიკებდა, არამედ გულისყურით მოისმენდნენ და მიიღებდენ როგორც ერთ-ერთ საინტერესო მოსაზრებას. ყოველივე ეს უდიდეს სიამოვნებას და თავისუფლებას მანიჭებდა. საათობით შემეძლო მესაუბრა სხვადასხვა თემაზე, თუმცა შეზღუდული დრო ამის შესაძლებლობას სრულად არ მაძლევდა. სწორედ ამ გამოცდილებამ გამიჩინა სურვილი, შემექმნა სივრცე, სადაც განუსაზღვრელი დროით სხვა სტუდენტებთან ერთად შევძლებდით უსასრულოდ გვესაუბრა, გვემოგზაურა ევროპასა და აზიაში, კრიტიკული თვალით შეგვეფასებინა სხვადასხვა სირთულე, შევხებოდით ყოფით პრობლემებს და ერთიანი ძალებით გვეპოვა გამოსავალი. სწორედ ასე დაიბადა ბსუ-ს ფილოსოფიის კლუბის შექმნის იდეა.

_ რა არის კლუბის მთავარი მიზანი და რა აქტივობებს სთავაზობთ სტუდენტებს?

_ კლუბის მთავარი მიზანია სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობისა და თავისუფალი დისკუსიის კულტურის განვითარება.

რაც შეეხება აქტივობებს, სტუდენტებს ვთავაზობთ მრავალფეროვან თემატიკას : აქ განვიხილავთ და ვაანალიზებთ ფილოსოფიურ ტექსტებს (როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე ავტორების); ხშირად ვუყურებთ მოკლე და სრულმეტრაჟიან ფილმებს (მათ შორის თანამედროვე ფილმებს და განვიხილავთ მათ თავად რეჟისორებთან ერთად), ვატარებთ დებატებს, ინტერაქტიულ თამაშებსა და სიმულაციებს, რომლებიც ავითარებს აზროვნებას და არგუმენტაციის უნარს, ასევე ვხვდებით ფილოსოფოსებს, რომლებთანაც ერთად ვცდილობთ ჩავწვდეთ ფილოსოფიის სიღმეებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი კლუბი არის სივრცე, რომელიც მორგებულია ნებისმიერი ფაკულტეტისა და ინტერესის სტუდენტზე, რომელთაც უყვართ ხმამაღლა მსჯელობა, საუბარი, არ კმაყოფილდებიან სემინარებზე მიღებული ცოდნით, სურთ ჩასწვდნენ სიღრმეებს და იპოვონ პასუხები აკვიატებულ კითხვებზე.

_ რამდენად დიდია სტუდენტების ინტერესი ფილოსოფიის მიმართ დღეს?

_ სამწუხაროა, რომ დღეს სტუდენტებს საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა ფილოსოფიაზე. იმის გამო, რომ ბევრ სპეციალობას არ აქვს მასთან შეხება, ცრურწმენების წყალობით თავად სიტყვა „ფილოსოფია“ მათში ერთგვარ შიშს, სირთულისა და მოწყენილობის ასოციაციას იწვევს. ამ დროს ძალიან მიხარია, რომ კლუბის წევრები განსხვავებულად უყურებენ ამ საკითხს. საოცარია იმის დანახვა, თავდაპირველად შებოჭილები, როგორ იხსნებიან, სიამოვნებით ისრუტავენ ახალს და თამამად გამოთქვამენ ისეთ მოსაზრებებსაც კი, რომელიც თავად კონკრეტული ფილოსოფოსის მსჯელობას ეწინააღმდეგება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე სულ უფრო მეტი სტუდენტი გაითავისებს ფილოსოფიის ნამდვილ არსს და სიამოვნებით გადაეშვება ამ უსასრულო მოგზაურობაში. 

_ სტუდენტურ თვითმმართველობაზე რას გვეტყვით ?

_ სტუდენტური თვითმმართველობა ჩემთვის არის სივრცე, სადაც გარდა იმისა, რომ იძენ უდიდეს გამოცდილებას, პრაქტიკულ უნარებს, მეგობრებს, ამასთანავე გახლავთ ადგილი, სადაც გეკისრება უდიდესი პასუხისმგებლობა და გივითარდება ლიდერული უნარები. ფაქტობრივად, თვითმმართველობაში ჩართვა ნიშნავს მუდმივ ზრუნვას სტუდენტების ინტერესებზე, მათ არაფორმალურ განათლებაზე, გართობაზე და სტუდენტური წლების გამრავალფეროვნებაზე.

_ როგორია თქვენი როლი ბსუ-ს თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტში?

_ განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტი ყველაზე „ახალგაზრდაა“ დეპარტამენტებს შორის, თუმცა სწორედ ეს გვაძლევს მოქნილობისა და განვითარების განსაკუთრებულ შესაძლებლობას. ჩემი როლი ამ დეპარტამენტში მოიცავს საგანმანათლებლო ინიციატივების დაგეგმვასა და განხორციელებას, სტუდენტებისთვის საინტერესო და ინოვაციური აქტივობების შეთავაზებას და მათი ჩართულობის გაზრდას.

_ როგორ მოხვდით „რა? სად? როდის?“ კლუბში?

_ „რა? სად? როდის?“ კლუბში გაწევრიანება ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. საღამოობით სიამოვნებით ვუყურებდი ყოველ თამაშს და ჟრუანტელი მივლიდა, როცა საკუთარ თავს წარმოვიდგენდი ერთ-ერთ სავარძელში. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, როგორც კი გავიგე კლუბის არსებობის შესახებ, მალევე გავწევრიანდი და ჩამოვაყალიბე ერთ-ერთი წარმატებული ახალგაზრდა გუნდი „კომენსკი“.

_ რას ნიშნავს თქვენთვის გუნდი „კომენსკის“ კაპიტნობა?

_ გუნდი „კომენსკის“ კაპიტნობა ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ნდობა ერთდროულად. კაპიტანი არ არის მხოლოდ ლიდერი — ის არის ადამიანი, რომელიც უსმენს გუნდს, აერთიანებს განსხვავებულ აზრებს და კრიტიკულ მომენტში თავად იღებს გადაწყვეტილებას.

_ როგორ ავითარებს ეს თამაში სტუდენტების უნარებს?

_ უნდა აღინიშნოს, რომ თამაში ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, სწრაფი ანალიზის უნარს, გუნდურ მუშაობას, ლოგიკასა და არგუმენტირებულ მსჯელობას. ეს არის თამაში, სადაც ცოდნა ღირებულია, თუმცა უფრო მეტად მნიშვნელოვანია თუ როგორ იყენებ ამ ცოდნას  შეზღუდულ დროში.

_ რა გამოცდილება მიიღეთ ტრენინგიდან „რატომ მედიაწიგნიერება?“

_ აღნიშნულმა ტრენინგმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რაოდენ მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაფილტვრა და კრიტიკულად შეფასება. ვისწავლე, როგორ ამოვიცნო მანიპულაცია, დეზინფორმაცია და როგორ შევაფასო წყაროების სანდოობა.

_ როგორ ფიქრობთ, რატომ არის მედიაწიგნიერება მნიშვნელოვანი თანამედროვე სტუდენტისთვის?

_ ფაქტია, რომ დღეს ინფორმაცია არის უმნიშვნელოვანესი ძალა, მაგრამ ამავე დროს შესაძლოა დიდი რისკიც. მედიაწიგნიერება გვასწავლის, რომ არ უნდა ვიყოთ მხოლოდ ინფორმაციის მომხმარებლები. მნიშვნელოვანია, კრიტიკულად შევაფასოთ მიღებული ინფორმაცია, გავარჩიოთ სანდო წყაროები და შევაფასოთ მისი ობიექტურობა, რათა არ აღმოჩნდეთ მანიპულაციებისა და ე.წ. „ფეიქების“ მსხვერპლნი. ეს გვაძლევს საშუალებას, დამოუკიდებლად ვიფიქროთ, სწორად ვიმოქმედოთ და ინფორმაციულ სივრცეში უსაფრთხოდ დავგეგმოთ ჩვენი ნაბიჯები.

_ რატომ აირჩიეთ თემად AI ჩატბოტების როლი განათლებაში?

_ AI ჩატბოტების თემა იმიტომ ავირჩიე, რომ ის დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა განათლებაში. ჩემთვის, როგორც განათლების სტუდენტისთვის, მნიშვნელოვანია გავიგო, როგორ შეიძლება ტექნოლოგიებმა გააუმჯობესოს სწავლების პროცესი, გახადოს ის უფრო ინდივიდუალური და ხელმისაწვდომი. ამასთან ერთად, საინტერესო იყო გამოწვევების კრიტიკული გააზრება, რაც, თავისთავად, თან ახლავს ამ პროცესს.

_ როგორ ფიქრობთ, როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი სწავლების პროცესს?

_ ხელოვნური ინტელექტი განათლებაში წარმოადგენს ძლიერ და პერსპექტიულ ინსტრუმენტს, რომელიც მნიშვნელოვნად ამარტივებს სწავლების პროცესს, ზრდის მის ეფექტიანობას და ქმნის ინდივიდუალურ სასწავლო გარემოს თითოეული მოსწავლისთვის. იგი ეხმარება როგორც მასწავლებლებს, ისე სტუდენტებს — ზოგავს დროს, აუმჯობესებს ხელმისაწვდომობას და აძლიერებს სწავლების ხარისხს. თუმცა, მისი გამოყენება მოითხოვს სიფრთხილესა და გააზრებულ მიდგომას. თუ AI არასწორად იქნება გამოყენებული, არსებობს საფრთხე, რომ ჩაახშოს დამოუკიდებელი აზროვნება, რაც განათლების ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ასევე მნიშვნელოვანია ეთიკური საკითხები — მონაცემების დაცვა, სამართლიანობა და ადამიანის როლის შენარჩუნება სწავლების პროცესში.

_ რა იყო თქვენი მთავარი დასკვნა ამ თემაზე მუშაობისას?

_ 21-ე საუკუნეში პრაქტიკულად შეუძლებელია ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შეზღუდვა სკოლებსა და უნივერსიტეტებში. სწორედ ამიტომ, მისი აკრძალვის ნაცვლად, მნიშვნელოვანია მისი გონივრული და მიზანმიმართული ინტეგრაცია სასწავლო პროცესში. AI უნდა განვიხილოთ როგორც დამატებითი საგანმანათლებლო ინსტრუმენტი, რომელიც სწავლას ვიზუალურად მარტივად აღსაქმელს, გასაგებსა და ხელმისაწვდომს ხდის. მისი გამოყენებით შესაძლებელია რთული საკითხების გამარტივება, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სწავლება და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობის გაზრდა. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ტექნოლოგიამ არ უნდა ჩაანაცვლოს დამოუკიდებელი აზროვნება, არამედ ემსახურებოდეს არა მხოლოდ ცოდნის მიღებას, არამედ პიროვნულ და ინტელექტუალურ განვითარებას.

_ რა გამოცდილება მიიღეთ Erasmus+-ის პროექტებში მონაწილეობით?

_ „Erasmus+-ის პროექტში მონაწილეობამ, რომელიც ტუტორინგსა და მენტორობას ეხებოდა, მრავალმხრივი და ღირებული გამოცდილება შემძინა. ამ პროცესში განსაკუთრებით განვივითარე ფასილიტაციისა და მხარდაჭერის უნარები, ვისწავლე სტუდენტებთან/კოლეგებთან ინდივიდუალური მუშაობა და მათი პოტენციალის რეალიზებაში დახმარების გაწევა. პროექტმა გამიღრმავა ემპათიის, აქტიური მოსმენისა და კონსტრუქციული უკუკავშირის გაცემის უნარი, რაც მენტორისთვის გადამწყვეტია. მიღებული ცოდნა კრიტიკული აზროვნებისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების კუთხით, ჩემთვის მყარ პროფესიულ ბაზას ქმნის, რათა მომავალში უფრო ეფექტიანად ვუხელმძღვანელო სასწავლო პროცესებს.

_ რას გულისხმობდა ტრენინგი „ტუტორებისთვის და პროექტების იდეების გენერირება“?

_ ტრენინგი ორიენტირებული იყო ტუტორების პროფესიული უნარების განვითარებაზე. ის მოიცავდა ჯგუფის მართვას, სწავლების პროცესში სტუდენტების მხარდაჭერის მეთოდებს, ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნას და მონაწილეთა ჩართულობის გაზრდას. ტრენინგის მნიშვნელოვანი ნაწილი შეეხებოდა პროექტების იდეების გენერირებას: პრობლემების იდენტიფიკაციას, ინოვაციური გადაწყვეტილებების ძიებას და შემოქმედებითი მიდგომების დანერგვას. ამან დამეხმარა პრაქტიკულად მესწავლა, როგორ შეიძლება კონკრეტული იდეები გადაიქცეს პროექტებად, რომლებიც რეალურად მუშაობენ და იძლევიან შედეგს.

_ როგორ დაგეხმარათ გალა კონფერენციაში მონაწილეობა პროფესიულ განვითარებაში?

_ გალა კონფერენციაში მონაწილეობამ მომცა უნიკალური შესაძლებლობა, ფართო აუდიტორიის წინაშე წარმედგინა პროექტი და ჩემი იდეების ეფექტიანი წარდგენა მესწავლა. ამ პროცესმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჩემს საჯარო გამოსვლის უნარებზე, სტრესის მართვასა და პროფესიული თავდაჯერებულობის ზრდაზე. გარდა ამისა, კონფერენცია იქცა ახალი კონტაქტების, პროფესიული კავშირებისა და ინსპირაციის წყაროდ, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩემს სამომავლო პროექტებსა და კარიერაში.

_ რა რჩევას მისცემდით ბსუ-ს სტუდენტებს, რომლებიც ჯერ არ არიან აქტიურად ჩართულები?

_ გამოიყენეთ ნებისმიერი შესაძლებლობა, ჩაერთეთ ნებისმიერ პროექტში, ისწავლეთ, შეიძინეთ გამოცდილება და განუმეორებელი მოგონებები.  აქტიური სტუდენტური ცხოვრება დაგეხმარებათ არა მხოლოდ პროფესიულ ზრდაში, არამედ მეგობრებთან ურთიერთობაში, საკუთარი „მეს“ პოვნასა და პიროვნებად ჩამოყალიბებაში.

_ რა არის თქვენი მომავალი მიზნები?

_ ჩემი ყველაზე გრძელვადიანი მიზანი საკუთარი სკოლის გახსნაა. ვფიქრობ, ეს იქნება სივრცე, სადაც შევძლებ გავაერთიანო ჩემი ორი პროფესია და ბავშვებს თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების გათვალისწინებით შევთავაზო ხარისხიანი განათლება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს ხელმისაწვდომი ნებისმიერი ბავშვისთვის, მათი ასაკისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების მიუხედავად.

_ როგორ ხედავთ საკუთარ თავს 5 წლის შემდეგ?

_ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფილოსოფოსის - აინ რენდის (ობიექტივიზმის) მიხედვით, აუცილებელია, რომ ყოველმა ადამიანმა გააზრებულად დაგეგმოს საკუთარი ცხოვრება. მიუხედავად ამისა, ჩემთვის რთულია საკუთარი თავის მკაფიოდ დანახვა ასეთ ხანგრძლივ პერიოდში — რამდენიმე წლის შემდეგ. ერთადერთი, რაც ნამდვილად ვიცი, არის ის, რომ წინ მელის  საინტერესო, გამოცდილებით, ახალი შესაძლებლობებითა და თავგადასავლებით სავსე  მოგზაურობა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა