
თიკო სოლომონიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტია. გოგონა ბავშვობიდან სიმღერით არის გატაცებული. ასევე, წარმატებით თამაშობს მაგიდის ჩოგბურთსაც. ჯერ კიდევ მოსწავლეობიდან აქტიური თიკო მიიჩნევს, რომ მას საინტერესო სტუდენტური ცხოვრება ელოდება.
„მე თიკო სოლომონიძე ვარ. ადამიანი, რომელსაც ბევრი ოცნება, მიზანი და სურვილი აქვს. ყოველთვის მჯეროდა, რომ არაფერი არ ხდება შემთხვევით და ყველაფერს თავისი დრო აქვს. მთავარია საკუთარ გზას არ გადაუხვიო.
ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ყველაფერი, რასაც ვაკეთებ და მაბედნიერებდეს. ამიტომ ვერასდროს ვჩერდები ერთ წერტილში. ვცდილობ, აღმოვაჩინო ის თვისებები საკუთარ თავში, რომელიც შემდგომში წარმატების მომტანი იქნება. ძალიან მიყვარს სიმღერა და მინდა მომავალში კარიერულადაც განვვითარდე ამ პროფესიაში. ასევე ვარ მაგიდის ჩოგბურთელი.
მჯერა, რომ ადამიანების წარმატება საკუთარი თავის რწმენით იწყება, ხოლო შემდგომ მიზანდასახულობის, დისციპლინისა და შრომის საფუძველზე ყველაფერი რეალობად იქცევა“.
მე - ჩემ მიერ არჩეული პროფესიის პირისპირ
„ვარ ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის სტუდენტი. საკმაოდ ფართო სპექტრის პროფესიაა და მრავალმხრივ არის შესაძლებელი განვითარება. გამოგიტყდებით, თავიდან სულ სხვა პროფესიაზე მსურდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ როგორც უკვე ვახსენე, არაფერი არ ხდება შემთხვევით. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ შესაძლოა ამ პროფესიას ჩემში ინტერესი გამოეწვია. დღეს კი, სწორედ ამ სფეროს უკავშირდება ჩემი სამომავლო გეგმები და მიზნები“.
ჩემი სამომავლო გეგმები და მიზნები
„ჩემი თითოეული ოცნება, სურვილი თუ მიზანი, ბავშვობის მოუსვენარი თიკოსგან მოდის. მახსოვს, როგორ ავიღებდი ნებისმიერ ნივთს, თითქოს მიკროფონი იყო და წარმოვიდგენდი - დიდ სცენაზე ვიდექი. დღევანდელ რეალობაშიც ყველაზე დიდი მიზანი, კვლავ სცენაზე დგომა და სიამოვნებისგან მომღიმარი ადამიანების სახის დანახვაა.
ჩემი გეგმები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. რასაკვირველია, მსურს უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ჩემი ცოდნა და ის დახარჯული ენერგია, რომელსაც ამ პერიოდის განმავლობაში გავიღებ, ნაყოფიერად გამოვიყენო. მართალია ამ ეტაზე და ამ გადმოსახედით ჯერ ვერ ვხვდები სად შეიძლება მომავალში გამოვიყენო ეს ყველაფერი, თუმცა დრო და გამოცდილება თავისით შექმნის საჭირო მომენტებს“.
მე და ბსუ
მე და ბსუ-ს ურთიერთობა ამ ეტაპზე უზარმაზარი ლაბირინთია, სადაც დანიშნულების ადგილს თუ გადავუხვიე, შეიძლება სწორ წერტილს ვერ მივაგნო.
ბსუ ჩემს ქალაქში ერთადერთი სახელმწიფო უნივერსიტეტია. ამიტომ ბევრი ფიქრი არც დამჭირვებია, თუ სად დაიწყებოდა ჩემი სტუდენტური ცხოვრება. ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა, რაც აქ სტუდენტის სტატუსით ვარ. ამიტომ, რთულია ვრცლად ვისაუბრო, მაგრამ მჯერა, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მარტივად ავუღებ ალღოს ბსუ-ს ცხოვრების რიტმს“.
პირველკურსელი თიკოს ოცნებები
„ამ ეტაპზე ყველაზე მეტად რაც მინდა არის ის, რომ გავხდე ბსუ-ს სტიპენდიანტი. ვიცი, რომ ამისთვის ბევრი შრომა იქნება საჭირო. მზად ვარ, რომ თითოეულ გამოწვევას მყარად შევხვდე და ის ოცნებები, რომელიც ჩემს გონებაში ტრიალებს, ვაქციო რეალობად“.
| უკან |
