გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

„ცოცხალი ლაბორატორია: მეცნიერება ბათუმის ბოტანიკურ ბაღში“

სურათი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2026 წლის მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნობრივ, საგრანტო პროექტების კონკურსში გაიმარჯვა ა(ა)იპ ბათუმის ბოტამიკური ბაღის მიერ წარდგენილმა პროექტმა ,,ცოცხალი ლაბორატორია: მეცნიერება ბათუმის ბოტანიკურ ბაღში“. პროექტი საგანმანათლებლო ტიპისაა, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო სკოლის VII-IX მოსწავლეებისთვის მეცნიერების, განსაკუთრებით ბოტანიკის, ეკოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების პრაქტიკული და საინტერესო ფორმით გაცნობას.

გაზეთ „ბათუმის უნივერსიტეტის“ კითხვებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, პროექტის განმახორციელებელი, ისტორიის დოქტორი _ ბატონი გურამ ჩხატარაშვილი პასუხობს.

_ რას გულისხმობს პროექტი „ცოცხალი ლაბორატორია“ და რა არის მისი მთავარი მიზანი?

_ პროექტის მთავარი იდეა ითვალისწინებს იმას, რომ მეცნიერების სწავლა მხოლოდ საკლასო ოთახსა და სახელმძღვანელოთ არ უნდა შემოიფარგლოს. ბათუმის ბოტანიკური ბაღი ამ შემთხვევაში ერთგვარ „ცოცხალ ლაბორატორიად“ იქცევა, სადაც მოსწავლეები მცენარეებსა და ბუნებრივ გარემოს უშუალოდ აკვირდებიან, ატარებენ მარტივ ექსპერიმენტებს და თავად მონაწილეობენ მცირე კვლევით პროცესებში. ჩვენი მიზანია, გავზარდოთ მოსწავლეების ინტერესი მეცნიერების მიმართ და მათ ბოტანიკა, ეკოლოგია და ბიომრავალფეროვნება პრაქტიკული გამოცდილებით გავაცნოთ.

_  რატომ შეირჩა პროექტის სამიზნე ჯგუფად VII–IX კლასის მოსწავლეები?

ეროვნული სასწავლო გეგმით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების VII-IX კლასის მოსწავლეები ეუფლებიან ბიოლოგიას, სადაც ცალკეული პარაგრაფების სახით განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა: მცენარეთა სამყარო, ეკოსისტემები, გარემო და ბიომრავალფეროვნება. პროექტი მათ საშუალებას მისცემს, სასკოლო პროგრამით მიღებული თეორიული ცოდნა რეალურ, ბუნებრივ გარემოში გამოსცადონ. ამასთან, ეს ასაკი მნიშვნელოვანია პროფესიული ინტერესების ჩამოყალიბებისთვისაც და პროექტმა შესაძლოა მოსწავლეებს მომავალში ბოტანიკის, ეკოლოგიის, აგრონომიისა თუ გარემოს დაცვის მიმართულებების მიმართ გაუჩინოს ინტერესი.

_ რა იქნება პროექტის ყველაზე საინტერესო და პრაქტიკული ნაწილი მოსწავლეებისთვის?

_ მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, იმუშაონ ბოტანიკური ბაღის ცოცხალ კოლექციებთან, ჰერბარიუმში, სანერგესა და სათბურებთან, ჩაატარონ საველე დაკვირვებები, მოახდინონ მცენარეთა იდენტიფიცირება და სხვ. ისინი შექმნიან ჰერბარიუმს, შეასრულებენ მარტივ ექსპერიმენტებს წყლის, ტემპერატურისა და ნიადაგის გავლენის შესახებ და დააკვირდებიან მცენარის ზრდას. ამ მიზნით, ვფიქრობთ, რომ პროექტში ერთ-ერთი საინტერესო მიმართულება უნდა იყოს ,,ახალგაზრდა ბოტანიკოსი“.

_ რას გულისხმობს „ახალგაზრდა ბოტანიკოსების“ მიმართულება?

_ ეს პროექტის ერთ-ერთი პრაქტიკული კომპონენტი იქნება, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები უშუალოდ ჩაერთვებიან მცენარეებთან მუშაობაში. ისინი დათესავენ თესლებს, გადარგავენ ნერგებს, დააკვირდებიან მცენარის ზრდას და შეადარებენ სხვადასხვა პირობებისა და სუბსტრატის გავლენას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება დაკვირვების შედეგების ჩაწერას, რათა მოსწავლემ საკუთარი გამოცდილება მცირე კვლევის სახით აღიქვას.

_  რას ნიშნავს „ახალგაზრდა ბოტანიკოსის დღიური“?

_ „ახალგაზრდა ბოტანიკოსის დღიური“ მოსწავლეებისთვის ერთგვარი კვლევითი ჩანაწერების სივრცე იქნება, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს მცენარის შესახებ დაკვირვებები, მონაცემები, აღწერები, ჩანახატები და ექსპერიმენტენი აწარმოონ. ასეთი მიდგომა ბავშვებს ასწავლის არა მხოლოდ მცენარის დანახვას, არამედ დაკვირვებას, კითხვების დასმას, შედეგების შედარებასა და დასკვნის გაკეთებას.

_  რას გულისხმობს აქტივობა „ჩემი პირველი მცენარე“?

_ ამ აქტივობის იდეაა, რომ თითოეულ მონაწილეს ჰქონდეს საკუთარი მცენარე, რომლის გაზრდის პროცესსაც თავად დააკვირდება. მოსწავლე მცენარის დათესვიდან მის განვითარებამდე მიიღებს პრაქტიკულ გამოცდილებას. პროექტის იდეით, საბოლოო ეტაპზე შესაძლებელია ამ მცენარის სახლში ან სკოლაში გადატანა და იქ არსებულ ნაკვეთზე განთავსება, რაც მიღებულ ცოდნასა და გარემოზე პასუხისმგებლობის განცდას ყოველდღიურ ცხოვრებას დაუკავშირებს.

_  რა ცოდნისა და უნარების განვითარებას ელოდებით პროექტისგან?

_ პროექტის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იქნება კვლევითი და პრაქტიკული უნარების განვითარება. მოსწავლეები ისწავლიან დაკვირვებას, მონაცემების შეგროვებას, მცენარეების აღწერასა და შედარებას, მარტივი შედეგების გაანალიზებას და საკუთარი მოსაზრების წარდგენას. ამასთან, პროექტი ხელს შეუწყობს კრიტიკული და მეცნიერული აზროვნების განვითარებას, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაძლიერებას და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის უკეთ გააზრებას.

_ რატომ არის ბათუმის ბოტანიკური ბაღი ასეთი მნიშვნელოვანი ადგილი ამ პროექტისთვის?

ბოტანიკური ბაღი პროექტისთვის განსაკუთრებულ შესაძლებლობას იძლევა, რადგან აქ მოსწავლეს შეუძლია ბუნებრივ გარემოში, ცოცხალ კოლექციებთან და სხვადასხვა ტიპის მცენარეულობასთან მუშაობა. ასევე, ბაღში არსებული ინფრასტრუქტურა - სასათბურე და სანერგე გაყოფილებები, კვლევითი და საგანმანათლებლო სივრცეები საშუალებას იძლევა, თეორიული ცოდნა პირდაპირ პრაქტიკულ გამოცდილებას დავუკავშიროთ. სწორედ ამიტომ პროექტის სახელწოდებაში „ცოცხალი ლაბორატორია“ შემთხვევითი არ არის.

_ ვინ მუშაობს პროექტზე და რა მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა სპეციალისტის ჩართულობას?

_ პროექტის მდგრადობას, გარდა ინსტიტუციური ჩართულობისა, განაპირობებს მასში მონაწილე ძირითადი და დამხმარე პერსონალის გამოცდილება და შესაბამისი კომპეტენცია. შესაბამისად, მასში ჩართულია - ბოტანიკოსები, აგრონომები, მცენარეთა დაცვისა და აგროეკოლოგიის მიმართულების სპეციალისტები და სხვ. ასეთი მულტიდისციპლინური გუნდი პროექტში მონაწილე მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ მცენარეებისა და გარემოს შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა პროფესიული მიმართულებით მიეწოდებათ და აჩვენებს, როგორ უკავშირდება მეცნიერების სხვადასხვა სფერო ერთმანეთს.

_ რა არის პროექტის გრძელვადიანი მიზანი და გაგრძელდება თუ არა მისი შედეგები პროექტის დასრულების შემდეგ?

_ პროექტის მიზანი მხოლოდ რამდენიმე საგანმანათლებლო შეხვედრის ჩატარება არ არის. მნიშვნელოვანია, რომ შექმნილი სასწავლო მასალები, პრაქტიკული დავალებები, ჰერბარიუმი და საველე სამუშაოების გამოცდილება მომავალშიც დარჩეს საგანმანათლებლო რესურსად. ასევე შესაძლებელია მომავალში უფრო გაიზარდოს მსმენელთა აუდიტორია და აქცენტი გაკეთდეს არაფორმალურ განათლებაზე. ჩვენი მიზანია, ბათუმის ბოტანიკური ბაღი კიდევ უფრო აქტიურად ჩამოყალიბდეს მეცნიერების პოპულარიზაციისა და ახალგაზრდების გარემოსდაცვითი განათლების სივრცედ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა