
მიმდინარე წლის 12 ნოემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესორ ნათია ფარტენაძის წიგნის - „მარტივი წინადადების სინტაქსი - სწავლების მეთოდიკა” - პრეზენტაცია გაიმართა. სახელმძღანელოს რეცენზენტი პროფესორი მაია კიკვაძე გახლავთ. გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი” მკითხველს სწორედ რეცენზენტის შეფასებას, გულთბილ მილოცვასა და სურვილებს სთვაზობს, რომლის ადრესატიც უძვირფასესი კოლეგა ნათია ფარტენაძე გახლავთ.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ნათია ფარტენაძე დაიბადა 1971 წელს, ბათუმში. მიმდინარე წელი მისთვის საიუბილეოა. 1995 წელს მან წარჩინებით დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ამის შემდეგ დაიწყო ქალბატონი ნათიას სამეცნიერო გზა. მან ასპირანტურა გაიარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი ქართული ენის სპეციალობით.
2002 წელს ნათია ფარტენაძემ წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ზმნისწინი საშუალ ქართულში“ და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
მრავალმხრივი და ნაყოფიერია ქალბატონი ნათიას მოღვაწეობა ბათუმის უნივერსიტეტში. ადმინისტრაციული საქმიანობის პარალელურად, იგი სისტემატიურად ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას. ნათიას განსაკუთრებული ინტერესის სფეროა ქართული ენის სინტაქსი, ფუნქციური გრამატიკისა და ქართული ენის სწავლების მეთოდიკის აქტუალური საკითხები. სწორედ ამ საკითხებს ეძღვნება მისი სამეცნიერო პუბლიკაციები, მოხსენებები წაკითხული რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო კონფერენციებზე. აღსანიშნავია, რომ წლების მანძილზე ქალბატონი ნათია მუშაობს მარტივი წინადადების სინტაქსის სწავლების საკითხებზე.
ამჯერად ჩვენ წინაშეა ნათია ფარტენაძის მეტად მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო - „მარტივი წინადადების სინტაქსი - სწავლების მეთოდიკა“, რომელიც ავტორის მრავალწლიანი მუშაობის შედეგია. წიგნი განკუთვნილია სკოლის მასწავლებლებისთვის, ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო საფეხურისა და მასწავლებლის მომზადების პროგრამების სტუდენტებისთვის, ლინგვისტებისა და ქართული სინტაქსის საკითხებით დაინტერესებული მკითხველისთვის.
სახელმძღვანელო მეთოდურად ღირებულია. ავტორის მიერ გათვალისწინებულია წლების მანძილზე სტუდენტებთან მუშაობის პროცესში წამოჭრილი სირთულეები. თეორიულ საფუძვლებთან ერთად ავტორი გვთავაზობს პრაქტიკული ხასიათის დავალებებს, რომლებიც შედგენილია სწავლების თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით.
უმაღლესი განათლების ყველა საფეხურზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებას. ამ სახელმძღვანელოს მეშვეობით სკოლის მასწავლებელი, სტუდენტი, მოსწავლე თუ სინტაქსის სწავლებით დაინტერესებული ადამიანი მისთვის საინტერესო ბევრ კითხვაზე იპოვის პასუხს. მათ ხელთ ექნებათ მეთოდურად გამართული, წინადადებებით დატვირთული, სქემებით მდიდარი წიგნი.
მკითხველისთვის მიმზიდველია სახელმძღვანელოს სტრუქტურა, თეორიული ჩარჩო, ტერმინოლოგიური მიგნებები. ავტორი სინტაქსის სწავლებასთან დაკავშირებით გვთავაზობს სადავო ინტერპრეტაციებს, სიტუაციების ანალიზს, მარტივი წინადადების სრულყოფილ ანალიზს, ცოდნის შესამოწმებელ კითხვებს, პასუხების ჩვენებით, რაც სახელმძღვანელოს ღირსებად უნდა ჩაითვალოს.
სახელმძღვანელოში კარგად ჩანს, თუ რა არის ავტორის მიზანი და რას ელოდება იგი აუდიტორიისაგან. აუდიტორია, სტუდენტები ყველაზე კარგი, კრიტიკული შემფასებლები არიან და აქაც დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ქალბატონი ნათიას სახელმძღვანელო მათთვის ნამდვილად საჭირო შენაძენი იქნება. მარტივი წინადადება არის საფუძველი, ბაზა შემდგომი საფეხურის სინტაქსის სწავლებისა.
გზა დავულოცოთ ამ კარგ საქმეს, წარმატებები ვუსურვოთ ავტორს იმ მოლოდინით, რომ უახლოეს მომავალში ხელთ გვექნება მეორე ნაწილი - „რთული წინადადების სინტაქსი - სწავლების მეთოდიკა“.
ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი მაია კიკვაძე
| უკან |

