სემინარები

ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ_თანამშრომელი ოლეგ ჯიბაშვილი. სასემინარო თემა -"კრწანისის ბრძოლა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები XVIII ს-ის უკანასკნელ მესამედში" სემინარი გაიმართება 25.10.2018 ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტურის ბიბლიოთეკაში

კრწანისის ბრძოლა და
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები
XVIII -ის უკანასკნელ მესამედში

1747 წელს შეთქმულებმა ხორასანში ირანის უკანასკნელი დიდი მბრძანებელი − ნადირ-შაჰი მოკლეს. ირანი ანარქიამ მოიცვა. თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის მიერ პრაქ­ტიკულად უკვე გაერთიანებული ქართლ-კახეთისათვის ხელსაყრელი დრო დადგა დამოუ­კიდებელი პოლიტიკის საწარმოებლად. მამა-შვილი აქტიურად ჩაება ამი­ერკავკასი­აში ჰეგემონობისათვის გამართულ ბრძოლაში და 40-50-იან წლებში მათ მნიშვნე­ლო­ვან წარმატებებსაც მიაღწიეს.

ამიერკავკასიაში ქართლ-კახეთის ჰეგემონობა შენარჩუნებული იყო 1760-70-იანი წლების მიჯნაზეც, როცა ამ სამეფოს ერთპიროვნული მმართველობის სადა­ვე­ები ერეკლე მეფის ხელში იყო მოქცეული. წარმატებით მიმდინარეობდა ქვეყნის შემდგომი განვითარების პროცესი, რასაც მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს ერთი მხრივ ირანსა და ოსმა­ლეთში გაბატო­ნებული ყოვლისმომცველი სახელმწიფოებრივი კრიზისი, მეორე მხრივ კი მზარდი რუსეთის ჯერ კიდევ არამყარი პოზიციები კავკასიაში.

1760-იანი წლების მიწურულს პოლიტიკურმა პრობლემებმა რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიები შეჯახებამდე მიიყვანა. რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომში ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II რუსეთის მხარეზე გამოვიდა. რუსეთთან ალიანსში იგი ოსმალთაგან მიტაცებული ქართული მიწების განთავისუფლებას ისახავდა მიზნად. მოკავშირისადმი პეტერბურგისა და მისი წარმომადგენლების დამოკიდებულებამ ერეკლეს მისწრაფებები ჩაშალა, თანაც ქართლ-კახეთის სამეფოს სერიოზული პრობლემებიც შეუქმნა. ამან გარკვეულწილად შეასუსტა პრორუსული ორიენტაცია თბილისში.

XVIII საუკუნის ბოლოსათვის რუსეთის იმპერიის წინაშე აქტიურად დადგა ამიერკავკასიაში დამკვიდრების საკითხი. რუსულმა პოლიტიკამ აღმოსავლეთისაკენ გაფართოების პლაცდარმად ქართლ-კახეთის სამეფო აირჩია. ზემოქმედების ყველა საშუალების გამოყენებით ერეკლე II აიძულეს 1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებით რუსეთის იმპერიის მფარველობა მიეღო, მალე კი რუსმა პოლიტიკოსებმა ქართლ-კახეთის სამეფოს ინკორპორაციისათვის დაიწყეს მზადება. ამისათვის  ერეკლე II იმდენად უნდა დასუსტებულიყო მეზობლებთან ბრძოლაში, რომ შესაძლებელი გამხდარიყო მისი სამეფოს უმტკივნეულო მიერთება. ამ მიზნით გაძლიერდა რუსეთის აგენტურის მოქმედება საკუთრივ ქართლ-კახეთის ტერიტორიაზეც.

ალ. ჯამბაკურ-ორბელიანის წერილებიდან ცნობილია, რომ ამ საქმეში განსაკუთრებით სომხური დაჯგუფება გამოირჩეოდა. „სომხური დასი“ რუსეთიდან იმართებოდა და ქართლ-კახეთში ფართომასშტაბიან ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდა. საქართველოსათვის უარყოფითი როლი ითამაშა მან გეორგიევსკის ტრაქტატის დადების დროსაც.

სომეხთა გარკვეული წრეების ანტიქართულ საქმიანობას თავისი მიზეზები გააჩნდა. ისინი რუსეთის დახმარებით ამიერკავკასიაში საკუთარი სახელმწიფოებრიობის აღდგენას ცდილობდნენ. ამ იდეის ერთ-ერთი აქტიური სულისჩამდგმელი კათოლიკოსი სიმეონ ერევანცი იყო.

რუსეთმა შესძლო აღა-მაჰმად-ხანის საქართველოში შემოსევის პროვოცირება, ხოლო საქართველოში მოქმედმა მეხუთე კოლონამ „სომხური დასის“ მეთაურობით მართვადი ქაოსი შექმნა ქვეყანაში, რამაც კრწანისის ტრაგედია გამოიწვია.

კრწანისის ბრძოლაში ქართლ-კახეთის დამარცხებამ ნიადაგი მოამზადა აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთთან მიერთებისათვის.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა