საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში ციტრუსოვანთა კულტურებს შორი მანდარინი „უნშიუ“, შედარებით მაღალი ყინგვაგამძლების, ყველაზე მეტადაა გავრცელებული. ნაშრომში წარმოდგენილია მანდარინ „უნშიუ“-ს ნაყოფში (ქერქი, რბილობი) ბიოქიმიური და ხარისხობრივი მაჩვენებლების ცვლილება შენახვამდე და შენახვის შემდეგ, აზოტოვანი სასუქების სხვადასხვა ფორმების გამოყენების ფონზე. რბილობში დაფიქსირებულია ასპარაგინი, ციტრულინი, γ-ამინოცხიმოვანი მჟავა, β-ალანინი, ტრიფტოფანი, ნაყოფების შენახვამდე და შენახვის შემდეგ. თავისუფალი ამინომჟავების მაღალი შემცველობაა ახლად მოკრეფილ ნაყოფებში. როგორც ქერქი, ასევე რბილობი შენახვამდე და შენახვის შემდეგ არ შეიცავს: ტაურინს, ფოსფოეთანოლალანინს, შარდოვანას, ჰიდროქსიპროლინს, სარკოზინს, α-ამინოცხიმოვან მჟავას, α-ამინოადიპინს, ცისტატიონს, β-ამინოიზოცხიმს, 1-მეთილჰისტიდინს, 3-მეთილჰისტიდინს, კარნოზინს. მანდარინ „უნშიუ“-ს რბილობში აღინიშნება ამინოდიკარბონმჟავების (ასპარაგინისა და გლუტამინის) და ალანინის მნიშვნელოვანი უპირატესობა როგორც საკონტროლო, ასევე აზოტოვანი სასუქების შეტანის ყველა ვარიანტზე. „შეუცვლელი“ ამინომჟავების შემცველობა აზოტოვანი სასუქების შეტანით იზრდება ქერქსა და რბილობში, ხოლო ტრიფტოფანის შემცველობა - მხოლოდ რბილობში. დიამინოკარბომჟავები - ლიზინი, არგინინი დაფიქსირებულია როგორც რბილობში, ასევე ქერქში, მათი მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება ქერქში - შარდოვანას, შარდოვანა ფორმალდეჰიდური სასუქის (N1 დოზა) და ამონიუმის სულფატის შეტანის ვარიანტებზე. თავისუფალი ამინომჟავების შემცველობის მატებაზე ეფექტური გავლენა გააჩნია აზოტოვანი სასუქების თითქმის ყველა ფორმას, შარდოვანას გარდა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აზოტოვანი სასუქების „დამცველი“ ეფექტი ვლინდება ძირითადად ნაყოფების რბილობის შენახვის დროის გაზრდისას და ნაკლები ხარისხით - ქერქში. შენახვის პერიოდში ნაყოფებში შაქრების და ვიტამინ „C“-ს შემცველობა კლებულობს, რის გამოც ნაყოფების ლპობის ტენდენცია ნაკლებია. აზოტოვანი სასუქები ხელს უწყობს თავისუფალი ამინომჟავების ჯამის ზრდას ნაყოფის რბილობში, ასევე იზრდება რბილობში „შეუცვლელი“ ამინომჟავები, გარდა ტრიფტოფანისა. აზოტოვანი სასუქების გამოყენება მანდარინ „უნშიუ“-ს ბაღში ამაღლებს ნაყოფის ხარისხს და ამცირებს დანაკარგს მისი შენახვისას ჩვეულებრივ პირობებში.
უკან |