2025 წლის 10 ივლისს 14.00 საათზე, 56-ე აუდიტორიაში ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პროფესორი ლელა თავდგირიძე, ასოცირებული პროფესორი ნატო შეროზია და ასისტენტ პროფესორი მაია ბოლქვაძე წარმოადგენენ სამეცნიერო სემინარს თემაზე: “იაკობ გოგებაშვილი დედა ენაზე სწავლების მნიშვნელობის შესახებ.”
იაკობ გოგებაშვილის (1840-1912) პედაგოგიური მემკვიდრეობა, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა, დღესაც ძალიან აქტუალურია და საქართველოს განათლების სისტემის განვითარებისთვის მნიშვნელოვან თეორიულ და პრაქტიკულ საფუძველს წარმოადგენს. გოგებაშვილის, როგორც ქართული პედაგოგიური მეცნიერების ფუძემდებლისა და „ქართული ანბანის“ შემქმნელის იდეები მშობლიურ ენაზე სწავლების მნიშვნელობის შესახებ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.
კვლევის მიზანია იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიური მემკვიდრეობის მრავალმხრივი ანალიზი მშობლიურ ენაზე სწავლების მნიშვნელობის შესახებ და მისი თანამედროვე აქტუალობის დადგენა. ამ მიზნის მისაღწევად, დავისახეთ შემდეგი ამოცანები: იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და პედაგოგიური მოღვაწეობის შესწავლა. მშობლიური ენის სწავლების მნიშვნელობის გამოკვეთა ეროვნული იდენტობის, კულტურული მემკვიდრეობისა და აზროვნების განვითარების კონტექსტში. იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიური მემკვიდრეობის გავლენის კვლევა დაწყებით საფეხურზე. რეკომენდაციების შემუშავება გოგებაშვილის იდეების უკეთ გამოყენებისთვის დღევანდელ სასწავლო პროცესში. კვლევა ჩატარდა აჭარის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლებში. ელექტრონული ფორმით გამოკითხული იქნა მასწავლებლები, სკოლის დირექტორები და მშობლები. გამოკითხვის დროს დავინტერესდით შემდეგი საკითხებით: როგორი იყო იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიური ხედვა და რა ფუნდამენტური პრინციპები უდევს საფუძვლად მის მიერ შემუშავებულ სასწავლო მეთოდიკას? რა განასხვავებს „დედა ენას“ მისი შექმნის პერიოდის სხვა სასკოლო სახელმძღვანელოებისგან და რა პედაგოგიურ ინოვაციებს შეიცავს იგი? რა როლს ასრულებს მშობლიური ენა გოგებაშვილის კონცეფციაში ბავშვის აზროვნების, მსოფლმხედველობისა და ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაში? როგორ აისახება „დედა ენის“ პედაგოგიური პრინციპები თანამედროვე ქართული ენის სწავლების სახელმძღვანელოებში და რამდენად ეფექტურად გამოიყენება ისინი? რა გამოწვევების წინაშე დგას მშობლიურ ენაზე სწავლება გლობალიზაციის ეპოქაში და როგორ შეიძლება იაკობ გოგებაშვილის მემკვიდრეობის გამოყენება ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად? რა რეკომენდაციების შემუშავებაა შესაძლებელი გოგებაშვილის იდეების უკეთ ინტეგრირებისთვის თანამედროვე სასწავლო პროცესში, რათა გაძლიერდეს მშობლიური ენის როლი განათლებაში?
კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ გოგებაშვილის მიდგომა, რომელიც აქცენტს აკეთებს მშობლიური ენის საშუალებით ბავშვის აზროვნების, მსოფლმხედველობისა და ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, კვლავაც ეფექტური და აქტუალურია.
უკან |