მცენარე ტრადიციული მეთოდით მკურნალობისას მთავარი ატრიბუტია. აჭარის მოსახლეობაში ფართოდ არის გავრცელებული მცენარეებით მკურნალობის გამოცდილება და არა ერთი ნაშრომი გვაქვს მიძღვნილი აღნიშნული საკითხის შესწავლას. სამკურნალო მცენარეების გამოყენების უპირატესობას მრავალი ფაქტორი განაპირობებს. ერთ-ერთია ნაკლები მატერიალური დანახარჯი. მეორეც - მომხმარებელი ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ სამკურნალო მცენარეები ბუნებრივი წარმოშობის ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულია და მათი გამოყენებით პრაქტიკულად გამორიცხულია ტოქსიკური მოქმედება და უარყოფითი გვერდითი ეფექტები.
მოსახლეობის ნაწილი, უფრო იაფი რომ დაუჯდეს მკურნალობა, მოსახლეობა თვითონ აგროვებს ველურ ბუნებაში მცენარეებს და თვითონ ამზადებს წამალს სამკურნალოდ. მცენარეები ინახება გამომშრალი სახით, რადგან ნედლი მცენარეული ნედლეული ადვილად ფუჭდება და არ ინახება დიდხანს. გამომშრალი ნედლეული კი, დიდხანს ინარჩუნებს სამკურნალო თვისებებს და ინახება რამდენიმე თვისა და წლების განმავლობაში, რაც იძლევა მისი მარაგების შექმნის შესაძლებლობას. მხოლოდ აუცილებელია ზუსტი ცოდნა იმის შესახებ, თუ რომელი სამკურნალო მცენარე როდის შევაგროვოთ, რა ნაწილი შევაგროვოთ და როგორ გამოვაშროთ. სამკურნალო მცენარე სწორად უნდა ამოვიცნოთ და დროულად დავკრიფოთ, ე.ი. მაშინ, როცა ისინი შეიცავენ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების საკმარის რაოდენობას.
ნაშრომში განხილულია სამკურნალო მცენარეული ნედლეულის არსი, მოცემულია შეგროვების წესების, პირველადი დამუშავების და შენახვის შესახებ ინფორმაცია, რისი ცოდნაც აუცილებელია მცენარის სამკურნალოდ გამოყენებისას. მოყვანილია კონკრეტული მაგალითები. მოსახლეობაში ხშირად გამოყენებული ზოგიერთი სამკურნალო მცენარისათვის, გამოტანილია დასკვნები: სამკურნალო მცენარეული ნედლეულის სწორად შეგროვება, შრობა და შენახვა განაპირობებს ნედლეულის კეთილხარისხოვნებას; დაუშვებელია უცნობი მცენარის ნედლეულის შეგროვება; შეგროვებისას უნდა გავითვალისწინოთ შეგროვების ვადები, მცენარის ზრდა-განვითარების ფაზები და გავრცელების არეალი.
საკვანძო სიტყვები: სამკურნალო მცენარე, სამკურნალო ნედლეული, შეგროვება, შრობა, შენახვა.

უკან |