სემინარები

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი თამილა დავითაძე ამა წლის 7 ივლისს, 12 საათზე ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე: „რელიგია და ქალი დასავლურ ლიტერატურაში“

რელიგიის, კერძოდ, ისლამის დამოკიდებულებაში ქალთა საკითხისადმი, ორი ტენდენცია შეიმჩნევა: პირველი, რეაქციული ან კონსერვატიული, რომელიც გულისხმობს მისწრაფებას, რომ ქალის ემანსიპაცია შეიზღუდოს ისლამის ჩარჩოებით, მეორე - რადიკალური, რომელიც ცდილობს დაამტკიცოს რომ ქალის განთავისუფლება მუსლიმურ სამყაროში, მისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება, მისი ჩართვა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, სულაც არ ეწინააღმდეგება ისლამის ნორმებს. ამ თვალსაზრისით, ძალზედ საინტერესოა რელიგიისა და ქალის ურთიერთმიმართების საკითხი თანამედროვე დასავლურ ლიტერატურაში. ჩვენ გვაინტერესებს თანამედროვე, შეცვლილი მუსლიმი ქალების თვითიდენტიფიცირება და დამოკიდებულება არსებული დომინანტური აღქმების მიმართ და გამოვყოფთ შემდეგ საკითხებს: ისლამის თანამედროვე მოდერნიზაციის მნიშვნელობა ქალთა საკითხთან დაკავშირებით, ასევე, განათლების საკითხი და როლი მუსლიმ ქალთა საზოგადოებაში; განვიხილავთ რა, განსხვავებული ასაკისა და გამოცდილების მქონე მუსლიმ ქალთა სახეებს, პოპულარული თანამედროვე ამერიკელი მწერლის, ჯინ სესსონის შემოქმედების მაგალითზე, აღვნიშნავთ, რომ მათ ცხოვრებაში ისლამს, როგორც რელიგიასა და ცხოვრების წესს,  დიდი მნიშვნელობა და გავლენა აქვს. ავტორის თხრობა ეფუძნება, უნიკალურ დოკუმენტებს და გამოცდილებას, რომელიც მან ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივად ყოფნის დროს მიიღო. უსაფრთხოების მიზნით, ზოგიერთი რამ, მათ შორის სახელები შეცვლილია. პირადი დღიურები და ჩანაწერები, სულთანამ (პრინცესამ), თავად გადასცა მწერალს, რომლის მიხედვითაც ამ უკანასკნელმა თანამედროვე სამყაროს აღმოსავლურ სინამდვილეში არსებული ადამიანური ტრაგედია მხატვრულ სინამდვილედ აქცია. რომანი დაწერილია ეპისტოლარულ ჟანრში და წინ წამოსწევს არაბეთში  ქალთა მდგომარეობის საკითხს. ქალი-პერსონაჟი, თავისი ბრძოლისუნარიანობით, შეუვალობით, პრინციპულობით, თავისუფლებისადმი ლტოლვით, არსებული სინამდვილისადმი შეურიგებლობით და დაპირისპირებით დასავლური რომანის ტიპიურ სახედ გვევლინება; ქალის მხრიდან ტრადიციების წინააღმდეგ ამხედრება, უსამართლო სამყაროსთან  დაპირისპირება აღმოსავლურ სინამდვილეში მკაცრად ისჯება და სიკვდილის თანასწორია, მიუხედავად ამისა, დასავლური სულიერი ღირებულებების და პრინციპების მატარებელი სესსონის გმირი ბოლომდე იბრძვის და არ კარგავს იმედს, რომ ამ გზით მოიპოვებს ბედნიერებას. მხატვრული სინამდვილის გარდა, მიმოვიხილავთ მუსლიმ იდეოლოგთა შეხედულებებსაც, რომლის მიხედვითაც, როგორც ტრადიციონალისტების, ისე მოდერნისტებისათვის, საერთოა ის, რომ ყურანისა და შარიათის მოთხოვნები სავალდებულოდ მიაჩნიათ და ისლამს აღიარებენ ყველა დროის იდეოლოგიად. ძნელად მოიპოვება წიგნი, ან ავტორი, რომელიც ამ იდეოლოგიას და რწმენას უხეშად, გაუაზრებლად ან კატეგორიულობით ეხება. მაგალითისთვის, ისევ ჯინ სესსონის წიგნების სერიას - „არაბი პრინცესას დღიურებს“ მოვიხმობთ, სადაც ავტორი თაობების მაგალითზე ქალთა უმძიმეს მდგომარეობაზე მოგვითხრობს და შეგნებულად იკავებს თავს ისლამის, ან მისი იდეოლოგიის შეფასებას, მაშინ, როცა, რომანში გარკვეულწილად იკვეთება, რელიგიის, როგორც იარაღად გამოყენების მცდელობა.

ამგვარად, ჯინ სესსონის - „არაბი პრინცესას დღიურები“ - აღმოსავლურ სინამდვილეზე აგებული, დასავლური ფასეულობებით გამსჭვალული რომანია, რომელიც რელიგიის როლის შეფასებას ქალთა ცხოვრებაში მკითხველს მიანდობს, თუმცა, ფარდას ხდის იმ მნიშვნელოვან პრობლემებს, რომლებიც ერთნაირად აღელვებს, როგორც აღმოსავლეთს, ისე დასავლეთს. აქვე დავძენთ, რომ არაბი მწერალი ქალებიც შესაშური პირდაპირობით წერენ ყველა პრობლემაზე და არცთუ იშვიათად თავიანთი ინტიმური განცდების აღწერასაც არ ერიდებიან, თუმცა, ჯინ სესსონის გმირები, საზოგადოების, ოჯახის, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის პრობლემატიკას რელიგიის ჭრილში, უფრო მკვეთრად და რეალურ ამბებზე დაყრდნობით წარმოაჩენენ, რასაც მოწმობს მემუარები და ჩანაწერები, რომელსაც აწარმოებდა ჯინ სესონის მთავარი გმირი რეალურ ცხოვრებაში.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა