საქართველოს სკოლამდელი განათლების სფეროში დღეისათვის სისტემურ პრობლემას წარმოადგენს აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით მომზადებული კვალიფიციური კადრების პოტენციალის შრომის ბაზარზე რეალიზებასთან დაკავშირებული შეზღუდვები. სემინარი მიზნად ისახავს ამ მდგომარეობის ანალიზისა და პრობლემის მოგვარების გზების განხილვა.
ჩატარებული კვლევა ეფუძნება ინტეგრირებულ მეთოდოლოგიას, რომელიც აერთიანებს საკანონმდებლო ბაზის ანალიზს, საგანმანათლებლო პროგრამების შინაარსის შეფასებას და საველე კვლევის მეთოდებს. კვლევის ფარგლებში ჩაღრმავებული ინტერვიუები ჩატარდა ექსპერტებთან, დაწესებულებების წარმომადგენლებთან, პრაქტიკოს აღმზრდელებთან და კურსდამთავრებულებთან. კვლევის ფარგლებში გამოვლინდა მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა ერთი მხრივ, კვალიფიციური კადრების მომზადების ხარისხსა და მეორე მხრივ - მათი შესაძლებლობების რეალურ სამუშაო გარემოში გამოყენებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს შორის.
კვლევა ცხადჰყოფს, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „აღმზრდელი“ კურსდამთავრებულებს ეზღუდებათ დასაქმება აღმზრდელ-პედაგოგის პოზიციაზე, რაც ქმნის კარიერული განვითარების ბარიერს. მიუხედავად იმისა, პროფესიული პროგრამის კურსდამთავრებულებისა და აღმზრდელ-პედაგოგების კომპეტენციები მნიშვნელოვან თანხვედრაშია და პროფესიული პროგრამის კურსდამთავრებულები ფლობენ ამ მრავალმხრივ კომპეტენციებს, მათი რეალური სამუშაო ფუნქციები ვერ ასახავს ამ კვალიფიკაციას. ამასთანავე, კურსდამთავრებულთა 62% განიხილავს სფეროს დატოვების შესაძლებლობას, რაც მიუთითებს სისტემის არამდგრადობაზე. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პრობლემა მეტწილად უკავშირდება აღმზრდელისა და აღმზრდელ-პედაგოგის ანაზღაურებასა და სამუშაო საათებთან დაკავშირებულ დისბალანსს.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „აღმზრდელი" კურსდამთავრებულების შრომის ბაზარზე ინტეგრაციასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას (კანონმდებლობის გადახედვას, კარიერული განვითარების მექანიზმების ჩამოყალიბებას, ანაზღაურების სისტემის ოპტიმიზაციას და სხვ.). ვფიქრობთ, ასეთი კომპლექსური მიდგომა უზრუნველყოფს როგორც სისტემის მდგრადობას, ისე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის ამაღლებას.
უკან |