2026 წლის 28 მაისს 13:00 საათზე 46-ე აუდიტორიაში ჰუმანიტარულ მენიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდენობის დარგობრივი დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი მანუჩარ ლორია ჩაატებს სემინარს თემაზე: „კვების ხალხური კულტურა: ქართულ-აღმოსავლური პარალელები“
კვების ხალხური კულტურა: ქართულ-აღმოსავლური პარალელები
თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში კულტურული იდენტობა წარმოადგენს დინამიკურ და მრავალშრიან პროცესს, რომელიც მუდმივად განიცდის ტრანსფორმაციას. სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ცვლილებების ინტენსიფიკაცია, ერთი მხრივ, იწვევს ტრადიციული პრაქტიკების გადახედვას, ხოლო, მეორე მხრივ, ზრდის მათი სიმბოლური მნიშვნელობის საჭიროებას. მოხსენებაში გაანალიზებულია ტრადიციული კვების კულტურის როლი ეთნიკური იდენტობის კონსტრუქციის პროცესში საქართველოში. კერძოდ, ქართულ-აღმოსავლური პარალელები განხილულია საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების მაგალითზე.
სამზარეულო, როგორც მეხსიერების მატარებელი სიმბოლო, მნიშვნელოვან როლს თამაშობს იდენტობის შენარჩუნებაში, განსაკუთრებით, სახელწიფოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებში, რომელთათვისაც სამზარეულო ეროვნულ ფესვებთან უწყვეტი კავშირის ერთგვარი სიმბოლოა. ეთნიკურ ჯგუფებს შორის კომუნიკაციის ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებას წარმოადგენს სუფრა, საერთო ტრაპეზი, რომელიც ერთდროულად არის მრავალფეროვნებაც და ერთობაც, სადაც თითოეული ეთნიკური ჯგუფი ყველაზე უკეთ ავლენს არა მხოლოდ საკუთარი ნაციონალური სამზარეულოს თავისებურებებს, არამედ თავისი ეროვნული ხასიათის შტრიხებს, ნიუანსებს; საქართველოშიც ხომ სწორედ ასე იყო ოდითგან: მრავალენოვან თბილისურ ეზოებში საერთო ტრაპეზს უამრავ სუნელ-სანელებლით შეკმაზული ფლავით ამშვენებდა აზერბაიჯანელი დიასახლისი, სუფრაზე ოხშივარადენილ, უგემრიელეს დოლმას შემოდგამდა სომეხი, ცვრიანი მწვადით მოიწონებდა თავს ქართველი, ებრაული ყალიას სურნელი გააბრუებდა ეზოს, გვერდიგვერდ ეწყო შვაბიური ლორი და უკრაინული სალა, ქართული კუპატი და სომხური სუჯუკ-ბასტურმა, ქართულ ხაჭაპურს გვერდს უმშვენებდა ოსური ხაბიზგინა და გერმანული ფუნთუშა, ქართულ ღვინოს - აზერბაიჯანული ნარშარაფ//მარშარაფი და სომხური კონიაკი, ქართულ ტყემალს - ბერძნული ძაძიკი....თამადის ომახიან სადღეგრძელოს „დაგენაცვლეთი“ შეეხმიანებოდა ებრაელი, „ცავატანემო“ - მოეფერებოდა სომეხი, „ალასახლასინ“ - შეუხმატკბილებდა აისორი....
საქართველოში მცხოვრები ეთნოსების ტრადიციული კულინარია, ერთი მხრივ, ტრადიციების დროში გამძლეობისა და სიცოცხლისუნარიანობის გამოხატულებაა, ხოლო მეორე მხრივ, ისტორიულად მშვიდობიანი თანაცხოვრების იშვიათი შედეგი, რაც დღევანდელ პოლიეთნიკურ საქართველოშიც გრძელდება.
კვლევა ეფუძნება ხარისხობრივ მეთოდოლოგიას და მოიცავს ეთნოგრაფიულ დაკვირვებას, ზეპირი ისტორიის მეთოდს და დისკურსის ანალიზს. ნაშრომი აჩვენებს, რომ კვების კულტურა აქტიურად მონაწილეობს ეთნიკური იდენტობის ფორმირებაში, შენარჩუნებასა და ტრანსფორმაციაში როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ კონტექსტში.
| უკან |
