სემინარები

2026 წლის 28 მაისს 12:00 საათზე, N41 აუდიტორიაში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, თამილა დავითაძე ჩაატარებს სემინარს თემაზე: "მითი თანამედროვე რომანში".

მითი თანამედროვე რომანში

(ანოტაცია)

მითი განიხილება, როგორც ადამიანური ყოფიერების პირველსახე და სამყაროს შეცნობის ალტერნატიული გზა. მისი ინტეგრირება რომანში ქმნის კავშირს წარსულსა და აწმყოს შორის, რაც თაობებს შორის ერთგვარ დიალოგს გულისხმობს. მითის მეშვეობით რომანი ხდება მრავალშრიანი (პოლიფონიური) და ადამიანის ფსიქიკის სიღრმეებს, სოციალურ კრიზისებს, თუ სხვა სახის პრობლემებს უკეთ წარმოაჩენს. ძველი სიუჟეტების თანამედროვეობაში გადმოტანა და მათთვის ახალი სიცოცლის მინიჭება პოატმოდერნიზმის ეპოქაში სხვა მწერლებთან ერთად ფრანგმა კლასიკოსმა მწერალმა, მიშელ ტურნიემაც სცადა, რომლის შემოქმედება სამი ძირითადი მიმართულე­ბისაა: მითოლოგიური, ფილოსოფიური და რეალისტური. მისი ნაწარმოებები შეიძლება განხილული იქნეს, როგორც რომანი–მითი, რომანი–ლეგენდა, რომ­ლებ­შიც ესა თუ ის ცნობილი სიუჟეტი ავტორისეული ინ­ტერ­პრე­ტირებით, განვითარებით და ჰიპოთეზით არის გადმო­ცე­მული. სწორედ მის მაგალითზე განვიხილავთ თანამედროვე ლიტერატურის ტენდენციებს მითთან მიმართებაში. მწერლის შემოქმედება დამყარებულია ფილოსო­ფიურ, კლასიკურ–ლიტერატურულ, მითურ, ლეგენდურ, იგავ–არაკულ სიუჟეტებზე, სადაც ერთდროულადაა შერწყ­მული ფილოსოფია და ლიტერატურა, ნამდვილი და შეთხ­ზული. მისი შემოქმედების ანალიზისას იკვეთება, რომ მწერალმა ძველიდან ახალი შექმნა: არსებული ტექსტებისა და ამბების (მათ შორის ბიბლიური ნარატივების) ახლებური ინტერპრეტაციით, ინტელექტუალური მისტიციზმით გაჟღენთილი ნაწარმოებები შემოგვთავაზა და ბიბლიური თუ რელიგიური ალუზიებით გააჯერა. ამი­ტომაცაა,  რომ მიშელ ტურნიეს ბრწყინვალე მეზღაპრესა და „მითთა მთხზველს“ უწოდებენ. ამ მითების შექმნის ძირითადი ასპექტი კი უკავშირდება ტურნიეს ხედვას, რომ ადამიანი „მითოლოგიური არსებაა“ და მითების გაცოცხლება შეუძლებელია მათი გადააზრების და ცვლილებების გარეშე. ფ. სელიეს მოსაზრებით, რელიგიური ხასიათის თქმულებებისგან განსხვავებით, რომელსაც „ბიბლიურ მითს“ უწოდებენ, „ლიტერატურული მითის“ დაბადება და განვითარება  ლიტერატურის ფარგ­ლებში ხდება, ამიტომ ბუნებრივია, ეს უკანასკნელი არ უნდა იყოს გაიგივებული მითის ტრადიციულ გან­მარტებასთან (სელიე, 1984). ხდება რა ტრადიციული მითის ინტეგრაცია მხატვრულ ნაწარმოებში, ის იმთავითვე კარგავს თავის საწყის მნიშვნელობას და ავტორის, ამ შემთხვევაში მიშელ ტურნიეს ხელში, იქცევა პოსტმოდერნისტულ რომანად, მისი აზრებისა და მიზნების პროექციის საშუალებად. მაგალითად, ლიტერატურული რემინისცენციებით გაჯერებული ნაწარმოებები „პარასკევა ანუ წყნარი ოკეანის ლიმბები“, „ტყის მეფე“, „გასპარი, მელქიორი და ბალთაზარი“,  ტრადიციული მითის ინვენტირების, ბიბლიური სიუჟეტების, თემა­ტური პროტოტი­პე­ბისა თუ არქეტიპულ სტრუქტურათა სრუ­ლი ტრანსფორმაციის შედეგად, ტურნიემ სრულიად ახალ სემანტიკურ სტრუქტურად, ე.წ. ნეო-მითად აქცია და ორიგი­ნალური, პოსტმოდერნული, ე.წ. „საავტორო“ მითი, შექმნა, რომელიც ეფუძნება დიალექტიკურ აზ­როვნე­ბას, სადაც ძირითადი ყურადღება გადატანილია მითოლოგიური პერსონაჟე­ბის შინაგან სამყაროზე, რომლის საფუძველზეც ხდება ნეომითის სტრუქტურის აგება. მ. ტურნიესთან მითი არის გმირის ემოციე­ბის, შიშის, ფსიქიკური და შინაგანი განცდების ერთობლიობა. იგი თავის ნაწარმოებებში განიხილავს რა ადა­მიანისა და კაცობრიობის მუდმივ და ყოფიერ პრობლემებს მეც­ნიერებისა და რელიგიის, პოლიტიკისა და ზნეობრივი შეხედუ­ლე­ბის სხვადასხვა რაკურსით, მოხერ­ხებულად იყენებს და უთავსებს ერთმანეთს დოკუმენტურსა და შეთხზულს, მითსა და რეალობას, ფორმის ტრადიციულობას და შინაარსის ახ­ლებურობას, რაც საბოლოო ჯამში მწერლის შე­მოქმედების თავისე­ბურებას, მის მხატვრულ მეთოდს, ავტორი­სეულ პოზიციას გან­საზღვრავენ, რითაც იგი განსაკუთრებულ ადგილს იმკვიდრებს ფრანგულ ლიტერატურაში. მ.ტურნიემ მითებისა და მსოფლიო ლიტერატურის კლა­სიკური სიუჟეტების გამოყენებით მხატვრულ პრაქტიკაში შემო­ი­ტანა ფი­ლო­სოფიური აზროვნების მდიდარი გამოცდილება და სიბრძნე.

საკვანძო სიტყვები: ფრანგული ლიტერატურა; პოსტმოდერნიზმი; მიშელ ტურნიე; მითი; ფილოსოფია; თეოლოგია; იგავი; რომანი-პაროდია;


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა