ინკლუზიური ტურიზმი საქართველოში
ანოტაცია
ინკლუზიური ტურიზმი არის ტურიზმის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს თანაბარ და ხელმისაწვდომ გამოცდილებას ყველასთვის, მიუხედავად მათი ფიზიკური, ფსიქიკური, ასაკობრივი, სოციალური თუ კულტურული განსხვავებებისა. მისი მთავარი მიზანია ტურისტული სერვისებისა და ინფრასტრუქტურის იმგვარად განვითარება, რომ მოგზაურობისას არცერთ ადამიანს არ შეექმნას ბარიერი. ინკლუზიური ტურიზმი არა მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობის საკითხია, არამედ მნიშვნელოვანი ეკონომიკური და კულტურული შესაძლებლობა; იგი გულისხმობს ისეთი სამოგზაურო გარემოს შექმნას, სადაც თითოეული ადამიანი თავს დაფასებულად და ჩართულად გრძნობს.
საქართველოს გააჩნია უნიკალური ბუნებრივი და კულტურული რესურსები, რაც პერსპექტიულ გარემოს ქმნის ინკლუზიური ტურიზმისთვის. სახელმწიფო და კერძო სექტორის ინიციატივები, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ტურისტული ობიექტების ადაპტაცია ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმპ) და სხვა ჯგუფების სამოგზაურო შესაძლებლობების გაფართოებას. თუმცა, მიუხედავად პოტენციალისა, ინკლუზიური ტურიზმი მრავალი გამოწვევის წინაშე დგას: ინფრასტრუქტურული შეზღუდვები, ინფორმაციის ნაკლებობა, მომსახურე პერსონალის კვალიფიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები და საზოგადოებაში ცნობიერების დაბალი დონე.
სემინარი მიმოიხილავს ინკლუზიური ტურიზმის განვითარების ამჟამინდელ მდგომარეობას, შესაძლებლობებსა და დაბრკოლებებს. მასში ხაზგასმულია საჯარო და კერძო სექტორის ჩართულობის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, საკანონმდებლო რეგულაციებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა.
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში ინკლუზიური ტურიზმის განვითარება მოითხოვს საკანონმდებლო და სტრატეგიული მიმართულებების გაძლიერებას, სასტუმროებისა და ტურისტული ობიექტების ადაპტაციას, სატრანსპორტო ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და ციფრული ტექნოლოგიების ეფექტურ გამოყენებას.
საბოლოოდ, წარმოდგენილია რეკომენდაციები ინკლუზიური ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც მიმზიდველი და ინკლუზიური ტურისტული მიმართულების პოზიციონირებას.
საკვანძო სიტყვები: ინკლუზიური ტურიზმი, ბარიერების გარეშე მოგზაურობა, შშმ პირებზე მორგებული ტურიზმი, ხელმისაწვდომობა.
| უკან |
