სემინარები

2026 წლის 14 სექტემბერს 12:00 საათზე ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ თურმანიძე ამავე ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში ჩაატარებს სემინარს თემაზე: სოფლის მეურნეობის საწარმოთა კადრების რეპრესიები აჭარაში XX საუკუნის 30-იანი წლების მეორე ნახევარში

აჭარაში სოფლის მეურნეობის ახალი ტიპის საწარმოები: საბჭოთა მეურნეობები და კოლმეურნეობები შეიქმნა საბჭოთა ხელისუფლების ომამდელ პერიოდში. 1937 წლისათვის აჭარაში არსებობდა 18 საბჭოთა მეურნეობა და 254 კოლმეურნეობა. საბჭოთა მეურნეობა სახელმწიფო საწარმო იყო. მას აფინანსებდა სახელმწიფო. არასაკმარისი ფინანსური უზრუნველყოფის პირობებში სახელმწიფო დოტაციას აძლევდა. კოლმეურნეობა კოოპერაციულ საწარმოს წარმოადგენდა, თვითდაფინანსებაზე იმყოფებოდა. 18 საბჭოთა მეურნეობიდან 6 მდებარეობდა ბათუმის რაიონში, 11 ქობულეთის რაიონში, ხოლო ერთი ხულოს რაიონში, რომელიც მალე გაუქმდა.

1937-1938 წლებში მასობრივი რეპრესიები განიცადეს სოფლის მეურნეობის საწარმოთა კადრებმა. მათ დააბრალეს საბოტაჟი, ტერორი, აგიტაცია-პროპაგანდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მიზნით. 1937-1938 წლებში დააპატიმრეს და დახვრიტეს საბჭოთა მეურნეობების ხელმძღვანელი კადრები. მათ შორის იყო გონიოს, ბათუმის, ახალშენის, სალიბაურის, მახინჯაურის, ქობულეთის, ჩაქვის, ბუკნარის, ციხისძირის, კვირიკეს, ალამბარის, ოჩხამურის, ჯიხანჯურის და კოხის ხელმძღვანელი მუშაკები. ასევე ყალბი ბრალდებებით რეპრესირებული იქნა კოლმეურნეობათა თავმჯდომარეების მნიშვნელოვანი ნაწილი.

XX საუკუნის მეორე ნახევარში განხორციელდა რეპრესირებული ადამიანების რეაბილიტაცია. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ რეპრესირებული ადამიანების ოჯახების მიმართ განხორციელდა სოციალური დაცვის ღონისძიებები. ამჟამად ტრაგიკული 37 წელი ისტორიის ფურცლებში შემორჩა როგორც მძიმე მოგონებად.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა