
2025 წლის 7-10 ოქტომბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნატალია ლაზბამ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორმა შოთა როდინაძემ და ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორმა ნათია აბაშიძემ მონაწილეობა მიიღეს საფრანგეთში, პარიზში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „სამხრეთ კავკასიის ცარცის წრე 4“ („South Caucasian Chalk Circle 4“).
კონფერენცია აერთიანებდა ლინგვისტებს, ისტორიკოსებს, სოციოლოგებს და ყველა მომიჯნავე სამეცნიერო მიმართულებას, რომლებიც მუშაობენ კავკასიური ენების სამეცნიერო კვლევის სხვადასხვა ასპექტზე, მცირე ეთნოსების იდენტობის საკითხებზე, მათ შორის სამხრეთ კავკასიური უნიკალური ენების კონსერვაციის პრაქტიკაზე.
კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ საფრანგეთის მკვლევართა მხარდაჭერისა და კვლევის ცენტრი (CNRS), ნანტის უნივერსიტეტი, პარიზის საქალაქო უნივერსიტეტი და უნივერსიტეტი „პარიზი 8“.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფმა კონფერენციაზე წარადგინა მოხსენება და პოსტერი თემაზე:„ენობრივი მემკვიდრეობა და იდენტობა: აფხაზური ენის კონსერვაციის პრაქტიკა აჭარაში“, ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო ვორქშოფებში.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები და დაიგეგმა სამომავლო აკადემიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან. გამოითქვა სურვილი, რომ 2027 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლოს აღნიშნული სამეცნიერო მიმართულების მეხუთე საერთაშორისო კონფერენციას - „სამხრეთ კავკასიის ცარცის წრე - V”.
| უკან |





