
გაცნობებთ, რომ ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“ ფარგლებში მოქმედი, „მდგრადი ლურჯი ეკონომიკის პარტნიორობა (SBEP, The Sustainable Blue Economy Partnership)“ აცხადებს თემატური პორტფოლიოს შექმნის კონკურსს, რომელიც დააკავშირებს მიმდინარე პროექტებს და გააძლიერებს კვლევითი ჯგუფების თანამშრომლობას და ქსელურ აქტივობებს 2026-2028 წლების პერიოდში.
ევროპული პარტნიორობები წარმოადგენს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამა “ჰორიზონტი ევროპის” შემადგენელ ნაწილს. პარტნიორობების მიზანია კონკრეტული სამეცნიერო თემატიკის ირგვლივ ევროკავშირის წევრი და ასოცირებული ქვეყნების კონსოლიდირება და კვლევითი აქტივობების კლასიკური სქემებისგან განსხვავებული გზებით დაფინანსება.
მდგრადი ლურჯი ეკონომიკის პარტნიორობა (SBEP, The Sustainable Blue Economy Partnership) თანადაფინანსებული პარტნიორობის ერთ-ერთი მაგალითია. იგი აერთიანებს 30 ქვეყნიდან 70-ზე მეტ პარტნიორ ორგანიზაციას (სამინისტროები, სახელმწიფო სააგენტოები, კვლევის დამფინანსებელი ინსტიტუციები, უნივერსიტეტები, კვლევითი ორგანიზაციები) და ევროკომისიას. პარტნიორობის მიზანია მასში მონაწილე ევროკავშირის წევრი და ასოცირებული ქვეყნების კვლევისა და ინოვაციების რესურსების გაერთიანება, ეროვნულ თუ ევროპულ პოლიტიკურ პრიორიტეტთა მიზნების ერთობლივად მისაღწევად.
SBEP პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილია ორი პორტფოლიოს შექმნა, რომელშიც გაერთიანდება მდგრადი ლურჯი ეკონომიკის პარტნიორობის, ასევე ეროვნული, რეგიონული და ევროკავშირის დაფინანსების მქონე პროექტები შემდეგი თემატური მიმართულებით:
1: ინოვაციები და დიგიტალიზაცია დაბალი ზემოქმედების მდგრადი მცირე მასშტაბის თევზჭერის მართვისთვის ევროკავშირის ზღვის აუზებში (Topic 1: Innovations and digitalisation for low-impact sustainable small-scale fisheries management in EU sea-basins)
2: ინოვაციები ზღვის წყალმცენარეების მეურნეობის მდგრადობის გასაუმჯობესებლად და ცირკულარიზაცია ლურჯ ბიოეკონომიკაში (Topic 2: Innovations for boosting sustainability in marine algae cultivations and circularity in the blue bioeconomy)
SBEP პარტნიორობის მხარდაჭერით, აღნიშნული პორტფოლიოები გააძლიერებენ ტრანსნაციონალურ სინერგიას კვლევებში, ხელს შეუწყობენ მრავალმხრივი თანამშრომლობის გაფართოებას და უკეთესად უპასუხებენ თითოეულ თემაში გამოვლენილ გამოწვევებს. მსგავს საკითხებზე ორიენტირებული პროექტების პორტფოლიოს შექმნა ხელს შეუწყობს მათში განხილული საკითხების მნიშვნელობის გაზრდას და საჭირო გადაწყვეტილებების მისაღებად სამეცნიერო მხარდაჭერის უზრუნველყოფას.
თემატურ პორტფოლიოებში მონაწილეობით იზრდება კოლაბორაცია პროექტებს შორის; პროექტებისა და მკვლევართა ჯგუფების ხილვადობა საერთაშორისო დონეზე; ქსელური კავშირები დაინტერესებულ მხარეებთან; კარიერული წინსვლა, განსაკუთრებით კარიერის დასაწყისში მყოფი მეცნიერებისთვის; ხდება თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება; პროექტის შედეგების პოტენციური ბენეფიციარების იდენტიფიცირება და სხვა.
პორტფოლიოს მონაცემთა ბაზაში მონაწილეობის მისაღებად:
- პროექტები უნდა აკმაყოფილებდეს პორტფოლიოს თემატურ მიმართულებას;
- პროექტები უნდა იყოს მიმდინარე თემატური პორტფოლიოს აქტივობების პერიოდში და უნდა ფინანსდებოდეს რეგიონულ/ეროვნულ/ევროკავშირის საგრანტო სქემებიდან;
- პროექტები უნდა მოიცავდეს სულ მცირე ერთ გეოგრაფიულ არეალს შემდეგი რეგიონებიდან: ხმელთაშუა ზღვა, შავი ზღვა, ბალტიის ზღვა, ჩრდილოეთის ზღვა, ატლანტის ოკეანე. საჭიროების შემთხვევაში, პროექტები შეიძლება მოიცავდეს რეგიონულ არეალებს (მაგ. ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანე, ბარენცის ზღვა, ადრიატიკის ზღვა, ეგეოსის ზღვა და ა.შ.)
- განმცხადებლებს უნდა ჰქონდეთ მზაობა და შესაძლებლობები, ჩაერთონ (თვითდაფინანსების სახით) პორტფოლიოს აქტივობებში (ფიზიკური/ონლაინ შეხვედრები, მონაცემთა გაზიარება და თანამშრომლობა/კავშირების დამყარება, ცნობიერების ამაღლება და სხვა)
- პროექტის ხელმძღვანელები უნდა იყვნენ დასაქმებულნი პარტნიორობის მონაწილე ერთ-ერთი ქვეყნის ორგანიზაციაში და წარმოადგენდნენ ერთ-ერთ სექტორს (მრეწველობა, მთავრობა, კვლევითი ინსტიტუცია და საზოგადოება).
თემატურ პორტფოლიოში მონაწილეობის მიმართ ინტერესის გამოხატვის ბოლო ვადაა 2025 წლის 30 ოქტომბერი.
პორტფოლიოში პროექტების წარდგენით დაინტერესების შემთხვევაში დამატებითი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ დოკუმენტში და მითითებულ ბმულზე.

უკან |