ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ეხმაურება ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს და აცხადებს, რომ ბსუ ერთგულია მისიით გაცხადებული ღირებულებებისა და უნივერსიტეტების დიდი ქარტიის ფუნდამენტური პრინციპების. უნივერსიტეტი თავისი საქმიანობით არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აქტიური ხელშემწყობი და მხარდამჭერი, ვინაიდან ვთვლით, რომ ევროპა ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანი და წარმატებული მომავალია.
უნივერსიტეტი არის ადგილი, რომელიც ქმნის, ამოწმებს, აფასებს და ავრცელებს კულტურას სწავლებისა და კვლევის გზით, რომელიც თავისუფალი უნდა იყოს სხვა ნებისმიერი გავლენისგან. საუნივერსიტეტო საზოგადოებისათვის უპირველესი და უმთავრესი პრიორიტეტებია: ჰუმანიზმი, ღიაობა, ტოლერანტობა, დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრება, ქვეყნის მდგრადი განვითარება, ჩვენი სტუდენტების, პერსონალის და ზოგადად, მოსახლეობის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის დაცვა. შესაბამისად, ცალსახად ვგმობთ ძალადობას და მიუღებლად მიგვაჩნია ყოველგვარი აგრესია როგორც საპროტესტო აქციების მონაწილეების, ასევე სამართალდამცავთა მიმართ. ძალადობა, თავისი შინაარსით, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საზოგადოების განვითარებას და აფერხებს ჩვენს სწრაფვას დასავლური ფასეულობებისკენ.
ამასთანავე, გვსურს გამოვეხმაუროთ სტუდენტთა მომართვას სასწავლო პროცესთან დაკავშირებით და განვმარტოთ, რომ უნივერსიტეტი პატივს სცემს თითოეული სტუდენტის უფლებას და გამოხატვის თავისუფლებას. შესაბამისად, მათ მიმდინარე სემესტრის დასრულებამდე მიეცემათ საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კომპონენტების აღდგენის შესაძლებლობა.
უკან |