
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე, უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის, პროფესორ რევაზ სტურუას აუდიტორია გაიხსნა და არქიტექტურისა და მშენებლობის სტუდენტთა საკურსო ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სტუდენტების მიერ შექმნილი შენობების მაკეტები, პლანშეტები და არქიტექტურული კომპოზიციები.
ღონისძიება გახსნეს ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ, ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა გაიოზ ფარცხალაძემ, ასევე საზოგადოების წარმომადგენლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა.
რეზო სტურუა იყო საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი, საქართველოს სამთო საზოგადოების პრეზიდენტი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული საინჟინრო სკოლის ჩამოყალიბებაში და ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის განვითარების საქმეში. იგი ასევე გახლდათ პოეტი, მწერალთა კავშირის წევრი და გალაკტიონ ტაბიძის პრემიის ლაურეატი. ბატონი რეზო იყო 150-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის, მათ შორის 4 სახელმძღვანელოს, 2 მონოგრაფიისა და 16 გამოგონების ავტორი.
ღონისძიება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბსუ-ს 90 წლის იუბილეს მიეძღვნა.
უკან |