ტექნოლოგიური ფაკულტეტი

ფაკულტეტის ისტორია

ტექნოლოგიურმა ფაკულტეტმა  არსებობის მანძილზე, ბევრჯერ შეიცვალა  სახელწოდება და სტრუქტურა. 2012 წლის 27 ივლისის აკადემიური საბჭოს №120 დადგენილებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორი ფაკულტეტის და ერთი დეპარტამენტის (აგრარული ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიის და საინჟინრო ტექნოლოგიების ფაკულტეტების და კომპიუტერული მეცნიერებათა დეპარტამენტის) ბაზაზე, ჩამოყალიბდა აგრარული და საინჟინრო ტექნოლოგიების ფაკულტეტი. 2013 წლის 1 თებერვლის აკადემიური საბჭოს №05 დადგენილებით, ბსუ-ს აგრარული და საინჟინრო ტექნოლოგიების ფაკულტეტის დასახელებაში შევიდა ცვლილება და მას ეწოდა „ტექნოლოგიური ფაკულტეტი“.

ტექნოლოგიური ფაკულტეტი ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების ყველა საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, პროფესიული) საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო კვლევებს, როგორც საინჟინრო, ისე აგრარული მიმართულებით.

ფაკულტეტის მიზანია თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე, კონკურენტუნარიანი პედაგოგიური კადრებისა და მკვლევრების მომზადება. მის ძირითად ამოცანას წარმოადგენს სწავლების ყველა საფეხურზე მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება.

ტექნოლოგიურ ფაკულტეტში გაერთიანებულმა ფაკულტეტებმა განვითარების დამოუკიდებელი გზა განვლეს და დღეს ისინი ცალკეული მიმართულებების სახით აგრძელებენ არსებობას.

საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულება (ყოფილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტი) გაიხსნა 1938 წელს, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასწავლო-საკონსულტაციო პუნქტის დაუსწრებელი სწავლების ფორმით. ბათუმის სასწავლო პუნქტში არსებობდა მხოლოდ ერთი სპეციალობა - სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობა.

50-იან წლებში გაიხსნა ახალი სპეციალობები, გაიზარდა სტუდენტთა რაოდენობრივი შემადგენლობა. 1967 წელს ბათუმის სასწავლო პუნქტი საღამო სწავლების ფაკულტეტად გარდაიქმნა, სტუდენტთა რიცხვი კი 700-მდე გაიზარდა. 1972 წელს სხვადასხვა სპეციალობის 160 სტუდენტმა ბათუმში პირველად დაიცვა სადიპლომო ნამუშევრები.

1980 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბათუმის საღამო სწავლების ფაკულტეტი ბათუმის ფილიალად გადაკეთდა, სადაც ფუნქციონირებდა სამი კათედრა: საზოგადოებრივ მეცნიერებათა (კათედრის გამგე, ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი ლევან აბაშიძე), ზოგადტექნიკურ №83 (კათედრის გამგე, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი ენვერ ხალვაში) და ზოგადტექნიკური №82 (კათედრის გამგე, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი დოცენტი რევაზ ასათიანი).

1990 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ტექნიკურ უნივერსიტეტად გარდაიქმნა, ბათუმის ფილიალი კი ინსტიტუტად. მომდევნო წელს გაიხსნა დღის სწავლების ფაკულტეტი.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის № 37 დადგენილების მესამე პუნქტისა და ბსუ-ს რექტორის 2006 წლის 5 ივნისის №1-77 ბრძანების საფუძველზე, ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტის რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი. ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა დოცენტი გიზო ფარცხალაძე, არსებული ოთხი კათედრიდან, რეორგანიზაციის შემდეგ შეიქმნა ორი დეპარტამენტი: ინჟინერიისა და მშენებლობის (ხელმძღვანელი - პროფესორი რევაზ კახიძე) და ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის (ხელმძღვანელი - პროფესორი ზურაბ მეგრელიშვილი)

2006 წლის 21 დეკემბერს ჩატარდა კონკურსი საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად. კონკურსის შედეგების მიხედვით საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე აირჩიეს სრული პროფესორი გიზო ფარცხალაძე.

კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტი ფუნქციონირებდა მათემატიკურ და კომპიტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე. დეპარტამენტის დაარსების დღიდან მოწვეული პროფესორები არიან: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპონდენტი გიორგი გოგიჩაიშვილი და  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კობა გელაშვილი.

1992 წელს შეიქმნა გამოყენებითი მათემატიკისა და ინფორმატიკის კათედრა, სადაც მუშაობა მიმდინარეობდა რამდენიმე მიმართულებით. საუნივერსიტეტო მასშტაბით იგი ემსახურებოდა ყველა ფაკულტეტს, სადაც ისწავლებოდა „ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის საფუძვლები”. გარდა ამისა, კათედრას გააჩნდა წმინდა გამოყენებითი მიმართულებაც, შესაბამისი კვლევის ობიექტებით, როგორიცაა: რიცხვითი მეთოდები, ოპტიმიზაციის მეთოდები, გრაფთა თეორია, პარალელური დაპროგრამება, ლოკალური ალგორითმები, ოპერაციათა გამოკვლევა.

დეპარტამენტის მუშაობა მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით: ბაკალავრიატში იგი ემსახურება ყველა ფაკულტეტს, სადაც იკითხება საინფორმაციო ტექნოლოგიები, ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში აქვს სპეციალობა: კომპიუტერული ტექნოლოგიები. ასევე ჰყავს დოქტორანტები კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით. სასწავლო პროცესი დაფუძნებულია უახლესი პროგრამული საშუალებების გამოყენებაზე, რაც განსაზღვრავს სასწავლო პროგრამების მუდმივი სრულყოფის აუცილებლობას, აპარატურული და პროგრამული საშუალებების სისტემატურ განახლებას.

კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტს საქმიანი ურთიერთობები აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამის დეპარტამენტებთან. უკრაინისა და სომხეთის უნივერსიტეტების შესაბამის სტრუქტურებთან.

ბევრი საერთაშორისო ღონისძიების ინიციატორია დეპარტამენტი. ოთხჯერ უმასპინძლა პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნეხევარფინალს. პარალელურად სანქტ-პეტერბურგში, ბათუმში, ბარნაულსა და ტაშკენტში ჩატარდა პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ACM International Collegiate Programming Contest – ACM ICPC) ნეხევარფინალი ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისთვის (North-Eastern European Regional Contest - NEERC). 

დეპარტამენტმა ორჯერ უმასპინძლა საერთაშორისო ოლიმპიადას პროგრამირებაში სტუდენტთა შორის ილია ვეკუას თასზე. ორგანიზატორები: თბილისის, მოსკოვის, ბათუმის, ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტები, სოხუმის უნივერსიტეტი და პროგრამირების მხარდაჭერის ასოციაცია.

აგრარული ტექნოლოგიების მიმართულება დაარსდა 1925 წელს სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელის სახით. 1991 წელს ტექნიკუმი აგროეკონომიკურ კოლეჯად გადაკეთდა, ხოლო 1994 წლის 12 დეკემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმის აგროეკონომიკური კოლეჯის ბაზაზე დაარსდა ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი და მის რექტორად დაინიშნა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი რეზო ჯაბნიძე.

ახლად გახსნილ ინსტიტუტში ადგილობრივ კადრებთან ერთად, მოიწვიეს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, მეცნიერები. მათ შორის ორი აკადემიკოსი, ხუთი მეცნიერებათა დოქტორი, თექვსმეტი მეცნიერებათა კანდიდატი და გამოცდილი მეცნიერ თანამშრომლები სხვადასხვა ინსტიტუტებიდან. აქ მოღვაწეობდნენ აკადემიკოსები შოთა გოლიაძე, გენო ჩხაიძე, ვალერიან ცანავა და სხვები.

2006 წელს ინსტიტუტი რეორგანიზაციის შედეგად, შეუერთდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ინსტიტუტის ბაზაზე ჩამოყალიბდა სასოფლო–სამეურნეო ფაკულტეტი ორი დეპარტამენტით, აგროტექნოლოგიის, აგროეკოლოგიის და სატყეო საინჟინრო ფაკულტეტების ბაზაზე – სასოფლო-სამეურნეო და სატყეო საქმის დეპარტამენტი, ხოლო სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ფაკულტეტისა და მათემატიკა-ფიზიკის, გამოთვლითი ტექნიკის, მექანიზაცია-ავტომატიზაციის, სოფლის მეურნეობის ეკონომიკის კათედრების ბაზაზე - სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და აგრომენეჯმენტის დეპარტამენტი.

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №112 დადგენილებით, სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტს დაერქვა აგრარული ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ - ტექნოლოგიური ფაკულტეტი.
ფაკულტეტზე ფუნქციონირებს სწავლების სამსაფეხურიანი სისტემა ბაკალავრიატის შემდეგი სპეციალობებზე: აგრონომია, აგროეკოლოგია, აგროინჟინერია და სატყეო საქმე.

უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე რეფორმების ძირითადი პრინციპების, კვლევისა და სწავლების ინტეგრირების პრაქტიკული განხორციელებისათვის ფაკულტეტს თანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული: აკადემიკოს ლევან ყანჩაველის მცენარეთა დაცვის ინსტიტუტთან; ჩაის, სუნტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტთან; სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სასოფლო – სამეურნეო კულტურების მავნებლებთან ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდების ცენტრთან.

ფაკულტეტს მჭიდრო თანამშრომლობა აქვს საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებთან. გაფორმებულია მემორანდუმი აშშ-ის ტეხასის სოფლის მეურნეობისა და მექანიზაციის უნივერსიტეტთან, თურქეთის რესპუბლიკის ართვინ-ჭოროხის უნივერსიტეტთან.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა