ცნობილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წვერ-კორესპოდენტ ვანო პაპუნიძის 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ვანო პაპუნიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოში აგროსატყეო და ზოგადი ბიოლოგიური მეცნიერების დარგების განვითარებაში, გამოქვეყნებული აქვს 120-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 21 მონოგრაფიული ხასიათის წიგნი. მკვლევარს იუბილე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეებმა ირაკლი ბარამიძემ, ნათია წიკლაშვილმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, კოლეგებმა და მეგობრებმა.
აკადემიკოსი ვანო პაპუნიძე დაიბადა 1940 წლის 10 თებერვალს. 1965 წელს მან წარმატებით დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი. 1967 წელს იგი თბილისის სატყეო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ასპირანტად მიიწვია აკადემიკოსმა ვასილ გულისაშვილმა, 1972 წელს კი წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. ბატონ ვანო პაპუნიძისთვის საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა სატყეო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მუშაობა. ამ პერიოდში დამუშავებული სამეცნიერო შრომები ეძღვნება სატყეო სანერგეებში სტანდარტული სარგავი მასალის გამოყვანის ინტენსიფიკაციის ამაღლების საკითხებს, კოლხეთის დაბლობის დაჭაობებულ ტერიტორიაზე მაღალპროდუქტიული სამრეწველო დანიშნულების პლანტაციების შექმნის აგროტექნიკის და ტექნოლოგიის შემუშავებას, დასავლეთ საქართველოს ქარსაფარ ზოლებში გამოყენებულ მცენარეთა ხმობის მიზეზების დადგენისა და ახალი ზოლების აღდგენის მეცნიერულ შესწავლას, მთის დეგრადირებულ სატყეო ფართობებზე ტყის კულტურების წარმოების და სატყეო-სამელიორაციო ღონისძიებების შემუშავების აქტუალური საკითხების დამუშავებას.
1989-2006 წლებში პროფესორი ვანო პაპუნიძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორია. მან საფუძველი ჩაუყარა კაპიტალურ გამოკვლევებს ტყის მეურნეობისა და დეკორატიული მებაღეობისათვის ძვირფასი სწრაფმოზარდი ეგზოტების ბიოლოგიური თავისებურებების და სეზონური განვითარების რიტმის შესწავლას, აჭარის ტყის ეკოსისტემების ანთროპოგენურ ცვლილებათა და მათი პროდუქტიულობის ამაღლების ეკოლოგიური საფუძვლების შემუშავებას, ბათუმის ბოტანიკური ბაღის მცენარეთა ინტროდუქცის შედეგებს, აჭარის მცენარეული რესურსების და ეკოლოგიური პოტენციალის ტრანსფორმაციას რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით, აჭარის ზღვისპირეთში სუბტროპიკულ და ტროპიკულ მცენარეთა ინტროდუქციის კანონზომიერების, საქართველოს სუბტროპიკულ კლიმატურ ზონაში მცენარეთა ინტროდუქციის ეკოფიზიოლოგიური თავისებურებების შესწავლის მეთოდოლოგიურ საკითხებს და სხვა.
პროფესორ ვანო პაპუნიძის კვლევებში ბუნებრივი და ინტროდუცირებული მცენარეული რესურსების კომპლექსური გამოყენების ერთ-ერთ ფრიად საყურადღებო და ახალ საკითხს სამკურნალო, კულინარიული, ტექნიკური, დეკორატიული დანიშნულების მცენარეული სახეობების ბიოეკოლოგიური დახასიათება, მათი გავრცელების ადგილსამყოფელი, ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მახასიათებლების შესწავლა, მცენარეთა შეგროვება-გადამუშავების და პრეპარატების დოზების, ფარმაკოლოგიური და სამკურნალოდ გამოყენების შესწავლა წარმოადგენს.
1990 წელს, პროფესორმა ვანო პაპუნიძემ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: `აჭარის ტყის მცენარეულობის რაციონალური გამოყენებისა და დაცვის მეცნიერული საფუძვლები~ ორი სპეციალობით - `ბოტანიკა~ და `ეკოლოგია~ და მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი (1991 წ.). ამავე წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება.
ფართო კავშირებს ამყარებს პროფესორი ვანო პაპუნიძე საქართველოს და საზღვარგარეთის ცნობილ მეცნიერებთან და სამეცნიერო დაწესებულებებთან. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო და რეგიონულ 60-ზე მეტ სამეცნიერო ფორუმში – კონფერენციებში, სესიებსა და შეხვედრებში.
პროფესორ ვანო პაპუნიძის შემოქმედებაში განსაკუთრებით აღსანიშნავია პედაგოგიური და აღმზრდელობითი მოღვაწეობა. წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს დიდი ჯიხაიშისა და ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმებში, ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, ბათუმის სამედიცინო ეკოლოგიურ ინსტიტუტსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას აქ, 1992 წლიდან, წაკითხული აქვს ლექციების კურსი 20-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა საგანში. განსაკუთრებით აღსანიშვნავია მისი მოღვაწეობა როგორც უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგროეკოლოგისა და სატყეო საქმის დეპარტამენტის და სატყეო საქმის მიმართულების ხელმძღვანელის.
პროფესორი ვანო პაპუნიძე ასწავლის არა მარტო სტუდენტებს, არამედ სისტემატიურად ამზადებს დოქტორანტებს. მის საზოგადოებრივ მოღვაწეობაში შედის აგრეთვე საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციების დაცვის საბჭოს ხელმძღვანელობა. არის მრავალი დისერტაციის ოფიციალური ოპონენტი. ასევე გახლავთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განახლებული რეგიონული სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი.
1988 წელს პროფესორ ვანო პაპუნიძეს ანიჭებენ საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული მეტყევის საპატიო წოდებას. 2001 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. არის საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა, სოციალურ მეცნიერებათა, აფხაზეთისა და ფაზისის მეცნიერებათა აკადემიების ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი. იგი არჩეულია იუნესკოს პროგრამის `ადამიანი და ბიოსფერო~ საქართველოს ეროვნული კომიტეტის წევრად (1978): სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემის `მეტყევეობის პრობლემების~ საბჭოს წევრად (1983): საქართველოს ბოტანიკური საზოგადოების წევრად და საზოგადოების აჭარის განყოფილების ხელმძღვანელად (1999): საქართველოს ბოტანიკური ბაღებისა და პარკების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად (1999) და სხვა კომისიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში.
პროფესორი ვანო პაპუნიძე დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).