19 სექტემბერი 2016 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა "ექსპო ჯორჯიაში" გამართულ მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. ბსუ საინტერესო კუთხით იყო წარმოდგენილი და ვიზიტორთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ფესტივალზე გამოფენილი იყო მომავლის სამრეწველო ლაბორატორიაში სტუდენტების მიერ დამზადებული ინოვაციური პროექტები, ცნობილი შენობების მაკეტები, კონსტრუქციები, ხელნაკეთი ნივთები, ასევე ფიზიკა მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების მიერ დამზადებული ხელსაწყოები, რომელიც ფაბ ლაბთან ერთად განხორციელდა. მოწყობილობით შესაძლებელია გარემოსა და ნივთიერების ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრების განსაზღვრა და სხვადასხვა საინტერესო ექსპერიმენტის ჩატარება.
ღონისძიების ფარგლებში ბსუ-ს მეცნიერებმა და პროფესორებმა: ალეკო კალანდიამ, ზოია სიხარულიძემ, მამია ფაღავამ, მალხაზ ჩოხარაძემ და ზაზა შაშიკაძემ საჯარო ლექციები წაიკითხეს. საზოგადოებამ მოისმინა საინტერესო ინფორმაცია მეცნიერების სხვადასხვა სფეროში მიმდინარე კვლევების, მიღწეული შედეგებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ, ხოლო სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ფესტივალის ეგიდით ჩატარებულ სამეცნიერო კონფერენციებში.
ფესტივალი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით ტარდება და მასში საქართველოს უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულებები და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები მონაწილეობდნენ.