მეცნიერება

ეკონომიკურად მნიშვნელოვან კულტურებზე გავრცელებული Aternaria-ს გვარის აგრესიული სახეობების გამოვლენა და მათი გენომის გაშიფვრა უახლესი ტექნოლოგიებით

სამეცნიერო პროექტი -,,ეკონომიკურად მნიშვნელოვან კულტურებზე გავრცელებული Aternaria-ს გვარის აგრესიული სახეობების გამოვლენა და მათი გენომის გაშიფვრა უახლესი ტექნოლოგიებით.’’

გრანტის დაფინანსების წყარო: შოთა რუსთაველის  ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი:

ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი - რუსუდან დუმბაძე.

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი:

ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერი  თანამშრომელი - რუსუდან დუმბაძე.

მენტორი:

ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  - გალინა მეფარიშვილი.

კონსულტატი:

ნაზიბე თექინერ აიდინი - ართვინის ჩორუჰის უნივერსიტეტი, კვლევითი ცენტრის მკვლევარი (Artvin Çoruh University, Ali Nihat Gökyiğit Botanical Garden Application and Research Center).

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა:  2024-2026წწ.

პროექტის მიზანი, ამოცანა, აქტუალობა:

გლობალური პროცესების ზრდის გამო, მნიშვნელოვნად გაიზარდა მცენარეთა დაავადებების  რიცხვი, რაც ამცირებს ეკონომიკურად მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობას და მის კვებით ღირებულებას.  ზოგიერთი მაღალი მავნეობით გამორჩეული მიკროორგანიზმების გავრცელებამ ძალიან ფართო მასშტაბები მიიღო და მოერგო სხვადასხვა ეკოლოგიურ პირობებს მრავალ რეგიონში. მათ შორის აჭარის რეგიონში Alternaria-ს გვარის წარმომადგენელი სოკოები ითვლებიან მნიშვნელოვან ფიტოპათოგენებად, რომლებიც იწვევენ ეკონომიკურად მნიშვნელოვანი კულტურების (კარტოფილი, პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა, თამბაქო) დაავადებას. დაავადების შემთხვევაში მოსავლიანობის შემცირების გარდა, ხდება ასევე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების დაბინძურება სოკოს მეტაბოლიტებით, რომელიც შეიძლება იყოს ფიტო და მიკოტოქსინები, ალერგენები ან ფერმენტები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმზე უარყოფით გავლენას ახდენს.

იმისათვის, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი დაავადების მიერ გამოწვეული დანაკარგები, აუცილებელია დროულად და ზუსტად მოხდეს დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების იდენტიფიცირება, შესწავლილი იქნას დაავადებების განვითარების  ბიოლოგიური  და ეკოლოგიური თავისებურებები, პათოგენის სახეობრივი შემადგენლობა, აგრესიულობის ხარისხი და სხვა.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში მოლეკულური ტექნოლოგიების განვითარებამ მოგვცა საშუალება მოვახდინოთ დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმის უფრო ზუსტი დიაგნოსტიკა.

აქედან გამომდინარე, საპროექტო წინადადებაში წარმოდგენილი კვლევის მიზანია Alternaria-ს გვარში შემავალი აგრესიულობით გამორჩეული სახეობების გამოვლენა და მათი სრულყოფილი გენეტიკური კვლევა თანამედროვე ტექნოლოგიებით.

მოსალოდნელი შედეგები:

კვლევის თვალსაზრისით პროექტის განხორციელების შედეგად მიღებული იქნება ახალი ინფორმაცია აჭარის ზონაში ალტერნარიოზის გავრცელების, განვითარების თავისებურებებისა და დაავადების გამომწვევის სახეობრივი შემადგენლობის შესახებ. Alternaria-ს გვარის სახეობებიდან გამოიყოფა აგრესიულობით გამორჩეული სახეობები და მოხდება მათი დნმ-ების სექვენირება, შედეგების ბიოინფორმატიკული დამუშავება და გენომური ბანკის მონაცემთა ბაზაში (GenBank) ატვირთვა. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება ყველა დაინტერესებული პირებისთვის, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება ამავე დარგში მოღვაწე მეცნიერებთან სამომავლო თანამშრომლობისთვის.

პროექტი ხელს შეუწყობს   უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიური მიმართულების   თანამედროვე სტანდარტების დონეზე განვითარებას, ასევე წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები მნიშვნელოვან საგანმანათლებლო ფუნქციასაც შეიძენს აგრარული და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტების სწავლების პროცესში.

წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო თანამშრომლობა ჩამოყალიბდება თურქეთის ართვინის ჩორუჰის უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრთან. ასევე აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ სამომავლოდ მოგვეცემა საშუალება გავაგრძელოთ თანამშრომლობა Alternaria ბიოკონტროლის კვლევების განხორციელებასთან დაკავშირებით, რაზეც დღეისათვის როგორც ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდზე, სულ უფრო და უფრო იზრდება მოთხოვნილება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა