სემინარი ეძღვნება თამაშთა თეორიის ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხის - მატრიცული თამაშების წრფივ პროგრამირების ამოცანებზე დაყვანის მეთოდოლოგიას და მის პრაქტიკულ იმპლემენტაციას. კვლევის მთავარი მიზანია ალგორითმული მიდგომის შემუშავება, რომელიც საშუალებას მოგვცემს მატრიცული თამაშების ოპტიმალური სტრატეგიები განვსაზღვროთ მათემატიკური პროგრამირების მეთოდების გამოყენებით.
ნაშრომში განხილულია ნულოვანჯამიანი ორპირიანი მატრიცული თამაშების მათემატიკური მოდელი, სადაც დეტალურადაა აღწერილი მოთამაშეთა სტრატეგიები, მოგების ფუნქცია და წონასწორული მდგომარეობის კონცეფცია. მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ფონ ნეიმანის მინიმაქსის თეორემას, რომელიც ამტკიცებს ნულოვანჯამიანი თამაშების ოპტიმალური სტრატეგიების არსებობას და მათი პოვნის შესაძლებლობას.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კვლევის პრაქტიკულ ნაწილს, სადაც წარმოდგენილია ალგორითმების პროგრამული რეალიზაცია Solver-ის პლატფორმაზე. ნაჩვენებია, როგორ შეიძლება Microsoft Excel-ის Solver დანამატის გამოყენება მატრიცული თამაშების ამოსახსნელად. დეტალურადაა აღწერილი პროგრამული ინტერფეისის მუშაობის პრინციპები, მოდელის ფორმირების ეტაპები და შედეგების ინტერპრეტაცია.

უკან |