27 აგვისტო 2019 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ორგანიზებით სეზონურ სკოლა „სოციალური მუშაობის სერტიფიცირების პროგრამის მომზადება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ გაიხსნა. ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები და დასავლეთ საქართველოში მოქმედი სოციალური მუშაკები ხუთი დღის განმავლობაში სოციალური მუშაობის ისეთ აქტუალურ საკითხებს გაეცნობიან, როგორიცაა: სოციალური მუშაობის საფუძვლები, სოციალური ადვოკატირება, ადამიანის ქცევა სოციალურ გარემოში, სოციალურ კეთილდღეობის პოლიტიკა, სოციალური მუშაობის კვლევის მეთოდები. ქართველი და უცხოელი მომხსენებლები ლექციებს წაიკითხავენ ასევე თემებზე: სოციალური მუშაობა თემებთან და ორგანიზაციებთან, სოციალური მუშაობა და ოჯახში ძალადობა, სოციალური მუშაობა და ბავშვთა დაცვა, სოციალური მუშაობა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულება.
2011 წელს, ევრკომისიის ტემპუს/ტასისის პროგრამის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხდა სოციალური მუშობის განათლების ინსტიტუციონალიზაცია, სერტიფიცირების პროგრამის სახით. პროექტის ფარგლებში ინტენსიურად გადამზადდა ბსუ-ს 8 პროფესორ–მასწავლებელი, რათა მათ შეძლებოდათ სასერტიფიკატო კურსების გაძღოლა. ევროკომისიის პროგრამის მონაწილე ბსუ-ს აკადემიური პერსონალი ჩართულია სეზონური სკოლის მუშაობაში.
სეზონური სკოლა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით ტარდება.