9 ოქტომბერი 2019 წელი
ცნობილი ბელგიელი მწერლის ჟორჟ სიმენონის ვაჟი ჯონ სიმენონი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. ჯონ სიმენონმა სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე მამის ბათუმში მოგზაურობის ისტორია გაიხსენა და მხატვრულ ნაწარმოებებზე „ხალხი მოპირდაპირე მხარეს“ ისაუბრა, სადაც მოქმედება ზღვისპირა ქალაქში ხდება. ჟორჟ სიმენონი ბათუმს 1933 წელს შავი ზღვის გარშემო საკრუიზო მოგზაურობის დროს ეწვია. ბელგიელი მწერალი 200-მდე რომანისა და ნოველის ავტორი გახლავთ, რომლის შემოქმედებაც 47 ენაზეა თარგმნილი. შეხვედრის დასასრულს ჯონ სიმენონმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრა და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.