16 ივნისი 2021 წელი
11-12 და 16 ივნისს ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის დეპარტამენტის ორგანიზებით, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორმა, სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ფილოსოფიის დოქტორმა გიორგი თავაძემ ონლაინ-ტრენინგები ჩაატარა თემაზე: „ელექტრონულ სამეცნიერო ბაზებთან მუშაობის პრინციპები“. შეხვედრის სამიზნე ჯგუფები იყო ბსუ-ის ფილოსოფიის სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები და ფილოსოფიის დეპარტამენტის ძირითადი და მოწვეული აკადემიური პერსონალი.
ტრენინგებზე განიხილეს საერთაშორისო ელექტრონულ სამეცნიერო ბაზებში (Cambridge Core, JSTOR და სხვ.) ნავიგაციის პრინციპები – სტატიების ძიება, ფილტრების გამოყენება, უნივერსიტეტიდან და მის გარეთ ბაზებზე წვდომის თავისებურებები. ტრენინგზე მიმოხილული იყო სამეცნიერო პლატფორმები (Google Scholar, Academia.edu, Researc Gate და სხვ.), ელექტრონული რესურსები ფილოსოფიაში, ასე მაგ., სტენფორდის ფილოსოფიური ენციკლოპედია (SEP) და ფილოსოფიის ინტერნეტ-ენციკლოპედია (IEP), CyberLeninka და სხვ.
16 ივნისს, გაიმართა დისკუსია და მრგვალი მაგიდა თემებზე: უნივერსიტეტის იდეა, ფილოსოფია საუნივერსიტეტო განათლების კონტექსტში და უმაღლესი განათლების გამოწვევები. მონაწილეობდნენ: პროფ. გიორგი თავაძე (აეუ), ბსუ ფილოსოფიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები, ფილოლოგიის დოქტ. ასოც. პროფ. ნანა ტრაპაიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფ. მარინა გიორგაძე. ფილოსოფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფ. ლალი ზაქარაძემ ისაუბრა ღია მეცნიერების პარადიგმაზე, ინტერდისციპლინური კვლევების, სამეცნიერო რეცენზირების თანამედროვე სისტემაზე, ე.წ. ცოდნის ინფრასტრუქტურის შესახებ, სამეცნიერო კვლევებისა და აქტუალური მიღწევების ხელმისაწვდომობის როლსა და მნიშვნელობაზე მეცნიერების განვითარების პერსპექტივაში.