ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ში ქართული ენის დღე მერი ცინცაძის მონოგრაფიის წარდგენითა და მისივე სახელობის კაბინეტის გახსნით აღინიშნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ქართული ენის დღე ცნობილი ენათმეცნიერის, მერი ცინცაძის მონოგრაფიის - „იოანე სინელის „კლემაქსის“ ქართული თარგმანები“ წარდგენითა და მისივე სახელობის კაბინეტის გახსნით აღინიშნა. მის ღვაწლსა და ენათმეცნიერების განვითარებაში შეტანილ წვლილზე ისაუბრეს უნივერსიტეტის რექტორმა, ტიტე აროშიძემ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, თეონა ბერიძემ და პროფესორ-მასწავლებლებმა.

ნაშრომში თავმოყრილია „კლემაქსის“ ანუ „სათნოებათა კიბის“ ქართული თარგმანების კრიტიკული ტექსტები, ენობრივი ანალიზი და 1000-ზე მეტი სალექსიკონო ერთეული. მონოგრაფიაში განხილულია თარგმანების ფონეტიკა, მორფოლოგია, სინტაქსი და ლექსიკა, რაც მას მნიშვნელოვან რესურსად აქცევს ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის შემსწავლელთათვის.

მონოგრაფია ამ ტექსტის პირველი კრიტიკული კვლევაა. მერი ცინცაძემ მასზე მუშაობა 1960-იანი წლიდან დაიწყო და გარდაცვალებამდე 2018 წლამდე განაგრძო. თუმცა, გამოცემისთვის აუცილებელი ტექნიკური და სარედაქციო სამუშაოების შესრულება ვერ მოასწრო. ნაშრომის საბოლოო რედაქტირება განახორციელა ბსუ-ს სამეცნიერო პერსონალმა:  მაია ბარამიძემ, მალხაზ ჩოხარაძემ, მარინე გიორგაძემ, რამაზ ხალვაშმა და ირმა მაკარაძემ.

ნაშრომი ქართული ლიტერატურისა და თარგმანების ისტორიისთვის მნიშვნელოვანი შენაძენია. იგი მიზნად ისახავს უნიკალური თარგმანების გაცოცხლებას და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას. განსაკუთრებით ფასეულია როგორც მკვლევრებისთვის, ისე სტუდენტებისა და ფართო საზოგადოებისათვის. მონოგრაფია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამარჯვებული პროექტია და საგამომცემლო გრანტის ფარგლებში გამოიცა.

იოანე სინელის „კლემაქსი“ (ანუ „სათნოებათა კიბე“) ქრისტიანული ეთიკის უმნიშვნელოვანესი სახელმძღვანელოა, რომელიც დიდი გავლენით სარგებლობდა ბერმონაზვნულ სამყაროში. ეს ტექსტი რამდენჯერმე ნათარგმნია ქართულად, რაც მისი პოპულარობისა და მნიშვნელობის დასტურია ქართული კულტურისთვის. მისი თარგმანები მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ შუა საუკუნეების ქართულ მხატვრულ-ფილოსოფიურ აზროვნებაზე.

 

ღონისძიების ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი ენათმეცნიერის, მერი ცინცაძის კაბინეტი გაიხსნა. იგი გახლდათ ბსუ-ს ემერიტუს-პროფესორი, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ქალბატონი მერი 1999-2004 წლებში იყო ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; 2006-2009 წლებში აირჩიეს შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორად, 2011 წლიდან კი -  პროფესორად.

მკვლევარმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ენათმეცნიერების განვითარებაში. გამოცემული ჰქონდა ათეულობით სამეცნიერო ნაშრომი და მონოგრაფია, აქტიურად ეწეოდა სარედაქციო საქმიანობას. იგი პირველი იყო ქართველ მკვლევართა შორის, ვინც ისაუბრა კლარჯული კილოს შესახებ და სამეცნიერო მიმოქცევაში შემოიტანა ქართული ენათმეცნიერებისათვის უცხო დიალექტის მასალები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა