3 აპრილი 2026 წელი

ბსუ-ში პოლონურ-ქართული ურთიერთობის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის − ,,პოლონელების დეპორტაცია საქართველოში და პოლონურ-ქართული გეოპოლიტიკური თანამშრომლობა (1830-1921)" − FR-22-9832 − ფარგლებში.
პროექტის ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. ირაკლი ბარამიძე
კოორდინატორი: პროფ. კახაბერ სურგულაძე
პროექტით გათვალისწინებული კვლევის მიზანია კულტურული მეხსიერების ჭრილში, ახალი წყაროების და სამეცნიერო ლიტერატურის საფუძველზე 1830-1921 წლებში პოლონურ-ქართული ურთიერთობების ისტორიის შესწავლა მიგრაციული და გეოპოლიტიკური მიმართულებებით.
პროექტი სამხრეთ კავკასიაში დეპორტირებული პოლონელების ისტორიის კომპლექსურად შესწავლის პირველი ცდაა. აჯანყებული პოლონელების (XIX საუკუნის 30-60-იანი წლები) დეპორტაციის საკითხები სამეცნიერო წრეებში განიხილებოდა რუსეთის იმპერიაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიის და აღმოსავლეთ ციმბირის მაგალითებზე. შესაბამისად, სამხრეთ კავკასიაში მათი მიგრაცია-ადაპტაციის საკითხები ნაკლებად არის შესწავლილი. არადა, ეს საკითხები უდავოდ წარმოადგენს სამეცნიერო ინტერესს, იგი შესაძლებლობას გვაძლევს გამოვავლინოთ აჯანყებული პოლონელების ურთიერთობა საქართველოში მიმდინარე ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის წევრებთან, განვსაზღვროთ მათი როლი და პოლონელების ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაციის მიზეზები.
საქართველოს სწრაფვა ევროპული თანამეგობრობის სისტემაში მოითხოვს მის ტერიტორიაზე მცხოვრებ სხვადასხვა ერის წარმომადგენლებთან ურთიერთობების ისტორიის ახლებურ გააზრებას, მის გათავისუფლებას საბჭოთა პერიოდის მითებისგან. პოლონელების მიერ ჩამოტანილი ევროპული ფასეულობები აისახა ადგილობრივ კულტურაში. დღეს, პოლონეთი არის საქართველოს აქტიური მხარდამჭერი ევროსტრუქტურებსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე. ამიტომაც საკვლევი პრობლემატიკა იქნება გარკვეული წვლილი პოლონურ-ქართული ურთიერთობების ისტორიის შესაწავლაში.
პროექტი, რომელიც დაიწყო 2023 წელს, სრულდება 2026 წლის დეკემბერში. კვლევის შედეგები აისახება ამავე სათაურის მქონე მონოგრაფიაში, რომელსაც ექნება ვრცელი ინგლისური რეზიუმე.