27 აპრილი 2026 წელი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპეისტიკის დარგობრივი დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორმა ნონა მეტრეველმა მესამე მისიის ფარგლებში, მეორე საჯარო სკოლის XI–XII კლასის მოსწავლეებთან ჩაატარა საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა. აღნიშნული აქტივობა განხორციელდა უნივერსიტეტსა და სკოლასთან თანამშრომლობის ფარგლებში აბიტურიენტთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით.
შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო მოსწავლეთათვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების, აკადემიური გარემოსა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაცნობა, ასევე სწავლების ინტერნაციონალიზაციის პროცესის მნიშვნელობის წარმოჩენა თანამედროვე უმაღლესი განათლების კონტექსტში.
ღონისძიება ჩატარდა ინტერაქციული საინფორმაციო ფორმატით თემაზე: „მე ავირჩიე ბსუ და აირჩიე შენც“. შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების, საერთაშორისო პარტნიორობების, აკადემიური მობილობის შესაძლებლობების, სტუდენტური ცხოვრების სპეციფიკისა და პროფესიული განვითარების პერსპექტივების შესახებ.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა გერმანული ენის ფუნქციურ მნიშვნელობაზე გლობალიზაციის პირობებში. ამ კონტექსტში განხილულ იქნა გერმანული ენის ცოდნის როლი დასაქმების მრავალფეროვან სფეროებში, მათ შორის ტურიზმის ინდუსტრიაში, საგანმანათლებლო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კომპანიებში ინტეგრაციის პროცესში. პარალელურად, მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებისა და აკადემიური გაცვლების შესახებ, მათ შორის DAAD-ისა და Erasmus+-ის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების შესახებ, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს მიიღონ ინტერკულტურული გამოცდილება და გააძლიერონ საკუთარი აკადემიური და პროფესიული კომპეტენციები.
შემეცნებითი ხასიათის ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ასისტენტ-პროფესორმა ნონა მეტრეველმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხა. ასევე, შეხვედრის ფარგლებში თანამედროვე სწავლების ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, გერმანული ცივილიზაციის საკითხებზე სახალისო ვიქტორინა გაიმართა. ვიზიტი მიზნად ისახავდა სკოლასთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და გერმანული ენის პოპულარიზაციას.