29 აპრილი 2026 წელი

24 აპრილს სოფიაში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ახალ ბულგარულ უნივერსიტეტს შორის. საქმიანი ურთიერთობები ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, ასოცირებული პროფესორის თეონა ბერიძისა და ამავე ფაკულტეტის პროფესორის, მარინე აროშიძის ინიციატივით ჩამოყალიბდა და მიზნად ისახავს აქტიურ თანამშრომლობას როგორც სამეცნიერო-კვლევით, ასევე სასწავლო მიმართულებით.
პარტნიორობის ფარგლებში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებმა მონაწილეობა მიიღეს 24-25 აპრილს ახალ ბულგარულ უნივერსიტეტში გამართული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ,,GENERATIONS – MEMORY, DIALOGUE, CONFLICT“ მუშაობაში. ასევე შედგა ოფიციალური შეხვედრა ახალი ბულგარული უნივერსიტეტის რექტორს პროფესორ პლამენ დოინოვსა და ბსუ-ს რექტორის მოადგილეს პროფესორ თამარ სირაძეს შორის. შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები: სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების განხორციელება, ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარება, სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის გაცვლა და პუბლიკაციების გამოქვეყნება რეფერირებულ ჟურნალებში.