
ბსუ-ში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა ოროზმანის არქეოლოგიური ექსპედიცის ხელმღვანელის, არქეოლოგ გიორგი ბიძინაშვილის ონლაინ საჯარო ლექცია. ლექცია საქართველოსა და ევრაზიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადრეპლეისტოცენურ ძეგლს - ოროზმანს მიეძღვნა.
მოხსენების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ოროზმანის არქეოლოგიური ექსპედიციის უახლესი კვლევის შედეგები, რომლებიც რეგიონის პრეისტორიულ მნიშვნელობას ახლებურად წარმოაჩენს.
ოროზმანი, რომელიც დმანისიდან სულ რაღაც 20-ოდე კილომეტრში მდებარეობს, უტყუარად ადასტურებს, რომ 1.8 მილიონი წლის წინ სამხრეთ კავკასიაში ადრეული ადამიანის მყარი და მრავალკეროვანი განსახლება არსებობდა.
პრეზენტაციაზე დეტალურად განიხილეს ძეგლის სტრატიგრაფია და გეოქრონოლოგია, რომელიც ოლდოვაის სუბქრონს ემთხვევა და მაშავერას ცნობილ ბაზალტურ ნაკადთანაა დაკავშირებული. აუდიტორიამ იხილა უძველესი ქვის ინდუსტრიის (Mode 1 / Oldowan) ნიმუშები, ადგილობრივი ქანებისგან დამზადებული ჩოპერები, ნუკლეუსები და ანატკეცები.
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია გვიანვილაფრანკულმა მდიდარმა მეგაფაუნამ, მათ შორის სამხრეთული მამონტის, სტენონის ცხენის, ეობიზონის, გიგანტური ირმისა და ხმალკბილა მტაცებლის (Homotherium) უნიკალურმა ნაშთებმა. პრეზენტაციაზე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ აღნიშნული მრავალფეროვნება 1.8 მილიონი წლის წინანდელ მდიდარ, მოზაიკურ ტყე-სტეპურ ეკოსისტემაზე მიუთითებს.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი გაკეთდა იმ ფაქტზე, რომ მთელი ეს უმდიდრესი პალეონტოლოგიური და არქეოლოგიური მასალა, ჰომინინის კბილთან ერთად, სულ რაღაც 17 კვადრატული მეტრის გათხრილ ფართობზე გამოვლინდა.
მონაწილეებმა იმსჯელეს ოროზმანის გლობალურ როლზე „აფრიკიდან გამოსვლის“ (Out of Africa) თეორიაში, რაც საქართველოს მსოფლიო პალეოანთროპოლოგიის ცენტრალურ რუკაზე კიდევ უფრო განამტკიცებს.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართa, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მომხსენებელთან ერთად სამომავლო სამეცნიერო თანამშრომლობისა და სტუდენტური საველე პრაქტიკების პერსპექტივებიც განიხილეს.