ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტი

ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყველაზე დიდი და ტრადიციული დეპარტამენტია. ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტს 1935–36 წლებში გრიგოლ გიორგაძე (1893-1937) ხელმძღვანელობდა. ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრას დაარსებიდან 1937 წლამდე უძღვებოდა თსუ პროფესორი ვუკოლ ბერიძე.

1937 წელს გამოიყო ქართული ენის კათედრა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ჯერ დოც. შ. ძიძიგური. შემდეგ - ალ. ჩავლეიშვილი. კათედრაზე მუშაობდნენ დოცენტები: ჯ. ნოღაიდელი, ალ. ღლონტი, კ. კაპანელი, ნ. ურუშაძე, ს. ყუბანეიშვილი, ნ. კანდელაკი, თ. ბეგიაშვილი, ი. მაისურაძე, კ. გიგინეიშვილი და სხვები.

1945 წელს ბათუმის სამასწავლებლო ინსტიტუტი პედაგოგიურ ინსტიტუტად  გადაკეთდა. ამ პერიოდში ქართული ენის კათედრაზე მუშაობდნენ: კონა გიგინეიშვილი (უფროსი მასწავლებელი, კათედრის გამგე 1939–54 წლებში), დოცენტები: ჯემალ ნოღაიდელი, როგნედა ღამბაშიძე; უფროსი მასწავლებლები: შოთა ნიჟარაძე, გრიგოლ ჭყონია, ალექსანდრე მანჯგალაძე და მასწავლებელი ელენე ჯანგველაძე. ქართული ლიტერატურის კათედრაზე მოღვაწეობდნენ: დოც. ალექსანდრე ჩავლეიშვილი (კათედრის გამგე 1937–1955 წლებში), დოცენტები: სოლომონ ყუბანეიშვილი და თედო ბეგიაშვილი; უფროსი მასწავლებლები: ბიძინა ქიქოძე (1950–1957 წლებში მუშაობდა პრორექტორად სასწავლო და სამეცნიერო დარგში), ივანე კაკაბაძე, ნელი დუმბაძე და ვაჟა აფხაზავა...

1955 წელს ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრები გაერთიანდა.1955–1962 წლებში გაერთიანებულ კათედრას სათავეში ედგა პროფ. ალ. ჩავლეიშვილი (1908–1978). ალ. ჩავლეიშვილი არჩეული იყო თსუ და ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოებისა და საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის წევრად.

1949 წლიდან 2005 წლამდე მუშაობდა ნელი დუმბაძე (1919-2005), ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის პირველი ქალი პროფესორი.

1962–67 წლებში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგედ მუშაობდა დოც. ნადეჟდა (ნადია) საბაშვილი (1914-1998). ნ. საბაშვილი პარალელურად კვლევით საქმიანობას ეწეოდა ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში.

1967-1985 წლებში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრას განაგებდა პროფ. შოთა ნიჟარაძე (1915-1989), რომელიც 1946 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ბათუმის პედაგოგიურ  ინსტიტუტში. შოთა ნიჟარაძე გახლდათ თსუ და სმა ენათმეცნიერების ინსტიტუტის სპეციალიზებული საბჭოს წევრი. თანამშრომლობდა იენის უნივერსიტეტის ქართველოლოგიურ ჟურნალ „გეორგიკას“ (რედაქტორი პროფ. ჰაინც ფენრიხი) და საფრანგეთში გამომავალ ჟურნალ „ბედი ქართლისას“ (რედაქტორი კალისტრატე სალია) რედაქციებთან.

1992 წლიდან 2006 წლამდე ქართული ენის კათედრის გამგე გახლდათ მამია ფაღავა, ქართული ლიტერატურისა - აზიზ ახვლედიანი, შემდეგ - ელგუჯა მაკარაძე. 2006 წელს შეიქმნა ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტი, რომელსაც 2013 წლამდე ხელმძღვანელობდა რამაზ ხალვაში, 2013 წლიდან 2016 - ნანა ცეცხლაძე, 2016 წლიდან დღემდე დეპარტამენტს ხელმძღვანელობს მაია ბარამიძე.

1995 წლიდან დღემდე დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები ატარებენ კომპლექსურ ექსპედიციებს. კვლევის პრიორიტეტია ისტორიული სამხრეთ საქართველოსა და ლაზეთის ყოფისა და კულტურის შესწავლა. 2008 წლიდან  დღემდე დამუშავდა რამდენიმე სამეცნიერო პროექტი, კერძოდ,

1. ,,შავშეთი-ისტორიულ-ფილოლოგიური გამოკვლევა“ დამფინანსებელი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო  ფონდი, ხელ-ლი პროფ. მ. ფაღავა, მენეჯერი-პროფ. მ. ჩოხარაძე;

2. პროექტი ,,მუჰაჯირი“ - მუჰაჯირობის (გადასახლების) ისტორია და ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლები თანამედროვე თურქეთში [2012-2015 წლები] ხელმძღვანელები: პროფ. მამია ფაღავა; პროფ. ზაზა შაშიკაძე. დამფინანსებელი - აჭარის არ მთავრობა.

3. ,,კლარჯეთი - ისტორიულ-ფილოლოგიური გამოკვლევა“  დამფინანსებელი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ხელ- ლი პროფ. მ. ფაღავა, მენეჯერი-პროფ. მ. ჩოხარაძე;

4. სარფი- ხელ­მძღვანელი პროფ. მალხაზ ჩოხარაძე ასოც. პროფ. ლილე თანდილავა-პროექტის მენეჯერი.

 5. სპერი - (2023-2026 წწ.), ხელმძღვანელი - პროფ. მამია ფაღავა, კოორდინატორი - პროფ. რამაზ ხალვაში

კვლევის შედეგები აისახა ათეულობით სამეცნიერო გამოკვლევაში და მონოგრაფიებში.

2012 წელს ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაარსდა საზაფხულო სკოლა, რომლის ბაზაზე, ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში პირველად დაინერგა eLecture-ს სისტემა, E-learning-ის პროგრამა OLAT-ი.

ამჟამად ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტში მუშაობს 20 აკადემიური პირი, რომლებიც აქტიურ სამეცნიერო და პედაგოგიურ მუშაობას ეწევიან.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა