ბსუ-ში ევროკავშირის ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა
ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის ახალგაზრდული ფორუმი ჩატარდა. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებმა ერთობლივად იმუშავეს ევროკავშირის ფორმატში, დელეგატებმა სხვადასხვა ქვეყნის სახელით დებატები გამართეს, ფორმალური და არაფორმალური მოლაპარაკებები ჩაატარეს, კოალიციები შექმნეს და შემუშავებული რეზოლუციები კენჭისყრის საფუძველზე მიიღეს. ევროკავშირის ახალგაზრდული ფორუმი ითვალისწინებდა ევროკავშირის მოდელირებასა და იმ პროცესების განხორციელებას, რომელსაც ევროკავშირი ბრიუსელში, 15 დეკემბერს, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ჩაატარებს. ღონისძიების დასასრულს, ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი კორძაიამ, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ სალომე კარალიძემ ფორუმის მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცეს და მადლობა გადაუხადეს პროექტში წარმატებული მონაწილეობისათვის.