ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა რექტორთა კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორთა კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა. მინისტრმა გიორგი ამილახვარმა შეხვედრისას უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევები და სხვადასხვა აქტუალური საკითხი განიხილა. მათ შორის, საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: უმაღლესი განათლების მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი, საქართველოში უცხოელი სტუდენტების მოზიდვა, სამწლიანი საბაკალავრო პროგრამების შემუშავება, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა/დაგეგმვა და სხვა.