
ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, გუგული დუმბაძემ, ბათუმის N1, 2, 3, 6, 9, 10, 14, 15, 16, 30 საჯარო სკოლების და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათისა და ჭარნალის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ჩაატარა საგანმანათლებლო მასტერკლასი თემაზე: „ქალაქ ბათუმის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის თანამედროვე მდგომარეობა“.
მასტერკლასის ფარგლებში ჩატარდა თეორიული ლექცია, რომლის დროსაც მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ატმოსფერული ჰაერის ძირითადი დამაბინძურებლების - მტვრის ნაწილაკები PM2.5 და PM10, აორთქლებული ორგანული ნაერთები (VOCs), აზოტის ოქსიდები (NOx), გოგირდის ოქსიდები (SOx), ნახშირჟანგი (CO), ოზონი (O₃), ნახშირორჟანგი (CO₂) და მძიმე მეტალების შესახებ. ლექციაში აქცენტი გაკეთდა აღნიშნული ტოქსიკანტების ქ. ბათუმის ატმოსფეროში მოხვედრის ძირითად წყაროებზე, მათ ზემოქმედებაზე ადამიანის ჯანმრთელობაზე, მონიტორინგის თანამედროვე მიდგომებზე და დაბინძურების შემცირების პრაქტიკულ გზებზე.
თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ განხორციელდა საველე-პრაქტიკული აქტივობა: გ. დუმბაძემ მოსწავლეების ჩართულობით, უნივერსიტეტის მიმდებარე სივრცეში, ქუჩებსა და პარკში პორტატული მტვრის ნაწილაკების საზომი მოწყობილობით შეამოწმა PM2.5 და PM10 ნაწილაკების მაჩვენებლები, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევდა, რეალურ გარემოში გაეაზრებინათ ჰაერის ხარისხის ცვლილებადობა და მონიტორინგის მნიშვნელობა.
გარდა ამისა, მასტერკლასის ფარგლებში მოსწავლეებმა ადგილზე მოინახულეს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 6 მაისის პარკში განთავსებული ჰაერის მონიტორინგის ავტომატური სადგური. მათ მიიღეს ინფორმაცია სადგურის მუშაობის პრინციპებზე და მიმდინარე მონიტორინგის შედეგების მნიშვნელობაზე, ხოლო პრაქტიკული ორიენტაციისთვის ნაჩვენები იქნა ოფიციალური ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი air.gov.ge , რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებსა და განსაკუთრებით ახალგაზრდებს შეუძლიათ მუდმივად მიიღონ განახლებული მონაცემები ჰაერის ხარისხის შესახებ.
მასტერკლასი წარმოადგენდა მეცნიერებაზე დაფუძნებული გარემოსდაცვითი განათლების მაგალითს, რომელიც აერთიანებს თეორიულ ცოდნას, პრაქტიკულ გაზომვებსა და ოფიციალური მონიტორინგის სისტემის გაცნობას, და ხელს უწყობს მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას და ჯანმრთელობის რისკების გააზრებას ურბანულ გარემოში.
| უკან |




