
ბათუმის №2 საჯარო სკოლაში გაიმართა 2025 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „მეცნიერება იწყება სკოლიდან-კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „სხეულის მასის ინდექსი და საკვები პროდუქტები“ ფინალური სემინარი.
პროექტს ხელმძღვანელობდა პროფესორი მარინა ნაგერვაძე, თანახელმძღვანელი იყო ბიოლოგიის უფროსი მასწავლებელი ლიანა ქოიავა, ხოლო ასისტენტი - შორენა გაბაიძე.
პროექტის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებში ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სხეულის მასის ინდექსის (BMI) მნიშვნელობის გააზრება და კვებითი ჩვევების გავლენის შესწავლა ჯანმრთელობაზე. კვლევის პროცესში მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული მონაცემთა შეგროვების, დამუშავებისა და ანალიზის ეტაპებში.
ფინალურ სემინარზე წარმოდგენილი კვლევის შედეგები ადასტურებდა ჯანსაღი კვების, ფიზიკური აქტივობისა და სწორი ცხოვრების წესის მნიშვნელოვან როლს მოსწავლეთა ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაში. მიღებული მონაცემების საფუძველზე შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები ჯანმრთელობისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად.
პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა კვლევითი, ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნების, გუნდური მუშაობისა და პრეზენტაციის უნარების განვითარებას, ხოლო სემინარმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სკოლის, აკადემიური პერსონალისა და მოსწავლეების წარმატებული თანამშრომლობის შედეგები.
| უკან |



















