
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრმა აბიტურიენტებისთვის გამართულ ღია კარის დღეში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ, ცენტრის დირექტორმა ბადრი გეჩბაიამ, ხარისხის მართვის მენეჯერმა ჯილდა აბაშიძემ და სტუდენტებმა აბიტურიენტებს გააცნეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, სტუდენტური ცხოვრება და ის შესაძლებლობები, რასაც უნივერსიტეტი სთავაზობს მომავალ პროფესიულ სტუდენტებს.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსურველებს სთავაზობს სწავლას სახელმწიფოს სრული დაფინანსებით შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- საბიბლიოთეკო საქმე
- საექთნო განათლება
- აღმზრდელი
- ფარმაცია (სააფთიაქო)
- ბუღალტრული აღრიცხვა
ბსუ-ს სტენდთან მისულ დამთვალიერებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ დეტალური ინფორმაცია სასურველი მიმართულებების შესახებ, დაესვათ კითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა საგანმანათლებლო დაწესებულებების სივრცეები დაათვალიერეს და უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების მიერ წარმოდგენილი პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
აბიტურიენტთა ღია კარის დღე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით სასტუმრო ,,შერატონში” ჩატარდა, რომელშიც დასავლეთ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე, თბილისში მოქმედი სახელოვნებო უნივერსიტეტები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
| უკან |



















