
15 ივლისი ახალგაზრდული უნარების მსოფლიო დღეა! აღნიშნულთან დაკავშირებით ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში წარმატებით ჩატარდა მასტერკლასი „რა უნარებს ეძებს დამსაქმებელი?“.
შეხვედრა გახსნა ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორმა ბადრი გეჩბაიამ, მან სტუდენტებს ესაუბრა მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობების აუცილებლობაზე, ახალგაზრდების კარიერული ცნობიერების ამაღლებაზე, კონკურენტული უნარების განვითარებასა და შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებისთვის მზადყოფნაზე.
მასტერკლასს უძღვებოდა მერი ნამგალაძე-მარკეტინგული სააგენტო MPROF-ისა და ბათუმის ბიზნეს კლუბის დამფუძნებელი და დირექტორი, რომელმაც მონაწილეებს თანამედროვე შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარებისა და კარიერული განვითარების პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარა.
მასტერკლასის ფარგლებში განხილული იყო შრომის ბაზრის ცვლილებები, ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების გავლენა დასაქმებაზე, მუდმივი სწავლის მნიშვნელობა, რბილი და ხისტი უნარების როლი, ასევე ნეთვორქინგის მნიშვნელობა პროფესიული შესაძლებლობების შექმნის პროცესში.
პრაქტიკულ ნაწილში მონაწილეებმა პერსონალური SWOT ანალიზის საშუალებით შეაფასეს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და გამოწვევები, რაც მათ პროფესიული განვითარების მომდევნო ნაბიჯების დაგეგმვაში დაეხმარება.
| უკან |






